ჰეროსტრატეგია ანუ რატომ იწვის დედაქალაქის სავაჭრო ობიექტები ასე ხშირად.

“ქართული ოცნების” ჰეროსტრატეგია ანუ რატომ იწვის დედაქალაქის სავაჭრო ობიექტები ასე ხშირად.

ძვ.წ. VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის  სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას უკანასკნელი მეფის, კრესეს, პერიოდში მიაღწია. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალი ღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაება სარტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები _ დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წელს აშენდა. მისი აგებიდან 204 წლის შემდეგ,  ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად  გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა  ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა,  მისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო  კაცობრიობის ისტორიაში.

“ოცნების” ხელისუფლებამ  2012 წლის წინასაარჩევნო რამდენიმე ათეული დაპირებიდან ვერც  ერთის შესრულება ვერ შეძლო და ქვეყნის  ისტორიაში დარჩენა, როგორც ჩანს,  ჰეროსტატესავით სურს.

სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დამწვარი ობიექტების სიას გადახედავ. აი ისინიც:

ლილოს ბაზრობა – 2012 წლის 15 ნოემბერი;სავაჭრო ცენტრი “საბა” – 2013 წლის 26 თებერვალი;“ევროპარკი” – 2013 წლის 17 ივლისი;ბოშათა ბაზრობა – 2014 წლის 16 სექტემბერი;“ხოფას” ბაზრობა – 2014 წლის 7 დეკემბერი;ელიავას ბაზრობა – 2014 წლის 27 დეკემბერი;ისნის ბაზრობა – 2015 წლის 21 იანვარი;ელიავას ბაზრობა – 2015 წლის 4 აგვისტო;“შავი” ბაზრობა – 2016 წლის 2 აგვისტო;ბაზრობა და “ბავშვთა სამყარო” – 2017 წლის 30 იანვარი.ელიავას ბაზრობა _ 1017 წლის 2 ივლისი.

ამა წლის 23 თებერვალს, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა: “ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანა-არ გადატანის საკითხს მერია წყვეტს და ბაზრობის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უნდა აწარმოოს. ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაიხუროს ბაზრობა, ასეთი ვარიანტი არ წარგვიდგენია. გენერალური გეგმის ჯგუფი ნებართვას ვერ გასცემს ბაზრობის გადატანა-არ გადატანაზე, ეს არის მერიის პრეროგატივა, თუმცა შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში თითოეული იქ მომუშავისა და მესაკუთრის ინტერესების გათვალისწინებით. შეთანხმება უნდა მოხდეს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მესაკუთრეებს შორის. 15 მაისს დამკვეთს უნდა ჩავაბაროთ ჩვენი გეგმის საბოლოო ვარიანტი, შემდეგ დაიწყება საჯარო განხილვები. საკითხისადმი ინტერესი დიდია. მზად ვართ, ყველა შენიშვნა, რომლებსაც კონსტრუქციული ხასიათი ექნება, გავითვალისწინოთ და ავსახოთ გეგმაში… გვინდა, ქალაქის გამწვანებული ადგილები ერთმანეთს საფეხმავლო, საველოსიპედო გზებით დავუკავშიროთ. გარდა ამისა, ჩვენი სურვილია, ტრამვაი კვლავ გამოჩნდეს ქალაქში და ასეთი შეთავაზება ნამდვილად გვექნება. არ გამოვრიცხავ, შეთავაზება მეტროსთან დაკავშირებითაც გვქონდეს. ვმუშაობთ, რომ მეტრო ქალაქის პერიფერიული ნაწილისკენაც გაგრძელდეს”.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო. ახალი გენგეგმის შემუშავებამდე კი მოქმედებს 2009 წელს შემუშავებული “დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა”, რომელიც, თბილისის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებით, “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმად” დამტკიცდა.

რატომ იწვის დედაქალაქის დიდი ობიექტები ასე ხშირად? წილების გადანაწილებასთან გვაქვს საქმე თუ  ახალ მშენებლობებთან? ცდილობენ თუ არა ხანძრით პოლიტიკური თემების გადაფარვას? _ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს ვთხოვეთ.

“დაიწვა ბაზრობა და მის ადგილას  სხვა რაღაც აშენდა. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ ხანძარი მოწყობილია”

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:

_ არ მინდა, ვიფიქრო, რომ შეთქმულების თეორიასთან გვაქვს საქმე, თუმცა სხვა საკითხია ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყველა ხანძარი ქვეყნის ბიუჯეტს მძიმედ აწვება, რადგან ზარალის კომპენსირებაა საჭირო. საკითხი მოწესრიგებული არ არის, დაზღვევა არ აქვთ ობიექტებს, რაც აუცილებელია. “ბავშვთა სამყაროს” დაწვის შედეგ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ყოველი ხანძარი ეჭვს უჩენს საზოგადოებას. ვფიქრობ, ჟურნალისტური გამოძიება უნდა ჩატარდეს ხანძარის მიზეზის გასარკვევად. სანამ ყველაფერი არ გამოაშკარავდება, ეჭვი სულ იქნება.

დაიწვა ბაზრობა და მის ადგილას სხვა რაღაც აშენდა. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ ხანძარი მოწყობილია. არის მეორე შემთხვევაც – წილების გადანაწილება, შესაძლოა, რამდენიმე მეპატრონე გაჩნდეს და ეს უკვე კრიმინალია. კრიმინალს კი მოტივი აქვს და გაცილებით დიდ დანაშაულთან მიგვიყვანს. თემა აუცილებლად შესასწავლია და, რასაც ვამბობ, თუ დადასტურდა, მძიმე შედეგი მოჰყვება.

წინასწარ მიჭირს თქმა, ხელისუფლებაში მყოფი ინტერეს ჯგუფების მიზან მიმართულ მოქმედებასთან გვაქვს თუ არა საქმე, თუმცა ამის გამოძიება ჟურნალისტებს შეუძლიათ.

ხელისუფლებამ უნდა დაიკისროს პასუხისმგებლობა, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი დაზღვეული იყოს.

_ ბატონო გია, დედაქალაქის გენგემის ავტორები ამბობდნენ, ელიავას ბაზრობის ადგილას რეკრეაციული ზონა უნდა მოეწყოსო.  აქდან გამომდინარე, როგორც დაზარალებულებმა თქვეს,  დაზღვევა ამ წელს აღარ განუახლებიათ.  რეკრეაციულ ზონაზე საუბარიც ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა, ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინა ვიღაცამ…

_ არ ვიცნობ გენგეგმას; არ ვიცი, რა განცხადებები გაკეთდა, მაგრამ ქვეყანა არასერიოზულად გამოიყურება და არამხოლოდ ამ მიზეზით _ ჩვენ პრობლემები გვაქვს ბევრი მიმართულებით.

_ ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლება ხანძრით მნიშვნელოვანი პოლტიკური თემის გადაფარვას ცდილობს ხოლმე…

_ თემის გადაფარვა ხანძრით მეტისმეტად ოდიოზური მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან ინფანტილურია და სისულელეს სისულელეზე აკეთებს. თემის გადაფარვა თუ სურთ, გამოიყვანონ ჯეჯელავა და ნებისმიერი თემა გადაიფარება. ჯეჯელავას ერთი წუთიანი გამოსვლა მთელი თვის სალაპარაკოს გვაძლევს.

“მაოცებს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლების სახეები – ვითომ არიციან, ვინ და რატომ  დაწვა შენობა”

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოშლილია, არავინ იცავს სახანძრო უსაფრთხოების წესებს. პატარ-პატარა მაღაზიებში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. დიდი ხანია, საუბრობენ, რომ ელავას ბაზრობა უნდა გადაიტანონ და იქ დასასვენებელი ადგილი მოაწყონ. არავინ ფიქრობს იმაზე, სად უნდა წავიდეს ის ხალხი, რომელსაც სამშენებლო მასალა სჭირდება. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობა ძალიან მოუწესრიგებელია და მას მოწესრიგება სჭირდება. ბოლო პერიოდში ხანძარი ბაზრობებს შეეჩვია და საეჭვო ამიტომაც არის. “ბავშვთა სამყარო”, ძალიან მყარად ნაგები შენობა, როგორ შეიძლებოდა, ასე უმოწყალოდ დამწვარიყო, გაუგებარია. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ხანძარში ვიღაცის ხელი ურევია. მეეჭვება, ელიავაზეც თავისით გაჩენილიყო ხანძარი.

ქვეყანას უამრავი დაზარალებული ჰყავს. სახელმწიფო ვალდებულია, ყველა მოვაჭრე აიძულოს, დააზღვიოს საქონელი, მაგრამ თვითონ ხელისუფლება ბანდიტებით არის სავსე და სადაზღვევო კომპანიებიც ბანდიტები არიან. ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი. მაგალითად, ახლა, ხანძრის მომენტში მეხანძრეებს წყალი არ ჰქონდათ და ახლო-მახლო ჭაც არ აღმოჩნდა. გამოდის, რომ იმ ტერიტორიისთვის სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია და პრევენციული ზომები მიღებული არ იყო. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება და ამ გამოცდილებას არ გაითვალისწინებენ.

მაოცებს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლების სახეები – ვითომ არ იციან, ვინ და რატომ დაწვა შენობა. ყველა ხანძარი შეკვეთილია, ბანდიტებს ქირაობენ და აწვევინებენ ყველაფერს, რასაც თვალს დაადგამენ. ხანძრის გაჩენამდე იციან, რა აშენდება დამწვარი შენობის ადგილას.

“ხანძარი ჩნდება იქ, სადაც არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები”

სოსო მანჯავიძე, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი:

_ ხუმრობა ამ შეთხვევაში გამართლებული არ არის, რადგან ყოველი ხანძრის უკან დაზარალებული ადამიანები დგანან, მაგრამ მაინც მახსენდება ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტადან” ერთი სიუჟეტი _ კოროვიოვი და ბეჰემოთი პრიმუსით რომ დადიან და ობიექტებს წვავენ…

ხანძარი ჩნდება იქ, სადაც არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები და არის ადვილად აალებადი საგნები. ხანძარი ათასნაირ მითქმა-მოთქმას იწვევს, ზოგი სასაცილოა, ზოგი სიმართლესთან ახლოსაა, მაგრამ ფაქტია: სამართლადამცავების მიმართ საზოგადოებას ნდობა დაკარგული აქვს.

_ თქვენ საკრებულოს წევრი ბრძანდებით და უკეთ გეცოდინებათ…  შესაძლოა, რომ ხანძარი დედაქალაქის გენგეგმის  გამოიყოს გამოწვეული? ელიავას  ბაზრობის ადგილას რეკრეაციული ზონის გაკეთება უნდათ…

_ გენგეგმის ჯგუფს მართლაც აქვს სურვილი რეკრეაციული ზონის გაკეთების, ინვესტორსაც ეძებენ. გეგმა კარგია, სარეკრეაციო ზონაც კარგია, მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთებას, პირველადი მონაცემებით, 300 მილიონი ლარი დასჭირდება და ადგილიც არ არის ისეთი, რომ გაკეთდეს. თანაც, არ ვიცი, საქართველოს უახლოეს მომავალში როგორ წარმოუდგენიათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ასეთი ძვირად ღირებული პროექტი.

ხანძრის გაჩენა იმის გამო, რომ დამწვარი ტერიტორიის ადგილას სარეკრეაციო ზონა გაკეთდეს, ნორმალური საქციელი არ მგონია. იმედს ვიტოვებ, რომ ხანძრის მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ ეს საქმეც, სხვა დანარჩენივით, გამოუძიებელი არ დარჩება; წინააღმდეგ შემთხვევაში, უამრავი ბრალდება იქნება და ეს ხელისუფლებისთვის კარგი არ არის, მას ისედაც ბევრი პრობლემა აქვს.

მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა
Geworld.ge.