“ამ ქვეყანაში თუ წვიმს ან გვალვაა, ბიძინა ივანიშვილის ბრალია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიგა ბუკიას თქმით, საქართველოში ყველაფერ ნეგატიურს, რაც ხდება, ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ბუკია ტელეკომპანია „რუსთავი 2″-თან საუბარში გამოეხმაურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

„ამ ქვეყანაში თუ წვიმს, ბიძინა ივანიშვილის ბრალია, თუ გვალვაა, ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია მუდმივად, ყველაფერს, რაც კი ამ ქვეყენაში ხდება და მათ შორის, შესაძლო დანაშაულს თუ ვინმე სადმე ჩაიდენს და ამაზე პასუხს მოსთხოვენ, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბრალი.

სინამდვილეში რა ხდება, ძალიან მარტივად არის საკითხი: ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც გენერალური დირექტორი იყო გვარამია, როგორც ჩვენ გვახსოვს, თანამონაწილეები დავობდნენ და მათ შეიტანეს საჩივარი, რომ რაღაც ფინანსურ დარღვევებზე ჰქონდათ ეჭვი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ვალდებული იყო საქმე აღეძრა, დაეწყო მოკვლევები.

თუ რამე კითხვის ნიშანი არსებობს და თუ ეს კითხვის ნიშნები ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში არავინ უნდა იყოს ხელშეუხებელი,” – ამბობს გიგა ბუკია.

ავტორი: გურიის მოამბე