საპატრიარქო ბიზნესით არის დაკავებული და დუმს დავითგარეჯზე.

საპატრიარქოში მიმდინარე საეჭვო პროცესებზე ტაბუ უკვე დიდი ხანია მოიხსნა და საზოგადოების დიდი ნაწილი ეკლესიის დაფინანსების მანკიერ პრაქტიკაზე დიდი ხანია საუბრობს. მართლაც მიუხედავად ადამიანის მორწმუნეობისა და რელიგიურობისა, აშკარად თვალშისაცემია საპატრიარქოს დაფინანსების თუ პრივილეგიების საკითხი. ალბათ მავანი იტყვის – რა თქმა უნდა, დედა ეკლესიას ფინანსების მოძიების პრობლემა არ უნდა ჰქონდესო და სხვა ნებისმიერი პრივილეგიითაც უნდა სარგებლობდესო. თუმცა, ეკლესიის დაფინანსება და რწმენას ამოფარებული ბიზნესი უკვე საგანგაშო ხასიათს ატარებს.

აქვე ყურადსაღებია ეკლესიის ჩართულობის მასშტაბები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დეკლარირებულად საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესიას საერო ცხოვრებაში მით უფრო პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შეზღუდული უფლებები აქვს – იგივე ვითარებაა პირიქითაც, სახელმწიფოც არ უნდა ერეოდეს ეკლესიის შიდა სამზარეულოში. თუმცა სეკულარიზმის იდეის სრულყოფა და მისი ყოველდღიურობაში განხორციელება არ ხდება, რის დასადასტურებლად უამრავი ფაქტი არსებობს. საბიუჯეტო დაფინანსება, მიწების საპატრიარქოსთვის გადაცემა, წილები ბიზნესში, ბიზნესად ქცეული სასულიერო მომსახურება და ა.შ.

საბიუჯეტო დაფინანსება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მე-5 მუხლში, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები არის განსაზღვრული, ერთ-ერთი მიმართულება სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტის სახით არის წარმოდგენილი. კერძოდ, ახალგაზრდების ქრისტიანული ღირებულებებით აღზრდისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში) საქართველოს საპატრიარქოს 70-ზე მეტი საგანმანათლებლო-კულტურული და საქველმოქმედო ორგანიზაციის (სასულიერო აკადემიები და სემინარიები, უნივერსიტეტი, სკოლა-გიმნაზიები, დედათა და ბავშვთა სახლები, ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონები, სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრი, პროფესიული კოლეჯი და სახელობო სასწავლებლები) დაფინანსება.

თავის მხრივ, საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსება 25 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ფინანსები კი, გადანაწილებულია შემდეგნაირად (თანხა წარმოდგენილია ათას ლარებში): სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი – 14,683; ა(ი)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი – 295.0; ა(ი)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისთვის გადასაცემი გრანტი – 1,768; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი – 959.0; საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი – 261.0; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 447.0; წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი 230.0; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი 2,000; საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი – 2,304; ა(ა)იპ – სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი – 100,0; საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები – 800.0; ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი – 500.0; ა(ა)იპ – ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი 653.

დაუთვლელი ზიანი – საბჭოთა რეჟიმის ზიანის კომპენსაცია

როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებაზეა საუბარი, ხშირად ისმის კითხვები სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ვალდებულების აღების დასაბუთებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების დასაბუთებას, ეკლესია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლით ხსნის. მითითებულ მუხლში აღნიშნულია, რომ “სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში) სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე”.

გარდა ამისა, ასევე, მნიშვნელოვანია 2014 წლის 27 იანვარს მიღებული მთავრობის დადგენილება. აღნიშნულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანს. იქვე განსაზღვრულია, რომ “საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება დაზარალებული რელიგიური გაერთიანების ან თემის აღმსარებლობითი მემკვიდრეობის მქონე ერთ რელიგიურ გაერთიანებას”.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2014 წელს რელიგიური გაერთიანებებისთვის ზარალის ანაზღაურების ფარგლებში გასაცემი თანხა განისაზღვრა 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლისთვის 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. 2014 წელს, საქართველოს მუსლიმი თემისთვის გადარიცხული თანხა შეადგენს 1 100 000 ლარს, იუდეური თემისთვის – 150 000 ლარს, რომაულ-კათოლიკური თემისთვის 200 000 ლარს, ხოლო სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემისთვის 300 000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზემოთ მოყვანილი სახით საპატრიარქოსთვის გამოყოფილი სახსრები დისკრიმინაციულია და ჩნდება ეჭვები იმის შესახებ, რომ ასეთი მეთოდით ფინანსური მხარდაჭერა სამართლებრივი დისკურსიდან გადის და უფრო მეტად პოლიტიკურ დანიშნულებას იღებს, რაც სახელმწიფოს მხრიდან, ეკლესიაზე პოლიტიკური გავლენის გაზრდის რისკებს შეიცავს.

ასევე, ობიექტურობა მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებას. კერძოდ, 2014 წლის 23 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა და, შესაბამისად, სინოდზე აღინიშნა, რომ ~არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ეს თანხა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნილებებს, ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებას და სოციალურ პროექტებს”, – დაფიქსირებულია წმინდა სინოდის 23 დეკემბრის სხდომის ოქმში.

ბიზნესად ქცეული რწმენა

სამეწარმეო საქმიანობა საპატრიარქომ 1997 წელს დაიწყო, საჯარო რეესტრის მონაცემებით ეკლესია 44 კომერციულ და 105 არაკომერციულ ორგანიზაციას ფლობს. აქედან ნახევარი საგანმანათლებლო დაწესებულებები, უნივერსიტეტები და სამრევლო სკოლებია. ბევრი მათგანი საეკლესიო მოთხოვნილების საგნებს არ აწარმოებს და სხვა მიზნებს ემსახურება.

საპატრიარქო ფლობს ქუთაისის რაგბის კლუბ “ბაგრატს;” შპს “თანადგომას,” რომელიც საწვავის იმპორტითა და რეალიზაციით არის დაკავებული; შპს “იბერია ბურჯს,” რომლის საქმიანობა სამშენებლო-საპროექტო სფეროს უკავშირდება; შპს “ემ.ემ.ბეს,” რომელიც ალკოჰოლური სასმელების წარმოებითაა დაკავებული და ექვს სხვა კომპანიას, რომლებიც სურსათსა და საკვებ პროდუქტებს (რძეს, თაფლს, თევზს, ხილს, ბოსტნეულს) აწარმოებენ.

კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად “ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.” გადასახადებში იგულისხმება მოგების, დამატებითი ღირებულებისა და ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ნებისმიერი კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადების შესახებ კერძო საიდუმლოებად მიიჩნევს. შემოსავლების სამსახურში არც იმას გვეუბნებიან, შეუმოწმებიათ თუ არა საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფი კომპანიები მათი არსებობის მანძილზე და აღმოუჩენიათ თუ არა იქ რაიმე სახის ფინანსური დარღვევა. პასუხი კვლავ იგივეა: ინფორმაცია კერძო საიდუმლოა და მისი მესამე პირისთვის გადაცემა კანონით არაა დაშვებული.

ასე რომ, რთულია იმის დადგენა, იხდის თუ არა შპს “თანადგომა” (რომლის საქმიანობა ნავთობის იმპორტსა და რეალიზაციას უკავშირდება) ან შპს “ემ.ემ.ბე” (ალკოჰოლური სასმელების წარმოება) კანონით დადგენილ გადასახადებს თუ მათი საქმიანობაც “საეკლესიო მოთხოვნილების საგნების წარმოების” კატეგორიაშია გაერთიანებული და ისინიც კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ.

ეკლესიის პრივილეგიები

აღსანიშნავია, რომ დაფინანსების გარდა, მართლმადიდებელი ეკლესია და ასევე კერძო პირები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული საგნების რეალიზებას ახდენენ, სარგებლობენ საგადასახადო (მოგების, დღგ, ასევე ქონების გადასახადი) შეღავათებით, რომელიც სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე არ ვრცელდება.

ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, აუდიტის სამსახურს საქართველოს საპატრიარქოს შემოწმების უფლება არ აქვს. აუდიტს მხოლოდ საპატრიარქოს ინიციატივის საფუძველზე შეუძლია შევიდეს და ჩაატაროს ხარჯების მიზნობრიობის შესახებ გამოკვლევა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია, რაც საპატრიარქოს ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ ნეგატიურ ეჭვებს ამძაფრებს იმდენად, რამდენადაც მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს, რომელიც სახელმწიფო ფინანსების მიზნობრიობაზე არის პასუხისმგებელი, პრაქტიკულად, წართმეული აქვს მთავარი მოვალეობის განხორციელების უფლება.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოსთვის მინიჭებული პრივილეგიები და სახელმწიფოს მხრიდან ქონების უსასყიდლოდ გადაცემის პრაქტიკა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია და ამ საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის წარმოებაში მიიღო.
კერძოდ, 2017 წლის 11 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა სხდომა საქმეზე: სსიპ “საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია”, ააიპ “საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ “ქრისტეს ეკლესია”, სსიპ “საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ “მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ “ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ “ქართველ მუსლიმთა კავშირი” და სსიპ “წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.

მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ საქართველოს საპატრიარქოსთვის სადავო ნორმით დაწესებულ შეღავათებს, რითაც საქართველოს საპატრიარქო გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდისგან, აგრეთვე, საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრების და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საპატრიარქოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან შედარებით, რის გამოც ილახება კონსტიტუციის მე-14 მუხლი გათვალისწინებული თანასწორობის უფლება. სარჩელის არსებითად მიღების საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის “დე” ქვეპუნქტის სიტყვების, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის სიტყვების, მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტქის სიტყვების, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიმართებით. აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობს და, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს.
infonevs.ge.