დიდი სამთავრობო წმენდის პარალელურად მმართველ გუნდში დიდ დაჭერებსაც ელოდებიან – მთავარი მეოცნებე კორუმპირებულების აწიოკებას გეგმავს.
მართალია, ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძე შეძლებისდაგვარად გაანეიტრალა, მაგრამ ის მის მთავარ თავის ტკივილად რჩება. ამერიკელების მიერ მხარდაჭერილ ბიზნესმენს პარტია ჯერ არ შეუქმნია, მაგრამ რეგიონებში “ოცნების” წევრების ნაწილი მასთან აპირებს გადაბარგებას. ამის შესახებ მმართველ გუნდშიც შესანიშნავად იციან და ამიტომაც არის, მამუკა ხაზარაძეს რომ თავს რისხვას ატეხენ. მიზეზები სხვაც აქვთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი უმთავრესია. პარტიის რიგითი წევრების გარდა, ხაზარაძის ანუ მდიდრების პარტიაში შეიძლება “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნებიც აღმოჩნდნენ. გიორგი კვირიკაშვილის და აწიოკებული ბანკირის თანამშრომლობის შესახებ ყველასთვის არის ცნობილი. მათ პოლიტიკური ძმობა ერთმანეთს ჯერ კიდევ გასულ წელს შეჰფიცეს. ბანკირის პოლიტიკური ძმადნაფიცი თავადაც აპირებდა პარტიის შექმნას და მდიდრების გაერთიანებაში შეიძლება არ შევიდეს.
“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ მდიდრების პარტიაში შეიძლება ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულიაც ვიხილოთ.
ეს უკანასკნელი ეკონომიკის მინისტრად გასული წლის ზაფხილში დანიშნეს. ის უშუალოდ მამუკა ბახტაძემ ჩამოიყვანა მოსკოვიდან. რამდენიმე თვის წინ იმავე ბახტაძემ მოსთხოვა ქობულიას, პოსტი შენი ნებით დატოვეო. პრემიერმა ასეთი ბრძანება ივანიშვილისგან მიიღო.
ქობულია თავიდან გაჯიუტდა და პრემიერს უთხრა, თუ მაგარი ხარ, მომხსენიო. იმან ფეხი მოუქნია. ზოგიერთი წყარო ამბობს, ამოარტყა კიდევაცო. ასე იყო თუ ისე, ქობულია წავიდა. “ოცნების” კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, მას ხაზარაძესთან ვიხილავთ. ფული არც მას აკლია და მდიდრების პარტიაში ამაყად შევა. მდიდრების პარტიაში “ოცნების” კიდევ რამდენიმე მინისტრი შეიძლება ვიხილოთ, მათ შორის მოქმედი მინისტრებიც. მმართველი პარტიის კულუარებში ძალიან აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილი მთელი მთავრობის გაშვებას აპირებს. აქამდე ის მხოლოდ პრემიერის და რამდენიმე მინისტრის შეცვლას აპირებდა, მაგრამ ბოლო დროს გაუფასურებულმა ლარმა და ხელისუფლების რეიტინგის ვარდნამ “ოცნების” ლიდერს სხვა გადაწყვეტილება მიაღებინა. სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ მან მთავრობას კატეგორიულად მოსთხოვა სიტუაციის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყველას სახლში გაშვებით დაემუქრა. მათ შორის მაია ცქიტიშვილსაც, რომელიც მისი ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება და ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მომავალ პრემიერადაც მოიაზრებდნენ.
როგორც “ოცნებაში” ამბობენ, მთავარი მეოცნებე ისეა გაცეცხლებული, შესაძლოა, მის მარჯვენა ხელს, გიორგი გახარიასაც კი შეელიოს.
ჯერ ისევ მოქმედ მთავრობაში რამდენიმე ოფიციალური მილიონერი მინისტრი გვყავს. ამდენად, ისინი მდიდრების პარტიის კრიტერიუმს კარგად დააკამყოფილებენ.ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადახტომა ჩვენში ჩვეულებრივი ამბავია და ერი არც ამათ დაუძრახავს, თუ “ოცნებიდან” გამოყრის შემდეგ ახალ ქოლგას მოძებნიან. მოსალოდნელ სამთავრობო წმენდაზე უკვე სერიოზულად საუბრობენ მმართველ პარტიაში. შესაბამისად, ვიღაცებს მინისტრის პოსტების დაკავების სურვილმა შეუღიტინა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში არცერთი შეღიტინებულის შეყვანას არ აპირებს. განსაკუთრებით იმათ უყურებს ალმაცერად, ვისაც მაღალი თანამდებობა უკვე ეკავა. და კიდევ, დიდი სამთავრობო წმენდის პარალელურად მმართველ გუნდში დიდ დაჭერებსაც ელოდებიან. “ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ მთავარი მეოცნებე კორუმპირებულების აწიოკებას გეგმავს და ბევრ მათგანს შეიძლება სულ კაპიკ-კაპიკ მოუწიოს უკან მოპარული ფულის მოტანა. ამ გზით ივანიშვილი დაცემული რეიტინგის ამაღლებას შეეცდება. თან წინ საპარლამენტო არჩევნებია, სადაც მას აშშ-ს მხარდაჭერილი მდიდრების პარტია დიდ წინააღმდეგობას გაუწევს.
ახალი თაობა.
ბოლოდროინდელი მოვლენები, შეიძლება ითქვას, მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. თუ გავიხსენებთ გაზაფხულზე პანკისში გამწვავებულ ვითარებას, გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში ჩაბრძანებას, რაც 20-21 ივნისის აქციის დარბევითა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმით გაგრძელდა, ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება დარჩეს ბევრს, რომ ხელისუფლება ან ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ დგამს, ან მიზანმიმართულად უწყობს კრიზისული სიტუაციის შექმნას ხელს. ამას დაემატა ეროვნული ვალუტის უკიდურესად გაუფასურება, რამაც მოსახლეობა კიდევ უფრო დიდ პანიკაში ჩააგდო. ამ საკითხებზე გაზეთ “კვირის პალტრასთან” ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე
-0:15
საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
– მიჭირს იმის დაჯერება, რომ ხელისუფლებაში ვინმე მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში ვითარების დაძაბვას. სახელისუფლებო კულუარებში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ გარედან ისე ჩანს, რომ ხელისუფლებაში ქაოსი და დაბნეულობაა, გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, ყველაფერი ჩამოკიდებულია ერთ კაცზე. იმაზე ვართ დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილი როდის
მოიცლის საქვეყნო საქმეებისთვის. რა გასაკვირია, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის, მით უფრო არა აქვთ პასუხები კითხვაზე, რა იქნება ხვალ-ზეგ; არა აქვთ იმიტომ, რომ კონკრეტული სფეროს ხელმძღვანელმაც კი არ იცის, რა გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება მოუწიოს.
ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლება ამ ქაოსს შესაძლოა იმიტომ უწყობს ხელს, რომ მისი მართვით ძალაუფლების შენარჩუნება შეძლოს, ანუ სწორედ მართვადი ქაოსით ცდილობდეს ქვეყანაში პოლიტიკური ძალების პოლარიზაციის გაღრმავებას…
…
– მოყოლებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან, რომლის წინაც ბიძინა ივანიშვილი დიდ ცვლილებებს დაგვპირდა, იყო მოლოდინი, რომ მართლაც დაიწყებოდა რეფორმები, რაც პოლიტიკურ დღის წესრიგს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, თუმცა გავიდა ხანი და არაფერი ჩანს… მაინც რა რესურსი რჩება მმართველ ძალას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის?
– როგორი პარადოქსიც უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი საპირწონე “ნაციონალური მოძრაობაა”, “ქართულ ოცნებას” მინიმალური რესურსი იმისა, რომ ვითარება შეცვალოს, ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ის დღითი დღე მცირდება. ხელისუფლებას საფუძვლიანი და დიდი რეორგანიზაცია სჭირდება.ქვეყანაში უპირველესად ქაოსი უნდა აღმოიფხვრას და ქვეყნის განვითარების კონტურები გამოჩნდეს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პრემიერობიდან გადადგა, სულ ვამბობ, რომ ეს იყო შეცდომა და რაც დრო გადის, ეს უფრო თვალსაჩინო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მისდამი ჭარბი ნდობა ჭარბმა უნდობლობამ შეცვალა, დარწმუნებული ვარ, თუ ივანიშვილი იტყვის, პრემიერობა გადავწყვიტე, მთავრობას სათავეში ვუდგებიო და წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, საზოგადოების განწყობა კვლავაც დადებითისკენ შეიცვლება.
გარდა ამისა, როგორც ყველა სახელისუფლებო ძალას, მასაც საკუთარ საარჩევნო ყულაბაში აქვს საკმაოდ მასშტაბური სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელთა ხმები. ეს განსაკუთრებით დაასხამს მის წისქვილზე წყალს, თუ დღევანდელი საარჩევნო სისტემა შენარჩუნდა. ამას კი, ვფიქრობ, “ქართული ოცნება” შეეცდება და ამაში “ნაციონალური მოძრაობაც” დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დაანებონ ამ ორ ძალას ოპოზიციურმა სპექტრმა და საზოგადოებამ. kvirispalitra.ge.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი