რას გულისხმობს ნატოს ახალი გეგმა რუსეთის შესაკავებლად – როგორ აისახება ეს საქართველოზე.

ამერიკული თვითმფრინავების გაზრდილი ინტენსივობა ევროპის საჰაერო სივრცეში და ბაზირებული რაკეტების გაზრდა.

შეთანხმება მცირე და საშუალო დიაპაზონის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს დაიდო, ხოლო 1988 წელს შევიდა ძალაში, დოკუმენტზე ხელს მაშინდელი აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი აწერენ, დოკუმენტის მიხედვით კი აკრძალვა ეხებოდა ისეთ რაკეტებს, რომლებსაც მოქმედების ზონა 500 დან 4500 კმ-მდე ჰქონდათ.

შეთანხმების შემდეგ, ცივი ომის ორი მთავარი მონაწილის ათასობით სამხედრო მოწყობილობები იქნა განადგურებული , რის შედეგადაც მათი ბირთვული არსენალი საკმაოდ შემცირდა.

შეთანხმების მიზეზი ის გახდა, რომ მსოფლიოს დიდ ნაწილში საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი და ანტიამერიკული ძალები უპირატესობას ფლობდნენ, ისინი იბრძოდნენ ანგოლაში, ეთიოპიაში, კამბოჯაში, ავღანეთში, მანამდე კი სსრკ-ს მოგებული ჰქონდა ვიეტნამის ომი და ასევე ირანში მოახდინა ისლამური რევოლუცია, ამით კი აშშ ნელ-ნელა წამგებიან პოზიციაზე დგებოდა, რის გამოც ვეღარ იცავდა თავის პარტნიორ ქვეყნებს.

აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი კარგად აცნობიერებდა იმ საფრთხეებს, რაც ელოდებოდა, მისივე „ბოროტების იმპერიად” წოდებულ საბჭოთა კავშირის მხრიდან და ამ აგრესიის შეკავების ერთადერთი გზა კი, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება რჩებოდა.

მას შემდეგ, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა და აშშ-მ რუსეთი ხელშეკრულების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს, ნატოს ახლანდელმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2018 წლის თებერვალში მოსკოვს მოუწოდა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულების პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნატო თავდაცვითი ხისტი ხასიათის ზომებს მიიღებდა.

2 აგვისტოს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებ გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, საერთაშორისო ბირთვული ძალების მცირე და საშუალო რადიუსიანი რაკეტების ლიკვიდაციის შეწყვეტის შესახებ.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც.

„შეერთებული შტატები ვერ იქნება ხელშეკრულების მხარე, როდესაც ამას სხვები არღვევენ, ამაში კი რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა.”-წერს მაიკ პომპეო ტვიტერზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მცირე და საშუალო დიაპაზონის რაკეტებს ევროპის ქალაქებამდე მიღწევა შეუძლიათ, ხელშეკრულების დარღვევას რუსეთის მხრიდან კი, აკრძალული რაკეტების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესაძლო განლაგებით ხსნიან.

დასავლეთის თქმით, რუსული რაკეტა 9M719 არღვევს შეთანხმების პირობებს, ხოლო ოფიციალური მოსკოვი კი ხელშეკრულების დარღვევაში ვაშინგტონს ადანაშაულებს,იგი აშშ-სგან უპილოტო საფრენი აპარატებისა და სახმელეთო დანადგარების MK-41-ის განადგურებას ითხოვს.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ შეთანხმების ოფიციალურად შეწყვეტას შეპირებულად პასუხობს, მისი თქმით, ალიანსმა შეათანხმა გეგმა, რომელიც რუსეთს ახალი რაკეტების შესაძლო განლაგებას აწონილად და პასუხისმგებლიანად დაუპირისპირდება და რომელიც თავდაცვითი ხასიათის იქნება, რადგან რაკეტა 9M719-სგან მნიშვნელოვანი რისკები გამომდინარეობს.

ალიანსის დიპლომატები კი რუსეთის საპასუხო ზომებზე ალაპარაკდნენ, მათი თქმით, გაიზრდება აშშ-ში ბაზირებული რაკეტების რაოდენობა, ასევე მოიმატებს ამერიკის ისეთი თვითმფრინავების ფრენების ინტენსივობა ევროპის საჰაერო სივრცის გარშემო, რომლებსაც ბირთვული ბომბების ტარება შეეძლებათ, ხოლო ნოემბერში კი აშშ საშუალო დიაპაზონის რაკეტის გამოცდასაც გეგმავს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან”,რაკეტა 9M719-ის შესაძლებლობებზე და ნატოს საპასუხო ზომებზე საუბრობს.

„აღნიშნული 9M719 რაკეტა ითვლება მცირე სიშორის ბალისტიკურ რაკეტად, თუმცაღა მისი მონაცემების მიხედვით, ის უფრო საშუალო სიშორისაა იმიტომ, რომ ამ რაკეტის დაფარვის ზონა წარმოადგენს 800 დან 900 კილომეტრამდე და მცირე სიშორე 500 დან 1000 კილომეტრის ზემოთ ითვლება, ეს იყო შეთანხმების დარღვევის მთავარი მომენტი რუსეთის მხრიდან.

„რა თქქმა უნდა, საუბარი არ არის მხოლოდ ამ რაკეტაზე, რუსები გადავიდნენ ჰიპერ სიდიდის სარაკეტო კომპლექსებზე, რომლებიც უკვე ბალისტიკური სტრატეგიული დანიშნულების სიშორეს აღწევს. ამიტომ გამოვიდა ამერიკა ამ ხელშეკრულებიდან, რომ რუსეთმა ამ ქმედებით დაარღვია აღნიშნული.

„ნატოს ჰქონდა იდეა შეექმნა თავისი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, ამაზე მიდიოდა საპილოტე პროექტის განხორციელება, შემდეგ 2001 წელს ამერიკელებმა დაიწყეს საკუთარი ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებების შექმნა, ნატომ ეს პროექტი კი შეაჩერა, რომელსაც ახლა ამის რეანიმაციას აპირებს.”-თქვა ექსპერტმა.

მაისაია ნატოს გენერალური მდივნის ბოლო განცხადებასაც გამოეხმაურა.

„იენს სტონტელბერგმა აღნიშნა, რომ არ ჩაერთვება რუსეთს შეიარაღებულ რბოლაში, ნატო აპირებს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის შემდგომ განვითარებას და შეჩერებული პროექტის განხორციელებას.

„იმის თქმა, რომ ევროპის თავზე ბომბდამშენები იფრენენ, ეს არის კლასიკური ბირთვული დაშინების პოლიტიკა, რომელიც ნატომ ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში შეიმუშავა, ბირთვული დაშინების პოლიტიკა კი ის არის, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს გაუქრეს ყოველგვარი სურვილი, რომ გამოიყენოს თავისი ბირთვული ტრეადის არსენალი.

„ბირთვული დაშინების პოლიტიკა რა თქმა უნდა შავი ზღვის აკვატორიასაც ეხება, ასევე ბალტიის ზღვის აკვატორიებს, ეს კი საქართველოზე იმოქმედებს. რუსები ალბათ ამას უპასუხებენ იმით, რომ კუთვნილ ტერიტორიებზე შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო და საჰაერო დანიშნულებით განათავსებენ სტრატეგიული დარტყმითი შეიარაღებას, რათა ამ სტრატეგიას რაღაცა დაუპირისპირონ. დიდი ალბათობაა იმისა,რომ ოკუპირებული ტერიტორიებიც რუსეთის მხრიდან ჩაერთონ სტრატეგიული შეიარაღების ამ რბოლაში.”-ამბობს იგი.

ექსპერტი აშშ-ს ნოემბერში დაგეგმილ რაკეტების გამოცდაზეც საუბრობს.

„საუბარია ზებგერითი სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც მათ უკვე გამოსცადეს, რომელსაც ჰქვია „ავანგარდი” მათ გააჩნიათ 5-6 მახი სიჩქარე და საკმაოდ მანევრირებადია, მისი მანევრის ზონა კი 3000 დან 4000 კილომეტრამდეა და როგორც ჩანს ეს რუსეთის პასუხია.

„ნატო დეკემბერში ლონდონის სამიტზე ალბათ ამ ბირთვული შეკავების სტრატეგიას დაამტკიცებს იმიტომ, რომ ნატომ ბირთვული დაგეგმარების კომიტეტი აამოქმედა შექმნა მისი სამუშაო ჯგუფი და ამ კუთხით უკვე მიდის მუშაობა.

„რუსეთმა იმიტომ თქვა უარი ხელშეკრულებაზე, რომ ალბათ ჩათვალა, რომ ნატოს გაფართოება ავნებს მის სამხედრო-გეოსტრატეგიულ ინტერესებს და მას მხოლოდ ისღა დარჩა შეეკავებინა აღნიშნული პოლიტიკა ამ კომპონენტების დარღვევის ხარჯზე”, – განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან”.
თამთა ჩაჩანიძე
resonancedaily.com