EMC მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, დაიწყოს მოლაპარაკებები რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან, ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. 

“2020NEWS”  აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

“საქართველოს რკინიგზაში კოლექტიური შრომითი დავა მიმდინარეობს. დასაქმებულები ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ ძირითად პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის, რომელთა ხელფასიც 1500 ლარს არ აღემატება.

ამ დრომდე ვერ ხერხდება მოლაპარაკებების დაწყება პროფკავშირისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. 9 ივლისს, დავის მოგვარების მიზნით, რკინიგზის ახალმა პროფკავშირმა, რომელიც რკინიგზაში დასაქმებულ 1000-მდე ადამიანს წარმოადგენს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა პროცესში მედიატორის დანიშვნის თაობაზე. 22 ივლისს სამინისტრომ შემათანხმებელი პროცედურის დასაწყებად დანიშნა მედიატორი, რომელიც შეხვდა პროფკავშირის წარმომადგენლებს, თუმცა ვერ მოახერხა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლობასთან შეხვედრა, რის გამოც 31 ივლისს შეწყვიტა მედიაციის პროცესი. მედიაციის წარუმატელი მცდელობის გამო, 10 აგვისტოს რკინიგზის ახალი პროფკავშირი გაფიცვის თარიღის დასახელებას გეგმავს. 

რკინიგზაში დასაქმებულებს ხელფასი ბოლოს 2014 წელს, გაფიცვის შედეგად გაეზარდათ. ხოლო დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი 2012 წლიდან არ მომატებია. დასაქმებულთა ერთ-ერთ მთავარ წუხილს ხელფასების უსამართლო გადანაწილება წარმოადგენს. რკინიგზის ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, იმ დასაქმებულთა ხელფასები, რომლებიც რკინიგზის მუშაობას უზრუნველყოფენ, დაახლოებით 300-დან 1000 ლარამდე მერყეობს, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასი 900-დან 8000 ლარამდეა. პროფკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ადმინისტრაციის კადრები გაბერილია და რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება.

პარალელურად, რკინიგზის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მომდევნო წლის მარტიდან კომპანია გეგმავს იმ პირთა ხელფასის 10%-ით მომატებას, ვისი შრომის ანაზღაურებაც 1500 ლარზე ნაკლებია და 2014 წლიდან არ გაზრდილა, თუმცა რკინიგზის თანამშრომელთა უმეტესობა ამ შემოთავაზებას არ თანხმდება. ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაქმებულები ამბობენ, რომ მათი შემოსავალი რეალურად ბევრად  შემცირებულია 2012 წელთან შედარებით და 10%-იანი მატება ამ დანაკლისს ვერ აანაზღაურებს.

საქართველოს კანონმდებლობა 2013 წლიდან ითვალისწინებს კოლექტიური შრომითი დავის მედიაციის გზით გადაწყვეტას. სამინისტრო მედიატორს ნიშნავს როგორც მხარის მიერ მიმართვის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას. კანონი მხარეებს ავალდებულებს მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს.

სს „საქართველოს რკინიგზა“ სახელმწიფო კომპანიაა, რაც განსაკუთრებით საგანგაშოს ხდის მის უარს სამინისტროს მიერ დანიშნულ მედიაციაში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის კოდექსით გათვალისწინებული დავის მოგვარების მექანიზმები საკმაოდ სუსტია; მაგალითისათვის, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სახის სანქციას მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში. ამ და სხვა ნაკლოვანებების გამო, სახელმწიფო მედიაციის მექანიზმი დღემდე ვერ ჩამოყალიბდა კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების ეფექტიან ინსტრუმენტად.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, სამინისტროსთვის მიმართვიდან 21 დღის გასვლისთანავე, კოლექტიური დავის მონაწილე მხარისთვის წარმოიშობა გაფიცვის უფლება. მიუხედავად ამისა, რკინიგზის ახალმა პროფკავშირმა მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრს, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი და უზრუნველყოს საქართველოს რკინიგზის ჩართვა მმართველობის მოლაპარაკების პროცესში. საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლების მხრიდან მოლაპარაკებებზე უარის გამო, დასაქმებულების ერთადერთ გამოსავალად გაფიცვა რჩება, რაც სავარაუდოდ, რკინიგზის სრულ პარალიზებას გამოიწვევს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ხელახლა დანიშნოს დავის მედიატორი;უზრუნველყოს მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების პროცესი და დავის ორივე მხარის მონაწილეობა მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებში.იზრუნოს კოლექტიური შრომითი დავის მედიაციის მექანიზმის დახვეწაზე, რათა ის დასაქმების ადგილზე დავის მოგვარების ეფექტური მექანიზმი გახდეს.

სს „საქართველოს რკინიგზას“:

დროულად დაიწყოს მოლაპარაკება რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან და ჩაერთოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო მედიაციის პროცესში.”, – აღნიშნულია განცხადებაში.
…..
 რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გამგეობის დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა „საქართველოს რკინიგზასთან“ მოლაპარაკებებში.

დღეს უნდა განსაზღვრულიყო, კონკრეტულად როდის დაიწყებდნენ რკინიგზელები გაფიცვას, თუმცა შესაძლოა, აღნიშნულმა თარიღმა გადაიწიოს. პროფკავშირების განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ მოთხოვნების შესახებ მოლაპარაკებებზე „საქართველოს რკინიგზამ“ მზადყოფნა გამოთქვა.

„საქართველოს რკინიგზამ“ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება და თანხმობას აცხადებს მოლაპარაკებაზე. ასევე, მიმართა ჯანდაცვის სამინიტროს დანიშნოს მედიატორი. მივიჩნევ, რომ ეს არის ადეკვატური ნაბიჯი რკინიგზის ხელმძღვანელობის მხრიდან. ამ საკითხზე დღეს გამგეობა იმსჯელებს. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ადეკვატურ ქმედებას ადეკვატურად უპასუხებს, თუმცა ეს გახლავთ 19 რკინიგზელის გადასაწყვეტი, რომლებიც გამგეობის წევრები არიან. თუ გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩავერთვებით მოლაპარაკების პროცესში შესაძლოა, გაფიცვის თარიღმა გადაიწიოს და დაველოდოთ მოლაპარაკების შედეგებს“, – განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების აქციები და გაფიცვები მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაანონსდა. გაფიცვის დაწყების ზუსტი თარიღი დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ.
……

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ამ ეტაპზე გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს და „საქართველოსთან რკინიგზასთან“ მოლაპარაკებებში ჩაერთვება, – ამის შესახებ პროფესიული კავშირის გამგეობის სხდომის შემდეგ ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავიდან რკინიგზამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებში ჩართვაზე და შესაბამისად, პროფკავშირი იძულებული გარდა, უფრო რადიკალური გზებისთვის მიემართა.

ამასთან, ვიტალი გიორგაძე პოზიტიურად აფასებს რკინიგზის განცხადებას, სადაც კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს პრობლემურ საკითხზე რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთანმოლაპარაკებაზე.

„სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის სხდომა. ვიმსჯელეთ და დავადგინეთ, რომ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ამ ეტაპზე არ დაასახელებს გაფიცვის კონკრეტულ თარიღს გამომდინარე იქედან, რომ გვსურს, მოლაპარაკებები წარიმართოს ზედმეტი სტრესისა და ულტიმატუმების გარეშე. ვიმედოვნებთ, თუ რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება კეთილგონივრული და წესიერი მოლაპარაკებები წარმართული, ამ შემთხვევაში, თავიდან ავიცილებთ გაფიცვას“, – განაცხადა პროფკავშირის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, გაფიცვა უკიდურესი გზაა, ადამიანებმა საკუთარი უფლებები დაიცვან და პროტესტი გამოხატონ.

„თუ მოლაპარაკებები დაიწყება უახლოეს პერიოდში და ამის გარანტია გვაქვს, ასევე იქნება კეთილსინდისიერი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც რკინიგზისა და რკინიგზელების ინტერესების თანხვედრაში იქნება და ავიცილებთ გაფიცვას“, – აღნიშნა ვიტალი გიორგაძემ.

მისი ინფორმაციით, მედიატორის ჩართულობით, მოლაპარაკებები ორშაბათიდან დაიწყება.

„იმედია, ყველა მხარე გააკეთებს ყველაფერს, რომ თავიდან ავიცილოთ პროტესტი. სრულ მზადყოფნაშია საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, აწარმოოს საგაფიცვო პროცედურები იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს კეთილსინდისიერად, ადმინისტრაცია არ არის განწყობილი კონსენსუსისთვის. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზაციას საგაფიცვო პროცედურების კონკრეტული გეგმა აქვს“, – განაცხადა პროფკავშირის თავმჯდომარემ.
2020news.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან