მთავრობა ფასიანი გზების სისტემაზე გადასასვლელად კვლევის ჩატარებას გეგმავს.

მთავრობა ფასიანი გზების სისტემაზე გადასასვლელად კვლევის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს. 

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხის მოძიებაზე, რომელიც კვლევას მოხმარდება. სწორედ კვლევამ უნდა გადაწყვიტოს, სად, როდის და რა ფასიანი შეიძლება გახდეს ავტომაგისტრალები. 

„ფასიანი გზები არის წარმატებული ქვეყნების გავრცელებული პრაქტიკა, ვმუშაობთ შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად, რომელიც გაგვცემს პასუხს, რომელ მონაკვეთზე, რამდენი, ვისზე უნდა გავრცელდეს და ა.შ. შესაძლებელია, რომ ეტაპობრივად სხვადასხვა მონაკვეთებზე და არა მთლიანად მაგისტრალზე მოხდეს ამის შემდგომი განვითარება. 

ჯერ გამოვლენილი არ არის ვინ გააკეთებს კვლევას. საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსება იყოს გამოყოფილი. ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, რომ შესყიდვის პროცედურა დავიწყოთ კონსულტანტის შესარჩევად, რომელსაც ექნება დიდი გამოცდილება და რომელიც რეკომენდაციებს გასცემს როგორც გამოსაყენებელ სავარაუდო ტექნოლოგიებთან, ასევე მონაკვეთებთან და შესაძლო ფასებთან მიმართებაში, ასევე იმ გრძელვადიან გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა კატეგორიის ავტოტრანსპორტის ჩართვა ამ სისტემაში“, – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
bm.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან