სულიერის თვალის ახილება

ერთი თვეც და სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება, მაგრამ ისევ გაუთავებელი ექსპერიმენტების ფონზე.   დღეს კვლავაც აქტუალურია საკითხი _  სქესობრივი განათლება სკოლებში საფრთხეა თუ სასარგებლო; საჭიროა თუ არა სექსუალური განათლების სკოლაში მიღება; და ვინ უნდა ასწავლიდეს იმ საგანს,  ჭკუას რომ ურევს და თავგზას უბნევს ბავშვს _ შენი გადასაწყვეტია,  რომელი სქესის წარმომადგენელი იქნებიო?

განათლების სამინისტრომ გაეროს  სამ ფონდთან მოაწერა ხელი შეთანხმებაზე,  რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა,  ჯანსაღი ცხოვრება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა (იგივე სექსუალური განათლება _ რედ.) უახლოეს მომავალში ქართული სკოლის სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი იქნება.

განათლების მესვეურთა განცხადებით,  გაერო დაეხმარება განათლების სამინისტროს სკოლისა და კოლეჯის სასწავლო გეგმის ანალიზში, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში,  სწავლების მეთოდოლოგიების განახლებაში, მასწავლებლებისა და პროფესიული ორიენტაციის კონსულტანტების მომზადებაში და გაუზიარებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ადამიანის უფლებების,  გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელების ხელშესაწყობად ზოგადი განათლების მეშვეობითო.

არსებობს უამრავი საპირის პირომოსაზრება. მაგალითად, “სქესობრივი აღზრდის” საფრთხეზე ჩვენს  სკოლებში xareba.net. წერს, რომ ბოლო პერიოდში პრესით, ტელევიზიით თუ რადიოთი  სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები სკოლებში ახალი საგნების “მე და საზოგადოება” (III-IV კლასები) და “ჩვენი  საქართველოს” (V-VIკლასები) შემოტანაზე.  უკვე არსებობს მასწავლებლებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებშიც სხვა მრავალი საკითხის გვერდით შემოთავაზებულია, მაგალითად, შემდეგი მოსაზრებები: “მოდი, შევცვალოთ ცნობილი ზღაპრის პერსონაჟის სქესი”  ან“შენ ხარ ბიჭი, მაგრამ გინდა,  რომ იყო გოგო” ან პირიქით: “შენ ხარ გოგო და გინდა, გახდე ბიჭი”…

როგორც ჩანს, “ოჯახის დაგეგმარებისა” და სხვა მსგავსი საზოგადოებების მიერ რამდენიმე წლის წინათ სკოლებში უშედეგოდ განხორციელებული სექსოლოგიის საგნის შემოღების მცდელობის შემდეგ შეცვალეს ტაქტიკა  და დღეს სკოლებში სექსოლოგიის გაკვეთილების სხვადასხვა შენიღბული სახელწოდებით შემოღებას აპირებენ.

მშობელთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ განათლების სამინისტროს რეკომენდებული საგნები, რომლებმაც,  შესაძლოა, უზარმაზარი სულიერი და ფსიქიკური ზიანი მიაყენოს ბავშვებს,  არ შეიძლება ისწავლებოდეს.  ფსიქოლოგებიც გვაფრთხილებენ, რომ ადრეულ ასაკში “სქესობრივი განათლება” ბავშვს  ადრეული სქესობრივი ცხოვრებისკენ უბიძგებს. “სულის წარწყმედის გარდა, ამას მივყავართ იმ პოტენციამდე, მოზარდების ფეხმძიმობამდე, აბორტებამდე. გარდა ამისა, ის იწვევს ინტელექტისა და შემოქმედებითი უნარების დაქვეითებას,  ოჯახური ცხოვრებისადმი ფსიქოლოგიურ უუნარობას, ჰომოსექსუალიზმისადმი მიდრეკილებას. შედეგად, ადამიანი განიხილება უბრალოდ ბიოლოგიურ  მასად, მთლიანად უგულებელყოფილია ქრისტიანული ოჯახის, ქორწინების,  ქალწულობის ინსტიტუტი”, რაც  ჯანსაღი სახელმწიფოს საწინდარია.

“ნუ გარევთ სკოლის უწმინდესს საქმეში სხვა საქმეს, რომელიც სკოლას არ შეეფერება!”

“არანაირი მეცნიერული საფუძვლები სქესობრივი სწავლების პროგრამას არ გააჩნია. მით უფრო ასეთი სახით. ამ ამოცანას ორი ათასი წლის  განმავლობაში შესანიშნავად აგვარებდა ეკლესია.  სქესობრივი აღზრდა ოჯახში ბუნებრივად ხორციელდება, რომელიც კურთხეულია ეკლესიის მიერ.

ყოველივე ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი  ეკლესიის სწავლებას, ჩვენი  ერის კულტურას, ჩვენს
ფასეულობებს”, _ წერს საიტი.

გარდა ამისა, ძირითად სასკოლო  საგნებში: ბიოლოგია, ზოოლოგია,  ანატომია… ბავშვებს  საკმარისი ცოდნა  მიეწოდებათ ამ საკითხზე. ჩვენი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები აწვდის მოზარდს ნამდვილი ვაჟკაცობის,  ერთგულების, სიყვარულის, სიფაქიზის,  წმინდა იდეალების შესახებ  ინფორმაციას, რომლებიც სრულ  წინააღმდეგობაშია იმ შეხედულებებთან, რომელთა შემოთავაზებაც ხორციელდება დღეს ოჯახის დაგეგმარების, განათლების სამინისტროსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

“წმინდა წერილი ბრძანებს: “რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს  არსმისა, დამო–თუ–იკიდოს წისქული ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა” (მათ. 18. 6).

ბავშვები უნდა აღიზარდონ რელიგიურ  და ეროვნულ ტრადიციებზე, ჯანსაღ ატმოსფეროში. მშობლები მოვალენი არიან, შეუქმნან შვილებს ზნეობრივად ჯანსაღი გარემო საკუთარ ოჯახში,  საზოგადოებაში. ეს იქნება გარანტია საიმისოდ, რათა ბავშვი სრულფასოვანი მოქალაქე გახდეს”, _  წერს xareba.net.

ჩვენი ქვეყნის მესვეურნი კი კვლავაც განაგრძობენ “ახალი სკოლის  მოდელის” შექმნაზე მუშაობას.  როგორც განათლების მამები იუწყებიან, “ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ  სემესტრში პროექტში ჩართული სკოლების მხარდამჭერი ჯგუფების წევრების მომზადება დაიწყო. “მხარდამჭერი ჯგუფების მთავარი ამოცანაა, სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა–სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარონ. ჯგუფები 4 წევრისაგან შედგება: კურიკულუმის განვითარებისა  და დაგეგმვის ექსპერტი, ასისტენტი,  ტექნოლოგიების ექსპერტი და საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტი. ისინი I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით იმუშავებენ შემდეგი  ძირითადი მიმართულებებით: სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა,  სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება  სწავლა–სწავლების პროცესში”.

კურიკულუმმა და ქოუჩინგმა არ დაგაბნიოთ. პირველი იგივეა, რაც სასწავლო გეგმა, ხოლო  მეორე _ პროცესი მოსწავლესა და ქოუჩს შორის.  ვინ არის ქოუჩი? “არ არის მასწავლებელი. ჭკუის სწავლება აქტიურობას აფერხებს.  ქოუჩი არ არის გურუ. იგი არც ყოვლის მცოდნეა და არც მაშველი. ქოუჩი არ არის საუკეთესო ხელმძღვანელი. ის ქოუჩინგის პროცესის უფროსია და არა _ ორგანიზაციის”, _ ასეთ განმარტებას გვთავაზობს maswavlebeli.ge..

თუმცა ფრაზა: “ჭკუის დარიგება აქტიურობას აფერხებსო”, ცოტა არ  იყოს, კარგს არაფერს გვეუბნება,  მაგრამ…

* “ქართველობა, რაც შესაძლოა, ძლიერ უნდა ეტანებოდეს სკოლებსა და სასწავლებლებს ცოდნისა და სწავლა განათლების კარის გასაღებად” (“ისევ განათლების საკითხებზე”, 1889 წ. 27 ოქტომბერი).

* “სწავლა კაი კაცის ხელში სიამოვნებაა ბავშვისათვისვე, ანუ ნუ ჰგონიათ, რომ ოსტატობა ყველა წიგნის მცოდნეს შეუძლიან.  ქალი მასწავლებელი “მე კანონს ცხოვრებისას სხვას არ ვუწერ. მე ეგ ფილოსოფია ჩემთვისა მაქვს და, ხომ ჰხედავ, არც არავის ვემდური, არც არავის ვემუნათები, არც არავის შევჩივი, ვარ ჩემთვის კმაყოფილი” (“უცნაური ამბავი”. 1893 წ.).

* “_ შენ გაჰბედავ, რომ შემთხვევა მოგეცეს?

_ როგორ გითხრა? გავბედავ კიდეც და ვერც გავბედავ.

_ ეგ რა პასუხია?

_ ის პასუხია, რომ როცა ჩემს თავს ვეკითხები, თითქო იმედი მეძლევა. შევძლებ-მეთქი მაგ საქმეს, და როცა მაგონდება, რა დიდი პასუხსაგებელი საქმეა, _ გინდა დამიჯერე, გინდა არა, _ კანკალი ამიტანს ხოლმე შიშისაგან. სოფლის სკოლაში მიწვევდნენ და ვერ გავბედე” (“უცნაური ამბავი”. 1893 წ.).

* “_ ეგ ადვილი გამოსაცნობია: იქ ბევრნი არიან და მაგას შეუშინდებოდი.

_ მართალი ხარ. მაგას შევუშინდი.  თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, იგი 
შენ უნდა  ჩაისო გულში და იმან შენ.  ბევრში ეგ,  ჩემის ფიქრით,  შეუძლებელია, უმაგისოდ კი  შესაძლოა _ სწავლა, ცოდნა მისცე და  ადამიანობა კი არასდროს. მე კი ასე მგონია, რომ ადამიანობას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს ბავშვის წვრთნა–სწავლებაში. მეთუ გავბედავ,  მარტო ერთს ბავშვს მივიბარებ” (“უცნაური ამბავი”. 1893 წ.).

* “იმათა ჰგონიათ _ ოსტატობა ყველა წიგნის მცოდნეს შეუძლიან, და რა აზრისანი არიან ეს ოსტატები, რა გზას და წესს სწავლა-წვრთნისას დაადგებიან, ამისი არამც თუ არ გაეგებათ რა, არც კი იციან, რომ საჭიროა, ამისთანა რამ გამოიკითხონ. მე ვუქე შენი თავი იმ მხრით კი არა, რითაც უნდა იქოს ყოველი მასწავლებელი. ჯერ ერთი, ამას ვერ გაიგებდნენ და, მეორე, არც მე ვიცი, ამ მხრით შენ რა ხარ. ჩემთვის საკმაოა, რომ პატიოსანი კაცი ხარ, რასაც ხელს მოჰკიდებ, გულდადებით შეეჭიდები, და იცი თუ არა წესი და რიგი პედაგოგიისა, ესე იგი სწავლა-წვრთნისა, მე ამის გასინჯვაში არ შევდივარ. მე მგონია, ეს ამისთანა უცოდინარი დედ-მამა ერთრიგად კარგიც არის: არ დაგიშლიან მაინც ბავშვი სწურთნო ისე, როგორც შენი პატიოსნება, ნამუსი და ცოდნა გამხელს. თორემ ხომ იცი ჩვენი ახლანდელი ანბანიანი დედ-მამა: აქაო-და ყური რაღაცისათვის ალალბედად მოუკრავთ, თავის უთავბოლო სიბრძნით ყველგან წამოეჩხირებიან, ვითომდა ჩვენც გვესმის ავი და კარგიო, არახუნებენ, რაც ენაზე მოადგებათ, და ჭირვეულობენ, თუ არ გაუგონე. ეს უსიამოვნება მაინც არ გექნება” (“უცნაური ამბავი”. 1893 წ.).

* “გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად-თუ-ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლიან და სხვას არასფერს. ჯერ ჩვენში მაგისთანანი არ არიან მამაკაცთა შორის, რომელთაც ჭეშმარიტის განათლებისათვის კარი ყველგან ღია აქვთ, და ქალები სად მოიპოვებიან” (“ქართული თეატრი”. 1886 წ.).

* “რა არის იგი სწავლა, განათლება,  ზნეობა–გაწვრთნილობა, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა,  იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა, რომ ადამიანი  მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ყრმობა არ არჩევინოს. ამაში კი არც  ჩვენი განათლებული ქალები ჩამოუვარდებიან” (“ქართული თეატრი”. 1886 წ.).

* “ნუთუ არ ესმით, ან ავიწყდებათ, რომ ყოველი გროში, რომელსაც ის თავის სწავლაზე ხარჯავს, ხალხის ოფლით, წვითა და დაგვით არის შეძენილი, თუნდა მახლობელთა ხელითაც იყოს მიწვდილი. ხალხი თუ იხდის ამ მძიმე ხარჯს, მხოლოდ იმ იმედით, რომ მისი ამაგი მუქთად არ ჩაივლის, რომ მისის ნაღვაწით და შრომით გამოზრდილი მასვე დაუბრუნდება და რაიმე შველას მისცემს თავის ცოდნით. არა გვგონია, რომ ჭეშმარიტად განათლებული კაცი არ ჰგრძნობდეს ამ-გვარ მოვალეობას, არ ჰფიქრობდეს, რომ იგი ზნეობით მოვალეა ხალხს უკანვე დაუბრუნოს სამაგიერო მისი, რაც მისგან მიუღია. ხოლო თუ ხალხს არ უხდიან სამაგიეროს, სხვა მიზეზი უნდა მოქმედობდეს, იქნება ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელიცა. მაგრამ, ჩვენის ფიქრით-კი, გასამართლებელი არ იქნება” (“ახალი დასის მოლოდინში”. 1886 წ.).

* “პატიოსანი და ყოვლად  მაღალ–ზნეობიანი ჯაფა და გამრჯელობა ოსტატისა, მასწავლებლისა,  გამზრდელისა, ქალია თუ მამაკაცი,  იმოდენად პატივდებული არ არის, რამოდენადაც ღირსია.  ეგ რომ მარტო ჩვენში იყოს ესე, კიდევ იტყოდნენ, გაუნათლებელი, გონება-გაუხსნელი ქვეყანაა და, რასაკვირველია, აგრე იქნება ჯერხანადაო. საქმე იმაშია, რომ ბევრგან სხვაგანაც ეგრეა, ჩვენდა სამწუხაროდ. სხვა, რაც უნდა მდაბიო სამსახური იყოს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რაც უნდა მცირე თანამდებობა ეჭიროს კაცსა, რაკი თანამდებობაა და სამსახურია, უფრო მომეტებულის პატივისცემით ექცევიან. ამას კიდევ როგორმე გაუძლებდნენ, თუ რომ მასწავლებლის მართლა-და მძიმეს, რთულს და დიდს ჯაფას და მოვალეობას გასამრჯელო მაინც საკმარისი ეძლეოდეს. ეს ნამეტნავად ცხადია მათ შესახებ, ვისაც სასოფლო სკოლის მასწავლებლობა თავის მიდრეკილებისამებრ ამოურჩევია და მისთვის შეუწირავს თავისი უკეთესნი დღენი ცხოვრებისანი. ამათ არც სამსახური სამსახურად ეთვლებათ და არც იმოდენა გასამრჯელო აქვთ, რომ სოფლის მასწავლებლის ჭირნახულობისათვის ცოტად მაინც შეზომილი იყოს. ცოტად თუ ბევრად ნასწავლი, გონება-გახსნილი სოფლის მასწავლებელი არის სადღაც მიყრუებულ ადგილას, ქვეყნის სიამოვნებას მოშორებული, ბევრჯერ მშიერი, ბევრჯერ მწყურვალი, ბევრჯერ სიცივეში, ზოგჯერ რიგიანი სადგურიც არა აქვს, რომ ავდარს მაინც გადაურჩეს გაულახველად, დილიდამ საღამომდი იბრძვის, იღვწის ბავშვების მომზადებისა და აღზრდისათვის და ყოველ ამისათვის ოცი და ოც-დაათი თუმანი აქვს წელიწადში საცხოვრებლად. კაცმა რომ სამართლიანად გასინჯოს ეს ყოვლად უნუგეშო გარემოება სოფლის მასწავლებლისა, დააკვირდეს მის დაუღალავს ღვაწლს ყოველის დღისას, არ შეუძლიან იმ აზრზედ არ დადგეს, რომ სოფლის მასწავლებლობა სწორედ თავის გაწირვაა, მსხვერპლია, ადამიანის უმადურობით უფრო გამწარებული, უფრო გამწვავებული” (“ქალი მასწავლებელი”. 1886 წ. 7 იანვარი).

* “ამ მხრით უფრო უარესს ყოფაში არიან ქალები მასწავლებელნი, ნამეტნავად თუ ბედს არ ურგუნებია მათთვის სახელმწიფო სასწავლებელში სადმე რაიმე თანამდებობა. ამათი ჯაფა, იმავე თავგანწირულობით და სიმძიმით დატვირთული, უფრო ნაკლებ პატივცემულია, უფრო ნაკლებ დაზღვეულია გასამრჯელოთი და სასყიდლითა. გარდა ამისა, რაც უნდა უკეთ მომზადებული იყოს, რაც უნდა თავ-გამომეტებული თავისის თანამდებობის აღსრულებისათვის, რაკი ქალია, იშვიათად უპირატესობა მიეცემა ხოლმე მამაკაცის წინაშე, როცა ორივენი ერთს დროს წარსდგებიან ადგილის საშოვნელად. ეს გარემოება და ცილება ხშირად კარგად მომზადებულს ქალს ულუკმა-პუროდ სტოვებს და საწყალი ქალი, რომელმაც უკეთესი თვისი დრო მასწავლებლად მომზადებას მოახმარა და შესწირა იმ პატიოსანის ფიქრით, რომ ჩემს დედ-მამას მუქთა-მჭამელად აღარ ვეყოლებიო, მე თვითონ მოვინაგრებ რასმეო, გულდაწყვეტილი ემორჩილება უმართლოებას და გარემოების სისასტიკეს, ზნეობრივად დაჩაგრული და ღონემიღებული” (“ქალი მასწავლებელი”. 1886 წ. 7 იანვარი).

* “სადიდებელნი და პატივსაცემნი  არიან ის მასწავლებელი ქალები, რომ თავისი ცოდნა არა შურთ მოყვასისათვის და  რაც იციან, უანგაროდ ასწავლიან” (“სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. 1861 წ.).

* “საქართველოში საქალებო სკოლამ ქართველს უნდა გაუზარდოს ქართველი ქალი, ქართველს უნდა გაუზარდოს ქართველი დედა, ქართველი დაი,  ქართველი დედაკაცი. თუ სკოლა  ამას არ იქმს, ის სკოლა წყალსაც წაუღია, ჩვენ ბევრს არას ვინაღვლით” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. სექტემბერი).

* “მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულისა და გულის ამამაღლებელი,  გონების გამხსნელი! ნუ გარევთ სკოლის უწმინდესს საქმეში სხვა საქმეს,  რომელიც სკოლას არ შეეფერება! ნუ გადაუდგებით მტკიცედ დადგენილს კანონებს პედაგოგიისას! მოგვეცით სასწავლებელი ქართველის ქალისა, ქართველის  დედისა, ქართველის  ოჯახის დედაკაცისა. ყოველივე ამას  აცილებული არც თქვენი გამოსაყენია, გვერწმუნეთ,  არც ჩვენი”(“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. სექტემბერი).

* “გავა რამდენიმე ხანი და მაცხოვარი სხივი განათლებისა მოჰფენს ნათელს ყოველს კუთხეს ჩვენის ქვეყნისას, რომელიც კი აქამომდე თვალგაუწვდენელ სიბნელეში იმყოფებოდა” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. აპრილი).

* “ვისაც გული აცრუებული აქვს თავის ვინაობაზედ, თავისიანობაზედ, ვისაც თავისი უარყვია, გულიდამ ამოუღია, დავიწყებას მიუცია, ის სხვისას ვერ შეითვისებს, ის სხვისას ვერ უერთგულებს. ტყუილი შრომაა, ტყუილი ცდაა. ეგ კიდევ არაფერი, რომ შრომა და ცდა ტყუილია, საქმე იმაშია, რომ მაგ შრომით და მაგ ცდით ერთს აკლებთ და მეორეს არას ჰმატებთ. ტყუილ-უბრალოდ იღუპება მთელი მოზარდი თაობა, იღუპება ქვეყანა, რომლის იმედიც და ნუგეშიც მოზარდი თაობა უნდა იყოს” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. სექტემბერი).

* “სწავლა და ხელოვნება თავისაგან არ მოიგონებენ ახალსა და არ მოიგონებენ დაუარსებელს სინამდვილეს, მაგრამ იმას, რომელიც ყოფილა, არის და იქნება კიდევაცა, გამოართმევენ მზა მასალასა, მზა კავშირთა, ერთი სიტყვით _ მზა საგანსა; მისცემენ მას შესაფერ ნაკვთსა, ყალიბსა, ზომიერის ნაწილებით ისრე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ერთობ თვალის გადავლება ყოველმხრივ” (“სფირიდონის და თადეოზის ბაასი”. 1861 წ.).

* “დიაღ, ბატონებო, ხვალე დღევანდელის უნდა სჯობდეს, მერმისი _ აწინდელს. კანონი განვითარებისა და ბედნიერების იმედისა ამაშია და სხვა არაფერში. ამ იმედით, რომ ხვალე უკეთესი უნდა იქმნას, გულს იმხნევებს ამდღევანდელის დღის ვაი-ვაგლახით და ნაცარ-ტუტით ტანში მოხრილი ადამიანი. ხვალე არ უნდა ჰგვანდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია. რაც არიან აწინდელნი მოღვაწენი ჩვენის ერისა – ღმერთმა ამრავლოთ, დიდი დღე და გამარჯვება მისცეთ, მაგრამ, აკაკისა არ იყოს, ნუ ვიკმარებთ მას, რაც დღეს არის! ჩვენა გვჭირია ამაზედ ბევრად ძლიერნი, ბევრად ნიჭიერნი, ბევრად მომქმედნი. “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო”, _ დაუგვირგვინებია თავისი სიტყვები ბ-ნ აკაკის. ასეც უანდერძიათ ჩვენ მამა-პაპებს, რომელთაც ჩვენთვის თავი დაუდვიათ, რომელთა ძვლებით ჩვენს ქვეყანას ზღუდე შემოვლებია, რომელთა სისხლით ჩვენი ქვეყანა მორწყულა. თუ ის დევ-გმირნი, რომელთ საქმენი სწორედ რომ დაუჯერებელნი არიან, ამბობდნენ, რომ ის ურჩევნია მამულსაო, რომ ჩვენი შვილები ჩვენა გვჯობდნენო, ჩვენ რაღა გვეთქმის, ჩვენ, რომელნიც იმათ წინაშე ქონდრისკაცებად თუ ჩავითვლებით!.. (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. სექტემბერი).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე
Geworld.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან