ჩვენი მოვალეობაა ვაკონტროლოთ მთავრობა, ვხედავთ დიდ კორუფიციულ ნიშნებს და არასწორი ფლანგვის შემთხვევებს“ – ლევან კობერიძის მორიგი სადეპუტატო კითხვები ეკონომიკის მინისტრს

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან როგორ არის განაწილებული საკრედიტო— საგარანტიო ფონდისათვის გამოყოფილი თანხა?

2.  გთხოვთ მოგვაწოდოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა; როგორია მიმდინარე და რა კონკრეტული პროექტები იგეგმება წლის ბოლომდე?

3.  როგორია ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი ამ პროექტებთან დაკავშირებით და რა შედეგს ელოდებით მათი დასრულების შემდგომ? – პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას სახელზე მორიგი სადეპუტატო კითხვა გააგზავნა.

როგორც ცნობილია, 1 აპრილიდან ამოქმედდა საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის შეიქმნა და ამ ფონდისთვის 2019-2023 წლებში ყოველწლიურად, ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყოფა.  

სისტემის ამოქმედების შემდეგ, როგორც ლევან კობერიძე “კომერსანტთან“ აცხადებს,რომ ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული ნაბიჯები ამ ფონდის თანხის დანიშნულებისამებრ ასათვისებლად არ გადადგმულა. მეტიც, მისივე ვარაუდით, ფონდის 20 მილიონი ლარიდან 5 მილიონის გამოყენება სასტუმროების ასაშენებლად იგეგმება.

„მახსოვს, როცა აქტიურად ვიყავი საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის პროცესებში ჩართული, გვქონდა შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროში, მაშინ განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ფონდი. ბოლოს,  ფორმირება მოხდა იმდაგვარად,  როგორც ჩვენ მიგვაჩნდა სწორად და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას დროს ეს პროცესი დასრულდა. შეიქმნა  ძალიან კარგი მექანიზმი.  ამ ფონდის მთავარი ფუნქცია და დანიშნულება,  რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მილიონი ლარი,  არის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოება. ამდენი ხნის მანძილზე  ეს პროექტი ადგილიდან არ დაძრულა. როგორც გავიგე 5 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებენ სასტუმროების  ასაშენებლად.  რაც აშენებულია იქ ვერ მოგვიზიდავს ტურისტი და კიდევ მშენებლობაში თანხების გადახდა, ჩემი აზრით, არასწორია. მეორეც, ეს არ არის თანხა, რომელიც უნდა ავიღოთ და დავხარჯოთ.  იმიტომ ჰქვია საგარანტიო ფონდი, რომ სახელმწიფო გარანტად უნდა დაუდგეს ამ ფონდის ბიუჯეტის საშუალებით იმ კომპანიებს,  ვისაც უნდა მეტი ინვესტიცია მოიზიდოს, ექსპორტზე გაიტანოს პროდუქცია და ასე შემდეგ.  მგონია,  რომ ვიღაცა აპირებს იქიდან პირდაპირ აიღოს თანხა და სადღაც სასტუმროს მშენებლობაში გადაისროლოს იმიტომ, რომ ძალიან მოსწონთ ასეთი ტიპის სასტუმორებში ფულის ხარჯვა.

 ამიტომ,  მაინტერესებს რატომ არის საკრედიტო საგარანტიო ფონდის საქმიანობის პროცესი შეჩერებული? რა ხედვა არსებობს ?  ახლა  ვითომ ტურიზმში პრობლემების სარჩულით,  როგორც Georgian Airways-ს ჩაუკუჭეს 5 მილიონი ლარი, ისე აპირებენ ამ ფულის აღებას და სად წაიღებენ კაცმა არ იცის, ამიტომ მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები. აღარ ვარ დარწმუნებული იმაში,  რომ ისინი თანმიმდევრულად მიჰყვებიან იმ პოლიტიკას, რომელიც ფონდის შექმნისას განისაზღვრა.  როგორც პარლამენტარს მიმაჩნია,  რომ ჩვენი მოვალეობაა ვაკონტროლოთ მთავრობა,  შესაბამისი ხარჯები იქნება თუ თანხების მიზანმიმართულობა,   რაშიც ვხედავთ დიდ კორუფიციულ ნიშნებს და არასწორი ფლანგვის შემთხვევებს. აუდიტის დასკვნაშიც კი ნათქვამია,  რომ 65 მილიონი მარტო იმიტომ იზარალა სახელმწიფომ,  რომ საბიუჯეტო თანხების არასწორი განკარგვა ხდება.  ამაზე საუბრობდა ყოფილი მინისტრი ქობულია, რომელიც ჩემი ვარაუდით ამ განსხვავებული მოსაზრების გამო მოხსნეს თანამდებობიდან. მივიღებ ამ კითხვებზე პასუხებს და  მერე მექნება ჩემი შესაბამისი რექცია. ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას მოვიყვანთ თურნავას პარლამენტში და იქ დავუსვამთ ყველა კითხვას. „-აღნიშნავს ლევან კობერიძე

საქართველოს საკრედიტო-საგარანტიო სქემა ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს. 

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლითაც ბენეფიციარს შეუძლია საკრედიტო საგარანტიო პროგრამით სარგებლობა.

დოკუმენტის მიხედვით, მეწარმე სუბიექტი, რომელიც იღებს სესხს კომერციული ბანკისგან ამ პროგრამის ფარგლებში, სესხის აღების მომენტისთვის შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

 ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბენეფიციარის საშუალო ბრუნვა 20 მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს; ბენეფიციარის სასესხო ვალდებულებები 8 მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 2 000 000 ლარს.

„ამასთან, თანამსესხებლების მიერ სესხის აღების შემთხვევაში, მათ მიერ აღებული სესხების ჯამური ოდენობა (ცალ-ცალკე და ერთობლივად) არ უნდა აღემატებოდეს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარს“.

პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში მოხდება.

კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარით, მაქსიმალური კი – 2 000 000 ლარით განისაზღვრა.

„მექანიზმით სარგებლობას ვერ შეძლებენ ის მეწარმე სუბიექტები, რომლებმაც ამ სქემის ფარგლებში ერთხელ უკვე განიცადეს დეფოლტი ან დაარღვიეს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები;

 

 რომლებმაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პირობები დაარღვიეს;

 

სესხის გაცემის მომენტისთვის, სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება აქვთ.“

პროგრამის ფარგლებში სესხის აღების უფლება არც მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ სუბიექტებს ექნებათ.

ამასთან, საკრედიტო გარანტია არ გაიცემა იმ სესხებთან დაკავშირებით, რომელთა მსესხებელს წარმოადგენს საწარმო, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 10 პროცენტზე მეტ წილს, აქციას ან და სესხის გაცემის მომენტისთვის მონაწილეობს საწარმოს მართვაში.
Comersant.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან