ამერიკელი იურისტი პროკურატურისგან მოითხოვს, დააპატიმრონ ლევან ვასაძე, რადგან ვასაძემ ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ ორგანიზებული ჯგუფი შექმნა.

დღეს საქართველოში მცხოვრებმა ამერიკელმა იურისტმა, თედ ჯონასმა საჩივრით მიმართა საქართველოს პროკურატურას და ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ ორგანიზებული ჯგუფების შექმნის და მუქარის გზით ლგბტ პრაიდის აღკვეთის გამო ლევან ვასაძის დაპატიმრება მოითხოვა.

ჯონასი აცხადებს, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს დაცული და, თუ საჭიროა, პოლიციის ძალით უზრუნველყოფილი ლგბტ პირთა საჯარო გამოსვლების და დემონსტრაციების უფლება და ვასაძე დასაპატიმრებელია, რადგან, ჯონასის განცხადებით, მან ორგანიზება გაუკეთა შეიარაღებულ ჯგუფს ლგბტ მარშის წინააღმდეგ და ავრცელებდა მუქარებს, რომ მზად იყო, ძალით აღეკვეთა ლგბტ პრაიდის ჩატარების მცდელობა.

„საქართველოს კონსტიტუციით აზრისა და მისი გამოხატვის უფლება დაცულია, ისევე როგორც წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება (მუხლი 17.1 და მუხლი 21.1).

ამ უფლებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა, „თბილისი პრაიდის“ სახელწოდების ქვეშ, სცადა შეკრება და მარშის ჩატარება 16-22 ივნისის დღეებში, ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების აღიარებისა და დაცვის მხარდასაჭერად,“ – ნათქვამია საჩივარში.

„ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა,“ – ასევე ნათქვამია იქ.

ამერიკელმა იურისტმა საჩივარში ჩამოწერა ქართული კანონმდებლობის ის მუხლები, რომელთა საფუძველზეც, მისი აზრით, საჭიროა ლევან ვასაძის დაპატიმრება და ამ მუხლების და ჯონასის მიერ მათთვის დართული შეფასებების ლოგიკით გამოდის, რომ არა მხოლოდ ლევან ვასაძე, არამედ ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ ვასაძის მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილე, ფაქტობრივად, ყველა ადამიანი უნდა დაექვემდებაროს სამართლებრივ დევნას.

კერძოდ, ჯონასი წერს, რომ ვასაძე დასასჯელია, რადგან „უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, გაწევრება ან/და მონაწილეობა, (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის). (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 223(1) და (2). ასევე არალეგალურია მსგავსი უკანონო ფორმირების შესახებ საინფორმაციო მასალის გავრცელება, მისი დაფინანსება და სხვების წახალისება მასში გაერთიანებისათვის (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 223(3), (4) და (6)“ კანონით იკრძალება, ხოლო ვასაძემ, ჯონასის მტკიცებით, ნამდვილად შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება.

აქედან გამომდინარე, თედ ჯონასის მიერ მოყვანილი მუხლების და მის მიერ გაკეთებული შეფასებების საფუძველზე დასასჯელია არა მხოლოდ ასეთი უკანონო ფორმირების შემქმნელი, ანუ ლევან ვასაძე, არამედ ამ მუხლებში პირდაპირ წერია, რომ სასჯელს ექვემდებარებიან ამგვარ ფორმირებაში გაწევრიანებული და მონაწილე პირები, ასევე ყველა, ვინც ამ ფორმირებაზე საინფორმაციო მასალები გაავრცელა.

ანუ, ჯონასის მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი საჩივრის ლოგიკა გულისხმობს, რომ უნდა დაისაჯოს ვასაძის მიერ შექმნილ რაზმებში გაწევრიანებული ყველა მოქალაქეც, ასევე ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ვასაძის მიერ ორგანიზებულ ანტი-ლგბტ აქციებში და ასევე ის პირები, ვინც, ვთქვათ, ფეისბუქზე საინფორმაციო მხარდაჭერას უკეთებდნენ ამ აქციას, ანუ ის ათასობით მომხმარებელი, რომლებიც ამ აქციის მხარდამჭერ პოსტებს და კომენტარებს წერდნენ თუ აზიარებდნენ.

ბოლოს კი გვინდა განვაცხადოთ, რომ ალტ-ინფოს გუნდი ლევან ვასაძესთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართულები 14-21 ივნისს და 8 ივლისს ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზებაში, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ამ აქციების დაგეგმვის ყველა ეტაპში და თუ ხელისუფლება ლევან ვასაძის სამართლებრივი დევნის დაწყებას გადაწყვეტს და არ სურს, რომ ამან მიიღოს შერჩევითი სამართლის ხასიათი, მაშინ ზუსტად იგივეს გაკეთება მოუწევს ჩვენ მიმართაც.
alt.info.

კომენტარები ფეისბუქიდან