რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ერთი სოფელი მიიერთა.

„ევროპელი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ერთი სოფელი მიიერთა. მისივე თქმით, სოფელი აიბღა, რომელიც გაგრის რაიონს ეკუთვნის რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც რუსეთის ტერიტორია.

რუსეთის ინტერესს დავითაია სოფელში არსებული მარმარილოს საბადოებით ხსნის. 

“აქ შავი მარმარილოს უნიკალური საბადოა, რომელიც მსოფლიოში ორია. 2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა შემოღობეს ეს მთა და ეს იყო განპირობებული იმით, რომ თითქოს ოლიმპიადისთვის მიდიოდა მზადება და უსაფრთხოებისთვის სჭირდებოდა. მაშინ არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ხდებოდა ამ მთის მითვისება, მხოლოდ იმ მიზნით, რომ აქ არის უნიკალური მარმარილოს საბადო. ჩვენი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციის  საჯარო რეესტრში გატარდა ეს ტერიტორია, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, კრასნოდარის მხარეს. ეს არის პირველი შემთხვევა, საქართველოს ტერიტორიის იურიდიული ანექსირების. მოვუწოდებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ რეჟიმში მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ჩვენი პარტნიორები ჩააყენონ საქმის კურსში, იმიტომ, რომ დაირღვა გაეროს მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და იურიდიული ფაქტი დაფიქსირდა ტერიტორიის მითვისების”, – განაცხადა დავითაიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “აქცენტი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 
accent.com.