ხელისუფლება ხშირად აანონსებს უცხოელ ინვესტორებთან ერთად საქართველოში ამა თუ იმ საწარმოს, ქარხნის თუ სხვა ობიექტების მშენებლობას. ხშირად მშენებლობის დაწყების და დასრულების თარიღებიც სახელდება და მეტი დამაჯერებლობისთვის მემორანდუმის თუ ხელშეკრულების ფოტოებიც ვრცელდება. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ვიგებთ, რომ ამ პროექტის არა თუ მშენებლობაა დაწყებული, რეალური ხელშეკრულებაც კი არ არსებობს. მაღალჩინოსნების ცრუ დაპირებებზე კი პასუხისმგებლობა არავის ეკისრება.
ამის ერთ-ერთი მაგალითია ბათუმის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა.
2018 წლის აპრილში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბათუმში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდებოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს და ბათუმის მერს, ბატონ ლაშა კომახიძეს ჩინეთში ვიზიტი ჰქონდათ, რომლის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები შედგა. ზოგადად, ბათუმის მერია ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობს, მოლაპარაკებები შედგა, მაგრამ კონკრეტული ვადები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, – განმარტეს შარშან აჭარის მთავრობაში.
მთავრობა იუწყებოდა იმასაც, რომ შემდეგი ეტაპი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების აჭარის რეგიონში ჩამოსვლა და დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება იქნებოდა.
აჭარის ხელისუფლების ჩინეთიში ვიზიტიდან ერთი წელი გავიდა და „კომერსანტი“ დაინტერესდა რა პროცესები მიმდინარეობს ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის კუთხით.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მოლაპარაკება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, კონკრეტული ხელშეკრულებაც არ გაფორმებულა და ჯერჯერობით არც რამე რეალური ნაბიჯი გადადგმულა.
არადა, როგორც გასულ წელს აჭარის მთავრობაში აცხადებდნენ, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრასპორტირების განვითარების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო.
შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
მარიამ მორგოშია
commersant.ge