“ცხადია, რუსული ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არა იმპერიის წიაღში ხინკლისმომხვევ არსებებად დაბრუნების ფასად”
პოლიტიკურად აქტიური ზაფხულის მიწურულს უკვე იგრძნობა, რომ შემოდგომაზე დუღილის ტემპერატურა მოიმატებს. ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი მიმდინარე და მოსალოდნელ პროცესებს განიხილავს.
– დავიწყოთ 20-21 ივნისის მოვლენებით. როგორ ფიქრობთ, იმ მძიმე ღამის შემდეგ ადეკვატურად მოქმედებს ხელისუფლება?
– ადეკვატურობაში თუ ძალაუფლების შენარჩუნება იგულისხმება, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ახალგაზრდული პროტესტი “ნაციონალების” ინსპირირებულად მიჩნეულიყო, ან პრაიდისტებისა და ანტიპრაიდისტების დაპირისპირების ხმაურში
ჩაკარგულიყო და ახალგაზრდები ტრადიციულად მოაზროვნე რიგითი მოქალაქის თვალში პრაიდისტებთან ასოცირებულიყვნენ. ამას დავუმატოთ გულმოდგინე მცდელობა იმგვარი შთაბეჭდილების შექმნისა, თითქოს ახალგაზრდებს შორის ნარკომანები ჭარბობდნენ. ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ძირითადი ოპონენტი ამ მოძრაობის გამოყენებას შეეცდებოდა და ამით ხელისუფლებას საჩუქარს მიართმევდა, ახალგაზრდებს კი არ აღმოაჩნდათ გამოცდილება, რომ ბოლომდე აერიდებინათ.
უფლება არა მაქვს ეჭვი შევიტანო პრაიდისტებისა და მათი ოპონენტების გულწრფელობაში, თუმცა მათ შორის არც ისეთი პირების არსებობას გამოვრიცხავ, რომლებსაც მღვრიე წყალი სჭირდებოდათ. მათი დაპირისპირების გაცხოველება სწორედ ახალგაზრდების გამოსვლების პარალელურად, ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა, გამოეყენებინა ქაოსის მართვის ცნობილი ხერხი: როდესაც რაიმე პროცესები ზღვარს აღწევს, დაძაბულობის ალტერნატიული წყარო უნდა შექმნა და ვნებები ძირითად სამიზნეს ჩამოაცილო.
თუ ვგულისხმობთ სახელმწიფოებრივი ღირსების მიმართ ადეკვატურობას, მაშინ აშკარაა, რომ ხელისუფლებას პრობლემები აქ
ვს. როდესაც სახელისუფლებო გუნდი თავის რიგებში უშვებს ისეთი დეპუტატის არსებობას, რომელიც გადადგომის შემდეგ აცხადებს, არ მესმის, რატომ არ უნდა ჩამჯდარიყო გავრილოვი თავმჯდომარის სავარძელში, ასეთი რა სიწმინდეაო, მას უბრალოდ არ ესმის სახელმწიფოებრივ სიმბოლოთა მნიშვნელობა. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, თუ როგორ მოიყარა “ოცნებაში” თავი ბევრმა შემთხვევითმა პერსონამ, რომელთაც ლიდერის მიმართ არაბუნებრივი ლოიალობა ახასიათებთ მანამ, სანამ ეს სჭირდებათ. ასეთები “ოცნების” სხვა წევრებისთვისაც უხერხულ ტვირთს წარმოადგენენ.
– სექტემბრის შუა რიცხვებისთვის აქციის ორგანიზატორები აანონსებენ ფართომასშტაბიან გამოსვლებს გახარიას გადადგომის მოთხოვნით. თქვენი აზრით, იქნება აქციები ისევ ხალხმრავალი და თუ მოახდენს ეს გავლენას ხელისუფლების პოზიციაზე?
– ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გამოცდილება შეიძინეს ახალგაზრდებმა ზაფხულის განმავლობაში. თუ ისევ იმავეს და იმავე ფორმებით გაგრძელებას გეგმავენ, საპროტესტო მუხტი გაიფანტება, მისი ხელახალი მოკრება კი ახალი ძლიერი გამაღიზიანებლის გარეშე შეუძლებელი იქნება. ვფიქრობ, ქუცნაშვილისა და კობახიძის გადადგომის შემდეგ ახალგაზრდებს უნდა შეეწყვიტათ პროტესტი.
პარლამენტის თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დეპუტატის გადადგომა უკვე ძალ
ზე დიდი მიღწევაა ნებისმიერი ქვეყნის ახალგაზრდული მოძრაობისათვის. ამით ისინი წარმატების პრეცედენტს შეინარჩუნებდნენ და დაგვანახებდნენ, რომ ჩვენი საშინაო ცხოვრება მხოლოდ “ნაციონალებისა” და “ოცნების” დაპირისპირებით არ აღიწერება და თურმე საზოგადოებას, როგორც სუბიექტს, შეუძლია რაღაცის მიღწევა. შემდეგ უკვე მოძრაობის ორგანიზაციულ მოწესრიგებასა და ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე შეეძლოთ ეზრუნათ. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ძალები, რომლებმაც პროცესების რადიკალურად განვითარება სცადეს და შედეგები ყველამ ვიხილეთ.
– პანკისი, დავითგარეჯა, გავრილოვი, 20-21 ივნისი – მოვლენები ასე რომ მიეწყო ერთმანეთს, შემთხვევითია თუ კარგად დაგეგმილი სცენარი? სად არის ის გასაღები, რომელიც ქვეყანას მშვიდ ვითარებაში დააბრუნებს?
– ცხადია, არ არის შემთხვევითი. არცთუ უსაფუძვლოა ეჭვი, რომ მავანი საგანგებოდ არწევს ჩვენს სახელმწიფოებრივ ნავს და საამისოდ ჩვენვე გვიყენებს, ჩვენი ხასიათის ბევრ სავალალო თვისებას, უუნარობას, დიალოგი დავამყაროთ თუნდაც რადიკალურად დაპირისპირებულ ძალებს შორის, თავი დავაღწიოთ თავკერძაობას, ხელისუფალთა ნარცისიზმს და ოპოზიციის მცდელობას, ნებისმიერ ფასად მოიპოვოს ძალაუფლება. 2001 წელს ერთმა თვალსაჩინო ოპოზიციონერმა დაუფარავად მითხრა: შევარდნაძემ თუ ამ საქმის გაკეთება შეძლო, მერე თავიდან ვეღარ მოვიშორებთო. არადა, საქმე სახელმწიფოებრივ ვითარებას შეეხებოდა. ვერც გაიაზრა, რომ ეს იყო ქართული სახელმწიფოს საბოტაჟი, ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლის აზარტი მას უგრძნობელს ხდიდა ასეთი “უმნიშვნელო” გარემოების მიმართ. ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდა წინა ხელისუფლების დროს და გრძელდება დღემდე. ზოგჯერ ვფიქრობ, მოსკოვს არც კი სჭირდება პოლიტიკური ძალების საგანგებო მობილიზება. საკმარისია, გარეჯაში, ჯავახეთში ან სადმე სხვაგან რაიმე პროცესებს შეუწყოს ხელი, დანარჩენს უკვე ჩვენ ვაკეთებთ.
ცხადია, რყევები გაგრძელდება და მათი ეფექტიანობა იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ დიალოგის, თანამშრომლობისა და სოლიდარობისთვის საჭირო ძალის მოკრებას. მესმის, რომ ზედმეტად ზოგადი ფორმულაა, მაგრამ ამ ზოგადი და ბანალური ვითარების მიღწევის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება.
– ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზეც მინდა გკითხოთ. ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და გამოძიება მხოლოდ საეჭვო ტრანზაქციას უკავშირდება. თავის მხრივ, ხაზარაძე გამოძიებას ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებას უკავშირებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე შეტევის გამო ეჭვი აშშ-ის საელჩომაც გამოთქვა. როდესაც დიპლომატები ამას დაუფარავად ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით საქმე შერჩევით სამართალთან გვაქვს. ცხადია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ როდესაც სამართლის ინტერესების მიღმა ნათლად იგრძნობა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ გარე ძალის ინტერესები, ეს სამართლიანობის იდეას ვნებს.
– როგორ ფიქრობთ, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების საფრთხე რეალურია?
– ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ა.შ., ისე გულგრილად ეკიდება ანაკლიის პორტის ბედს, თითქოს საქმე ხაზარაძისა და მისი პარტნიორების კერძო ბიზნესს ეხებოდეს. არადა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესის ინტერესები ემთხვევა საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. თუ ბიზნესმენი ფულს ხარჯავს საქართველოში სასათბურე მეურნეობის შექმნასა და არა თურქეთიდან კარტოფილისა და პომიდვრის შემოტანაში, ის ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც ემსახურება, მისი წყალობით უცხოეთში ნაკლები მყარი ვალუტა გაედინება და შესაბამისად, ლარსაც ნაკლები პრობლემები აქვს. ხაზარაძემ მიაგნო პირადი და სახელმწიფოებრივი ინტერესების გადაკვეთის ამგვარ წერტილს. მისი იდეის მარცხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტის მარცხს ნიშნავს, ისეთი პროექტისა, რომელსაც სულ 10-15 წელიწადში მკვეთრად შეიძლებოდა ჩვენი ცხოვრება შეეცვალა.
ბიზნესს სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეუძლია. 1875 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბენჯამინ დიზრაელიმ ბრიტანეთის სახელმწიფოსთვის სუეცის არხის აქციების შეძენა მხოლოდ იმის წყალობით შეძლო, რომ მას მხარში ედგა როტშილდების საბანკო სახლი და მისი მრავალმილიონიანი გარანტიები. წუთით წარმოიდგინეთ, მაშინდელ ინგლისში ვინმეს აზრად მოსვლოდა, ეთქვა, რომ ამ საქმით თავად დიზრაელი და როტშილდები აპირებდნენ გამდიდრებას და რომ ამ არხს სახელმწიფოსათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ბევრი ჩვენებური ჟურნალისტი მაოცებს. მოხერხება უნდა, შეხვიდე ტყეში, დაინახო ყოველი ტოტი, ყოველი ფოთოლი, არ გამოგრჩეს არც ერთი მწერი, მაგრამ ვერც ხე დაინახო და ვერც ტყე აღიქვა.
პროექტიდან ამერიკული ორგანიზაციის გასვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის მარცხს ან ამერიკული ინტერესის დაკარგვას. ამერიკელებმა იგრძნეს, რომ ამ ეტაპზე პროექტს, მიუხედავად დეკლარირებული მხარდაჭერისა, სახელმწიფო, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად უჭერს მხარს. ასეთ ვითარებაში ისინი (რუსებისაგან განსხვავებით), ალბათ, სიტუაციის შეცვლას დაელოდებიან. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველამ – პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა, ყველა ინფორმირებულმა პირმა – არ დავუშვათ პროექტის დასამარება.
კარგად გვახსოვს, როგორ ებრძოდნენ ნავთობსადენისა და სატრანსპორტო დერეფნის იდეას 90-იან წლებში. მაშინაც ამ ბრძოლის სულისჩამდგმელი მოსკოვი იყო. მაშინაც ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ სინამდვილეში ეს იყო შევარდნაძეების კლანის საქმე, რომელიც ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირების მეტს არაფერს მოუტანდა. გამოჩნდა რამდენიმე ეკოლოგიური პროფილის არასამთავრობოც, რომლებიც მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე აყიჟინდნენ.
ნებისმიერი პროექტი, რომელიც გაზრდის ჩვენი, როგორც რეგიონული მოთამაშის მნიშვნელობას და რომლის წყალობითაც მხოლოდ ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო ტურისტულ რეგიონად არ დავრჩებით, რუსული პოლიტიკისთვის მიუღებელია. ის შეეწინააღმდეგება ნებისმიერ პროექტს, რომელიც ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანზე მის მონოპოლიას ეჭვქვეშ დააყენებს. იმპერია ცხოვრობდა და ცხოვრობს ეკონომიკურ პროცესებზე იმპერიული იდეოლოგიის პრიმატის პრინციპით. ამიტომაც არსებობს უფრო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ ბატალიებში მოსკოვისა და მისი თბილისელი მოკავშირეების ხელი ურევია. ამ პროექტის ჩანაცვლება მარიხუანას კულტივირების თემით, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.
პროექტთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ საეჭვო კი არ არის, უბრალოდ აშკარაა, რომ რუსული ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება ხდება. ცხადია, ამქვეყნად მარტო არა ვართ და არაერთი ქვეყნის, მათ შორის რუსული ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არა საკუთარი მომავლის დათმობისა და რუსული იმპერიის წიაღში ეგზოტიკურ, ღვინის მსმელ და ხინკლისმომხვევ არსებებად დაბრუნების ფასად.
2013 წლის შემდეგ მეც და რამდენიმე სხვა ადამიანიც გამოვთქვამდით ეჭვს, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, მიუხედავად ფასადური პროდასავლურობისა, იმაზე მეტად ითვალისწინებდა რუსულ ინტერესებს, ვიდრე ეს დასაშვები იყო. ცხადია, სააკაშვილის ცეცხლოვანი ანტირუსული რიტორიკა დაუშვებელი იყო, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდე. ანაკლიის პორტზე შეტევა ამ ეჭვს ტოვებს.
არც დასავლელი პარტნიორები არიან კმაყოფილი “ოცნების” ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკით და უკმაყოფილება, ალბათ, გაორმაგდება ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის შემთხვევაში. სამწუხარო ის არის, რომ პასუხს აგებს არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება, არამედ ჩვენ, საზოგადოება, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია და შემდეგ ვერ გამოიყენა შანსი, საპრეზიდენტო არჩევნებზე რაღაც ხარისხით მაინც გაეწონასწორებინა ის. ახლა უფრო მწვავედ იგრძნობა, როგორი აუცილებელია, პრეზიდენტის პოსტი პრინციპულ და თანამიმდევრულ პირს ეკავოს.
– ხაზარაძის დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობაზეც გკითხავთ. თუ პოლიტიკაში მოვიდა, რას შეცვლის პოლიტიკურ ველზე?
– ჩვენში თითქმის ცხოვრების წესად იქცა, როდესაც ბიზნესმენები თავიანთი ბიზნესის დასაცავად პოლიტიკაში მიდიან. ეს სავალალო ვითარებაა და კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ სასამართლო სისტემა არ მოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესმენები არ იქნებოდნენ იძულებული, ეს ნაბიჯი გადაედგათ.
2012 წლის შემდეგ მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” უნაყოფო დაპირისპირებაში მიმდინარეობდა. ამასთან, ისტორიაში არ არსებობს უნაყოფო პროცესები, რადგან უარყოფითი ნაყოფიც შედეგია. მთავარი შედეგი ის ჩიხია, რომელშიც აღმოჩნდა ეს პოლიტიკური ბატალიები. მოსახლეობა მთავარ პოლიტიკურ აქტორებს გაუუცხოვდა. ყველაფერი თითქოს სადღაც სხვაგან ხდება და თუ ჩვენს ცხოვრებას მაინც ეხება, მხოლოდ უარყოფითი ნიშნით. არჩევნებში იმთავითვე მარცხისთვის განწირული “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოპონენტად “დანიშვნა” წლების წინ მომგებიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ ამ სტრატეგიის გაჭიანურება საბოლოოდ მის შემოქმედს შემოუბრუნდა. უიდეობამ და სახელმწიფოებრივი პროექტების უქონლობამ შედეგად ის მოიტანა, რომ წინა პლანზე გამოვიდნენ ძალები და პერსონები, რომელთა ნეოფეოდალურ პატრიოტიზმსაც პირდაპირ ჩრდილოეთისაკენ მივყავართ. შეიქმნა ვითარება, რომელზეც კრემლის სტრატეგოსები მხოლოდ თუ იოცნებებდნენ. პირადად მე 90-იანი წლების შემდეგ ვერც წარმოვიდგენდი, თუ კიდევ ერთხელ შევესწრებოდი სახელმწიფოებრივი ნავის ასეთ დარწევას.
“ოცნება-ნაციონალების” ჩიხმა მესამე ძალის იდეა შვა. მან გაიჟღერა თუ არა, რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ სწორედ მას ეკავა ეს ნიშა. დღევანდელი მთავარი ოპონენტებიც, ცხადია, თავისი სატელიტებით შეეცდებიან ამ ნიშის დაკავებას, მაგრამ ხელოვნურად ეს საქმე არასოდეს მომხდარა და შეუძლებელია მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ბატონმა მამუკამ ისიც იცის, თუ როგორ საინფორმაციო ომს გაუმართავენ.
დღეს მოქალაქე განსხვავებულ სახელმწიფოებრივ პარადიგმას და განსხვავებულ პოლიტიკურ ლინგვისტიკას ელოდება… მოკლედ, მესამე ძალისათვის სოციალური ბაზა დიდია. ძნელია თქმა, რა ბედი ეწევა ხაზარაძის წამოწყებას, შეძლებს კი უნაყოფო და უსაზრისო მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური ბატალიებიდან საზოგადოების ყურადღება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იდეის პოზიტიურ სივრცეზე გადაიტანოს და ამით იქცეს მიზიდულობის ცენტრად? ცხადია, ამაზე პასუხი არა მაქვს. ერთი შემიძლია ვთქვა: დროც შესაბამისია და ადგილიც. “ნაციონალებისა” და “ოცნების” დაპირისპირებიდან”გამოთა-ვისუფლებულ მოქალაქეს შანსი ეძლევა, ამ ორის ალტერნატივა დაინახოს.
უარყოფითი ფაქტორებიდან მთავარი, ალბათ, ბანკებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაა. ხაზარაძის გამოჩენით “ოცნება” კარგავს “ნაციონალებისა” და “ოცნების” დაპირისპირების კომფორტულ რეჟიმს და “ოცნების” მთელი პროპაგანდისტული მანქანა ახლა მის წინააღმდეგ მიმართავს ძალებს. ალბათ, არც “ნაციონალები” დააკლებენ. ეს უკვე დაიწყო კიდეც. ყველაზე გულუბრყვილო არგუმენტი, რაც მის წინააღმდეგ სოცქსელებში ვნახე, ის არის, რომ ხაზარაძე ევროამერიკული კურსის მომხრეა და ამიტომაც თურმე ფარული “ნაციონალია”. ეს მიმანიშნებელია იმაზე, თურმე რა სოციალური ბაზა იყრიდა თავს ბოლო წლებში “ოცნების” გარშემო.
მისი წარმატება ბევრ კონკრეტულ ფაქტორზეა დამოკიდებული – თუ ის პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის საყვარელ გზას დაადგება, უცხოელ კონსულტანტებს მოიწვევს, რომლებიც ყველა წესის დაცვით “ხუთიანზე” ჩატარებულ სოციოლოგიაზე ააგებენ მის PR-სტრატეგიას ისე, რომ წარმოდგენა არ ექნებათ, რა ხდება ქვეყანაში, ან კიდევ სხვების მიერ არაერთხელ განხორციელებულ სტრატეგიას აირჩევს, მისი წამოწყება სხვა მრავალთან ერთად ჩაიკარგება. პოლიტიკა მავანი ამერიკელი PR-სპეციალისტებისათვის ან ჩვენებური პოლიტტექნოლოგისთვის ფულის მიცემით და შემდეგ მათი დავალებების ხუთიანზე შესრულებით არ კეთდება. ხატოვნად რომ ვთქვა, PR-ის სპეციალისტი მხოლოდ გრიმიორია, ის ნებისმიერს დიდ არტისტად ვერ აქცევს.
გულახდილი ვიქნები და მისი მეორე განცხადება უადგილოდაც მომეჩვენა და შინაარსობრივად გაუმართავადაც. ღირსების აღდგენის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს მთელი სპექტრისგან. ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში ყველა “ღირსების აღმდგენ მევახშეზე” ლაპარაკობდა. მამუკა ხაზარაძეზე არსებობს კითხვები და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. კიდევ ერთი რამ, რამაც მას ხელი შეიძლება შეუშალოს – ეს არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევები. ბიზნესმენისათვის უცხოა ის პოლიტიკური ავანტიურიზმი, რომელიც პოლიტიკური ველის ჩაკეტილ კონტურებს გაარღვევს. ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის რაციონალიზმი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. პოლიტიკოსისთვის სწორედ რისკი შეიძლება აღმოჩნდეს ზედმიწევნით რაციონალური. ივანიშვილსაც გაუჭირდა ბიზნესმენის ჩვევების დათმობა და ამჯობინა სახელმწიფო ბიზნესკორპორაციის ანალოგიით ემართა.
მოკლედ, ერთი რამ ფაქტია: ხაზარაძის განაცხადმა სახელისუფლებო წრეები შეაშფოთა და დარწმუნებული ვარ, ახლა მასთან შეთანხმების გზებს ეძებენ.
– ქვეყანაში არაორდინარული ვითარებაა. უშველის თუ არა სიტუაციას სამთავრობო ცვლილებები ან ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება?
– საკადრო ცვლილებებს იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ რაღაც პოზიტიურის მოტანა შეუძლია, მაგრამ როდესაც ეს ცვლილებები ერთი და იმავე გემოვნებით ხდება, ერთ პასიურ და ლოიალურ ფიგურას მეორე ასეთივე ცვლის და ეს გრძელდება 7 წელია, ვეჭვობ, ამან რაიმე მოიტანოს. “ოცნებაში” ბევრს ვიცნობ. არ იფიქროთ, დღევანდელი მინისტრები ან დეპუტატები იმთავითვე ასეთი პასიურობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ შიგნით სიტუაცია ისეთია – და ეს უკვე 2011-2012 წლებში იგრძნობოდა – რომ საკუთარი ინიციატივის დათრგუნვისა და ლამის ყველა წვრილმანში უზენაესი გადაწყვეტილების მოლოდინის გარეშე იოლად ამოვარდები სისტემიდან. ამის მაგალითებიც გვაქვს. ჰოდა, ასე გროვდება სამინისტროებში აუთვისებელი თანხები და ისეთი საქმეები, რომელთა დამთავრება სულ ორიოდე თვეში შეიძლებოდა.
ივანიშვილის დაბრუნებას პრემიერად არ ველი. მისთვის კომფორტულია ახლანდელი მდგომარეობა, პასუხისმგებლობა ფორმალურად მაინც არ ეკისრება.
– 2020 წლის არჩევნების წინ ვითარება ასეთია: “ქართული ოცნება” შეეცდება ისეთი უმრავლესობით მოსვლას, რომ კოალიციურ მთავრობაში არავისთან შევიდეს. თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” შეეცდებიან, რომ ხმების ისეთი რაოდენობა აიღონ, მათ გარეშე მთავრობა ვერ დაკომპლექტდეს. ამასთან, “ოცნება” აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოალიციას არ შექმნის. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები 2020 წლის არჩევნებამდე და მთავარი “კინო” 2020-ის შემდეგ ხომ არ დაიწყება?
– ჯერ 2020 წლის არჩევნებამდე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ. “ოცნებამ” მოასწრო და ბევრ მოქალაქეს მისი პოლიტიკის მიმართ არა მხოლოდ ეჭვიანი, მოუთმენელი განწყობაც გაუჩინა. ეს ნამდვილად არ მიხარია, რადგან ასეთ დროს ადამიანებს ის სიკეთეც ავიწყდებათ, რაც მავანს გაუკეთებია. თუ ასე გაგრძელდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს საშინაო ცხოვრებაზე თუნდაც იმით, რომ ჩვენი შინნაზარდი პუტინისტები უსაქმოდ დარჩებიან.
kvirispalitra