რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თვის დასაწყისში ჩრდილოეთ რეგიონში აფეთქება ახალი იარაღის სისტემის გამოცდის დროს მოხდა, თუმცა, კრემლის ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის იარაღზეა საუბარი.
მისივე თქმით, რადიაციის დონე ნორმაშია და საფრთხე არ არსებობს.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან თეთრ ზღვაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რადიაციის მაჩვენებელ მოწყობილობაზე ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, თუმცა, რამდენიმე წუთში რადიაციის დონე დაეცა.
„ტრაგედიამ, რომელიც თეთრ ზღვაში მოხდა, სამწუხაროდ ჩვენი ექსპერტების სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო სამუშაოები სამხედრო სფეროში, სამუშაოები პერსპექტიული იარაღის სისტემებზე. ჩვენ ამას არ ვმალავთ. ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ და დაშავდნენ აკეთებდნენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აუცილებლობა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ამ საკითხს, აიხსნება იმ ფაქტით, რომ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ამერიკელები ახალ იარაღს ცდიან. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს უსაფრთხოებაზე. რაც შეეხება ინფორმაციის გაცვლას, ჩვენი ინსტიტუტები მუშაობენ. ანგარიშების მიხედვით, რაც მე მივიღე ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. მეზობელი ქვეყნები რადიაციის დონის ზრდას ვერ ხედავენ. ეს ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა პუტინმა.
firstnevs.