რუსეთთან დიალოგის ის ფორმატი, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ გვთავაზობს, პრაგმატული და ჩამოყალიბებული არ არის.

გიორგი ვოლსკიმ დაასახელა ის პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც 2020 წლის პარლამენტში „ქართული ოცნება“ კოალიციაში არ შევა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დაასახელა ის პოლიტიკური ძალები თუ ვისთან არ შევა „ქართული ოცნება“ კოალიციაში 2020 წლის პარლამენტში. „ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეხვიდე კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – თქვა მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში – „თავისუფალი ხედვა“.

 
„ამაში ორივე ჯგუფს ვგულისხმობ. ასევე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ „პატრიოტთა ალიანსიც“ არ მესახება იმ პარტიად, ვისთანაც კოალიციაში შევალთ, რადგან რა ნიშის დაკავებასაც ეს პარტია ცდილობს, ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის. რუსეთთან დიალოგის ის ფორმატი, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ გვთავაზობს, პრაგმატული და ჩამოყალიბებული არ არის. ამ ჩვენს ოპონენტებს, გინდ აქეთა მხრიდან და გინდ მეორე მხრიდან, ერთი ძალიან ცუდი რამ ახასიათებთ – ოღონდ რაღაც ნიშა დაიკავონ, ოღონდ თავიანთი პოლიტიკური პროგრამა კეკლუცურად წარადგინონ და სხვა არაფერი უნდათ. კოალიციაში იმასთან შევალთ, ვისაც დავინახავთ, რომ აქვს სურვილი, სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული“, განაცხადა ვოლსკიმ.
Guardian.ge.