ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ, აშშ-ის კიდევ ერთი ირიბი გაფრთხილება საქართველოს – აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო კვაზი-სუვერენული სახელმწიფოა.
ბრაიზას ამ განცხადებას „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია გამოეხმაურა. მან „რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ, როგორც აშშ-სთვის, ასევე საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება და დროა მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
„მეთიუ ბრაიზას ეს განცხადება საკმაოდ მნიშველოვანია; შესაძლოა ზედმეტად გაბუქებული იყოს, რადგან საქართველო, როგორც სახელმწიფო, მეტ-ნაკლებად უკვე შემდგარია, თუმცა, მან შესაძლოა იგულისხმა, რომ საქართველოს განვითარებისა და მომავლისთვის, ეს პროექტი საკმაოდ მნიშვენლოვანია, თუნდაც იმისათვის, რომ რეალურად ის დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, რომელსაც ექნება გარკვეული როლი მსოფლიო პოლიტიკაში, რაც ჰაბის პროექტს, რომელზეც ქართული ელიტა დიდი ხანია საუბრობს და ზოგადად, ასეთი ტიპის პროექტებს ეყრდნობა.
„ამ განცხადებით იკვეთება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები საქართველოსთვის. ბრაიზამ ასევე აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროთათვის,” – განაცხადა კაკაჩიამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან” ამერიკული „კონტი ჯგუფი” გავიდა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელების საკითხი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამერიკული კომპანიის შესაბამისი ინვესტორით ჩანაცვლებას მოითხოვს.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა? არის თუ არა მოსალოდნელი, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა გარკვეულწილად შეიცვალოს?
კორნელი კაკაჩია თვლის, რომ ეს გარკვეულ გავლენას ვერ იქონიებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი პროექტის რეალიზება არ მოხდა, მისი თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მაინც დარჩება.
„არა მგონია, რომ ურთიერთობა შეიცვალოს. აშშ მხარს უჭერს საქართველოს, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს იქიდან გამომდინარე, რომ ეს მის ეროვნულ ინტერესებში შედის. ეს პორტი შედგება თუ არა, საბოლოოდ მაინც ქართული მხარის გადასაწყვეტია, თუმცა, ინტერესი აშშ-ს მხრიდან, რომ ასეთი პორტი იყოს, არსებობს, რაც მრავალჯერ გამოიხატა და სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს განცხადებაშიც საკმაოდ მკაფიოდ ჩანდა.
„ბუნებრივია, თუ ასეთი პროექტი იქნება, აშშ-სთვის ეს საინტერესოა, ისევე, როგორც საქართველოსთვის, მაგრამ თუკი ეს პროექტი არ შედგა, ამის გამო არ მგონია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუარესდეს.
„ფაქტია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ეს პროექტი აინტერესებს და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებსაც პასუხობს, ბუნებრივია, ამ თემასთან დაკავშირებით, სასურველია ერთიანი და შეჯერებული პოზიცია ორივე მხარე ჰქონდეს,” – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
შეგახსენებთ, მეთიუ ბრაიზამ IWPR-სთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო კვაზი-სუვერენული სახელმწიფოა.
ბრაიზას შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს: „თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა.
„ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით, საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას. პორტი მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
„მაგალითად, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალების, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი.
„ასე რომ, გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან.
“პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით,” – განაცხადა ბრაიზამ.
rezonansi.