“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ფესბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
“მსოფლიოში უდიდესი ძვრებია, ხოლო საქართველოში დისკუსიის თემა არ იცვლება და კვლავ “პრო”-ების ირგვლივ ტრიალებს.
მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ოპტიმიზმი და ტკბილი სიტყვები არ დაიშურა საფრანგეთ- რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ისტორიულ ურთიერთობებზე… ისეთი “პრორუსული” ფრაზეოლოგიით ისაუბრა, რომ საქართველოში დამკვიდრებული ლოგიკით, მაკრონიც კრემლისტების კრემლისტია! ზედ წითელ ვარსკვლავზე ზის! იაპონიას ლავროვი დიპლომატიურ ენაზე, მაგრამ მკაფიოდ ეუბნება,- გავაგრძელოთ დიალოგი და არ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ კურილიის ორი კუნძული ტოკიოს გადაეცესო, ევროპაში სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების გადახედვა, მაგრამ საქართველოში ეს ყველაფერი ან არ შუქდება, ან ცალმხრივად და დამახინჯებული კონტექსტით შუქდება. საქართველო (თითქოს კი არა) რეალურად მოწყვეტილია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და სრულ საინფორმაციო წყვდიადში იქნებოდა, ხელმისაწვდომი რომ არ იყოს ინტერნეტი.
ახლა სხვა კითხვა დავსვათ: ვის ინტერესში შედის, რომ მუდმივად ერთი დღის წესრიგის ქვეშ ვცხოვრობდეთ?! უარი ვთქვათ გაბედულ დიალოგზე მოსკოვთან, ცხინვალთან, სოხუმთან? ვის უნდა, რომ ქვეყანა ახალ ომში აღმოჩნდეს, რომელსაც მერე “ამოსუნთქვის საშუალებად” მონათლავენ, ჩვენ კი უკვე სხვა ტერიტორიებიც გვექნება დაკარგული და, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ადამიანური მსხვერპლის გარეშე ეს არ მოხდება. ვინ ცდილობს წლების მანძილზე დააკომპლექსოს პოლიტიკური სპექტრიც და საზოგადოებაც, რომ თუ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კონტექსტში ტერმინს “ოკუპანტი” არ გამოიყენებ, ე.ი. მტერი და სამშობლოს მოღალატე ხარ?! ვინ არის ჩვენთან ის “დიდი გენიოსი”, რომელიც ყოველგვარ მცდელობას,- ჩავაქროთ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა, გაცოფებამდე მიჰყავს და ნახევარ საქართველოს აგენტად აცხადებს?! დავიჯეროთ, ეს ადგილობრივი გაცოფებული “მამულიშვილი” იაპონიის ხელისუფლებაზე უფრო ჭკვიანია?! იაპონელები დაუღალავად შრომობენ კურილიის კუნძულებისთვის, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ რადიკალურად შეეცვალათ, დაერბილებინათ ლექსიკა რუსეთთან მიმართებაში. ასე სჭირდება მათი ქვეყნის ინტერესს და იმიტომ! რუსეთიდან ჯერ თეორიულ, მაგრამ პოზიტიურ სიგნალს რომ იღებენ, ფაქტია? ფაქტია! ვინ ადგენს მოდას, რომ ვინც განსხვავებულად ფიქრობს, წითელ ხაზს მიღმაა?! ეს ხომ კლასიკური ტიპის ფაშიზმია?! და ვინ გვაშაყირებს ასე მწარედ, რომ მედიის თავისუფლება ტელეეთერიდან არასასურველი რესპონდენტების ფალოსებად გამოცხადებაა და ეს მარაზმი უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა? საერთოდ, რა ევროვექტორზე ვლაპარაკობთ, ევროპის რომელ ქვეყანაში ესმით მედიის თავისუფლების სტანდარტი იმგვარად, როგორც აქ, ამ ექსპერიმენტებით დაღლილ საქართველოში? ჩვენთან რეალურად ლიბერალური ფაშიზმის დიქტატს ემორჩილება ხელისუფლება და ყოველგვარი უმსგავსოება მერე “დასავლური ღირებულებების” სახელით ინიღბება… ეს თანამედროვე ევროპა და ევროპული ფასეულობები, თუ სტანდარტი არ არის, ეს გასული საუკუნის 20- იანი წლების ბოლშევიზმია.
ეს “ვინაა” ვინცაა, ვიცით: ერთს ციხეები აღარ მოწონს, თურმე… იმდენი პატიმარი აწამა, გაძღა! ციხე რაღად უნდა? და მეორე- ძაან თეთრი ხელთათმანებით ცდილობს თავმოწონებას, რაოდენ სათნო და ჰუმანურია, თურმე… მწამებელი არ არის, ციხის ბუნტის დროს ელენე თევდორაძეს მოელანდა.
მე კი, მარტივ რამეს გეტყვით: ამ უკიდეგანო იდიოტიზმის, მავნებლობის და მარაზმის გაგრძელება, უბრალოდ, აღარ შეიძლება და რომ გამოვფხიზლდეთ, აუცილებელია. თორემ სად შეიძლება გავიღვიძოთ, იმედია, წარმოდგენით მაინც წარმოგიდგენიათ, რადან 9 წელი იქ ვცხოვრობდით, იმ წითელ ჯოჯოხეთში,”-წერს ირმა ინაშვილი.
Geotimes.ge.