ნეპოტიზმი, პატრონაჟი, გარიგება – ბოლო პერიოდში ეს სიტყვები სულ უფრო აქტუალური ხდება. შესაძლო კორუფციული რისკებს ხშირად თავად საჯარო მოხელეებთან მივყავართ. „კომერსანტმა“ უკვე არაერთი მსგავსი ფაქტის შესახებ გიამბოთ და ამჯერად ქუთაისის მერიაზე მოგიყვებით:
თითქმის 1 მლნ. ლარიანი შემოსავალი შესაძლო კორუფციული გარიგების შედეგად – ზუსტად ასე გამოიყურება ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ამირან კოპალეიშვილის მამის საქმე. საკითხი „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა, როგორც გაირკვა:
ქუთაისის მერიამ, ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ამირან კოპალეიშვილის მამის კომპანიასთან 776 666 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.
საუბარია შპს “გი-ან 2011”-ზე, რომელიც ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატის ამირან კოპალეიშვილის მამას, გია კოპალეიშვილს ეკუთვნის. ამირან კოპალეიშვილი საკრებულოს დეპუტატი 2017 წელს გახდა. ამ წლიდან დღემდე “გი-ან 2011”- მა ქუთაისის მერიის გამოცხადებული ტენდერებიდან 4 მოიგო და მთლიანობაში ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი (766 666) ლარი მიიღო.
კერძოდ, 2019 წლის აპრილში “გი-ან 2011”-მა გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში , გელათის ქუჩის პირველი ჩიხის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. თავდაპირველად კომპანიამ ხელშეკრულებაში საჭირო თანხად 75 000 ლარი დაასახელა, თუმცა ხელშეკრულების დადების შემდეგ თანხა 80 413 ლარამდე გაიზარდა;ასევე 2019 წლის აპრილში “გი-ან 2011”-მა გაიმარჯვა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ქუთაისის ვაჟა-ფშაველას ქუჩის მერვე შესახვევის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და 86 253 ლარიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი;2019 წელს კომპანიას მესამე გამარჯვებაც ხვდა წილად, თებერვალში “გი-ან 2011”-მა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მრავალბინიან სახლებში ეზოების ბეტონის საფარით მოწყობასთან დაკავშირებით გამარჯვება მოიპოვა და 210 000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა;2018 წელს ქართული ოცნების დეპუტატის ოჯახის კომპანიას ტენდერებში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა, თუმცა თანხა საკმაოდ დიდი იყო – ივნისში ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მრავალბინიან სახლებში ეზოების ბეტონის საფარით მოწყობასთან დაკავშირებით “გი-ან 2011”-მა 400 000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.
თავად ამირან კოპალეიშვილი „ფლანგვის დეტექტორთან“ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ყველა ტენდერს მამამისი გამოცდილების ხარჯზე იგებს, მისი დეპუტატობის ფაქტორი კი არაფერ შუაშია.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის 2018 წლის დეკლარაციის მიხევდით, მამის კომპანიის მოგებამ 457 170 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლამდე, შპს “გი-ან 2011” ფინანსური დირექტორი თავად ამირან კოპალეიშვილი გახლდათ. თუმცა დეპუტატის სახელს სხვა ბიზნესებიც უკავშირდება:
იგი 2018 წლის 6 მარტამდე სამი კომპანიის დირექტორი იყო. ერთ კომპანიაში კი 33%-იან წილს ამ დრომდე ფლობს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამირან კოპალეიშვილმა სამეწარმეო საქმიანობა 2010 წელს დაიწყო:
პირველი კომპანია, რომელიც მას უკავშირდება, შპს option-ია, სადაც 2012 წლამდე 33%-იან წილს ფლობდა. კომპანიას ამ დრომდე აქტიური სტატუსი აქვს. თუმცა, 2012 წლის შემდეგ, დეპუატატს კომპანიაში წილი აღარ უფიქსირდება.
ამირან კოპალეიშვილი ასევე ხელმძღვანელობდა და 100%-იანი წილი ეკუთვნოდა 2013 წელს დაფუძნებულ შპს კოდან ქუთაისსა და 2015 წელს შექმნილ კომპანია AMO-ში.
ამირან კოპალეიშვილის ბიზნესს ახლა მისი ძმა, დავით კოპალეიშვილი ხელმძღვანელობს. დეპუტატმა კომპანიებთან კავშირი 2018 წლის 6 მარტს გაწყვიტა და მათი დირექტორობა 100%-იან წილთან ერთად, საკუთარ ძმას, გადაუფორმა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, დეპუტატს წილი ახლა მხოლოდ ერთ კომპანიაში უფიქსირდება. 2018 წელს, ამირან კოპალეიშვილმა მართალია შპს DAMI-ის დირექტორობა თავის ძმას გადააბარა, თუმცა, კომპანიაში 33%-იანი წილი მაინც დაიტოვა.
აღსანიშნავია, რომ კოპალეიშვილების საკუთრებაში არსებულ კორპუსში რამდენიმე წელია “ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციაა განთავსებული.
სალომე ლემონჯავა
https://commersant.ge