ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატობას სთავაზობდა 85 წლის რუს ქირურგს, ქართული გვარით, ლეო ბოკერიას

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიენტობის კანდიდატობას რუს ექიმს, ლეო ბოკერიას სთავაზობდა, რაზეც ცნობილმა კარდიოქირურგმა უარი თქვა.

„პრეზიდენტობის კანდიდატობას სთავაზობდა 85 წლის რუს ქირურგს, ქართული გვარით, ლეო ბოკერიას. ეს ვიცი დანამდვილებით, აბსოლუტურად ზუსტად და ლეო ბოკერიას რეაქციაც ვიცი ამაზე, უკვე ჩვენ საერთო მეგობართან გამოხატული, რომ მე მგონი მანდ წესრიგში არ გაქვთ ყველაფერი და ივანიშვილს ფსიქიკასთან დაკავშირებით დარღვევები გაუჩნდაო. ამას ზუსტად გეუბნებით, პერიფრაზს ვაკეთებ. ლეო ბოკერიასაც კი გაეცინა ამ შეთავაზებაზე. ანუ, ის სთავაზობდა სრული სერიოზულობით რუს კარდიოქირურგ ლეო ბოკერიას საქართველოს პრეზიდენტობას, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი არ ყოფილა არასდროს და უთხრა, რომ მე მოვაგვარებ ამ პრობლემას, მაგისი ნუ შეგეშინდებათო“, განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ბოლო წუთებში თავად ივანიშვილი მოგვევლინოს პრეზიდენტობის კანდიდატად.