მიზეზი, რომლის გამოც ივანიშვილის ერთერთი ფავორიტი მინისტრი მოხსნეს, c ჰეპატიტის სამკურნალო უძვირესი მედიკამენტების შავ ბაზარზე გაყიდვაა, რომლის შესახებაც დონორმა ქვეყანამ გაიგო და პრემიერ ბახტაძეს, ამერიკაში ვიზიტისას ჯანდაცვის მინისტრის გაშვება მოსთხოვა.
დიდი და სკანდალური კორუფციული სქემის არსებობის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სამსახურში ახლა გამოძიებაც კი მიმდინარეობს, თუმცა, რატომღაც “ეჭვმიტანილების” გარეშე.
ელიმინაციის პროგრამა
2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში 150 ათას პაციენტს აღენიშნებოდა ქრონიკული c ჰეპატიტი.
ამიტომ, c ჰეპატიტის ვირუსის მაღალი მაჩვენებლის გამო, საქართველო ერთ-ერთ საპილოტე ქვეყნად შეირჩა.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ამერიკის ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა ისტორიული ხელშეკრულება.
შეთანხმების ფარგლებში, ჩვენი ქვეყანა სრულიად უფასოდ იღებს ძალიან ძვირ სამკურნალო მედიკამენტებს ყველა პაციენტისთვის – ვირუსის სრული განკურნების მიზნით.
შედეგად, ამერიკის დახმარებით, ამ პროგრამამ ათასობით ადამიანი უკვე იხსნა ნელი სიკვდილისაგან.
ხოლო სრული ელიმინაციის (ორგანიზმიდან მავნე ნივთიერების განდევნა) მისაღწევად საჭიროა საშუალოდ 135 ათასი პაციენტის დიაგნოსტირება, 128 ათასი პაციენტის მკურნალობა და მინიმუმ 122 ათასის განკურნება.
პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს ახალი თაობის ისეთ ძვირადღირებულ მედიკამენტებს, როგორიცაა: “სოფოსბუვირი” და „ჰარვონი”.
პაციენტები ასევე უფასოდ იღებენ დამხმარე მედიკამენტებს – „ინტერფერონს” და „რიბავირინს”.
გამოძიება შედეგის გარეშე
მედიკამენტ “ჰარვონის” ერთი კოლოფის საბაზრო ფასი 25 ათასი დოლარიდან იწყება.
პრეპარატს მისი მწარმოებელი კომპანია საქართველოს საჩუქრად უგზავნის.
წესით, კლინიკიდან მედიკამენტების გაცემა ვიდეომეთვალყურეობით ხდება. თუმცა, როგორც ჩანს, “ფანჯარა” მაინც არსებობს…
კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან მჭირდო კავშირი აქვს, სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა.
სერგეენკოს გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, მინისტრთან შეთანხმებით, ამერიკის სახელმწიფოს მიერ უფასოდ მოწოდებულ ძვირადღირებულ მედიკამენტებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შავ ბაზარზე ყიდდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში.
მეტიც, კორუფციისა და უძვირესი მედიკამენტების გაყიდვის მიზნით, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროში “ჰარვონის” მარაგები ჩამოიწერა.
უწყებამ შეადგინა დოკუმენტი, სადაც ჩაწერა რომ მედიკამენტს, რომლის ერთი კოლოფის ფასი 25 ათასი დოლარია, ვადა გაუვიდა.
“სინამდვილეში, “ჩამოწერილი” მედიკამენტების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაიტანეს და გაყიდეს. საუბარია მილიონებზე”, – გვიყვება წყარო ჯანდაცვის სამინისტროდან.
c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული კორუფციის ფაქტებს ანტიკორუფციული სააგენტო დღემდე სწავლობს. თუმცა, შედეგის გარეშე…
არადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გასული წლის აპრილში, პროექტის მიმდინარეობისას პირველად, სერგეენკოს უწყებამ მკურნალობისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჩამოწერა.
სუს-მა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის “ვადაგასული” ძვირადღირებული მედიკამენტების საცავში დაგროვების ფაქტის შესწავლა კი დაიწყო, მაგრამ ვერ თუ არ დაასრულა…
ეს მაშინ, როდესაც სუსი დღემდე იძიებს მედიკამენტების განაწილების დროს კორუფციის შესაძლო ნიშნებს, მათ შორის იმას, ხდებოდა თუ არა, ამერიკის სახელმწიფოს მიერ უფასოდ მოწოდებული ძვირადღირებული მედიკამენტების ქვეყნიდან არალეგალური გატანა, მისი გაყიდვის მიზნით.
რა მოხდა ამერიკაში?
ცოტა ხნის წინ, პრემიერი ბახტაძე ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
პრემიერი, ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა, რომელმაც ბახტაძეს საჯაროდ მიანიშნა საქართველოში არსებულ უსამართლო სასამართლოზე, ძალადობრივ არჩევნებსა და პრორუსულ პოლიტიკაზე.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასევე საჯაროდ განაცხადა ანაკლიის პორტის მნიშვნელობის შესახებ.
“პომპეოს გარდა, ბახტაძე ამერიკელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის, “გილიადის” მეგობრებს შეხვდა.
სწორედ ამ შეხვედრაზე ახსენეს ამერიკის მიერ უფასოდ გამოგზავნილი მედიკამენტების შავ ბაზარზე გაყიდვის ფაქტი.
ეს არაოფიციალური შეხვედრა იყო, თუმცა, ყველაფერი ნათელი გახდა. ამერიკელებმა იცოდნენ იმის შესახებ, რაც სერგეენკოს უწყებაში ხდებოდა…”, – გვიყვება წყარო.
შედეგად, ბახტაძის ამერიკული ტურნედან მალევე ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ის ივანიშვილის ცოლის პირადმა სტომატოლოგმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჩაანაცვლა, რომელმაც მინისტრის რანგში, პირველი განცხადება სწორედ “მედიკამენტების ბაზარზე არსებული სიტუაციის მოგვარებას” მიუძღვნა.
ახალმა მინისტრმა ამით სიგნალი გაუგზავნა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს რომ c ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული უფასო მედიკამენტები შავ ბაზარზე აღარ გაიყიდება.
წყარო: pressa.ge