ეს აღარ არის „რუსთავი 2“ – ეს არის კვაზი „რუსთავი 2“, სხვა ტელევიზია- ტუღუში

ახლა ქიბარ ხალვაშმა რაც არ უნდა აკეთოს, ვიღაცები მოიყვანოს „რუსთავი 2“-ზე, ცხადია, ეს აღარ არის „რუსთავი 2“. ეს არის კვაზი „რუსთავი 2“, – ამის შესახებ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელის ქიბარ ხალვაშის გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ფაქტობრივად, ქიბარ ხალვაშმა იერიში მიიტანა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელზე და მთლიანად „კურიერზე“. შესაბამისად, ყველა იმ გადაცემაზე, რომლებიც მკვეთრად კრიტიკული, ოპოზიციურია. ამით მან, ჩემი აზრით, წერტილი დასვა, რასაც ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა და ახლა აღმოჩნდა ძალიან რთულ ვითარებაში, იმიტომ, რომ რაც არ უნდა აკეთოს და ვიღაცები მოიყვანოს „რუსთავი 2“-ზე, ცხადია, ეს აღარ არის „რუსთავი 2“. ეს არის კვაზი „რუსთავი 2“, ეს არის სხვა ტელევიზია.

ამ ვითარებაში ძალიან რთულია რაიმე გამოსავლის მოძებნა. რა რჩევა უნდა მისცე ქიბარ ხალვაშს, არ მესმის. თუ დააბრუნებს უკან ყველას და დაანებებს თავს, ძალიან ძნელად წარმოსადგენია. თუმცა, ალბათ ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე, ხელი არ უნდა ეხლო ამ ხალხისთვის და რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ემოქმედა ასე უხეშად, მაგრამ არ ეყოთ ნერვები და ძალიან მალე გამოავლინეს თავიანთი განზრახვა. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან რთული ვითარება იქნება, მძიმე შედეგი მოჰყვება ამას.

დარწმუნებული ვარ, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გააკეთებს სერიოზულ და მძიმე დასკვნას. ეს დასკვნები წინ დახვდება ჩვენს ქვეყანას, რაც სერიოზული უკან დახევა იქნება დემოკრატიის ნაწილში. როგორი ბრტყელ-ბრტყელი, ვარდისფერ ფერებში სიტყვებიც არ უნდა არახუნონ ვიღაცებმა, ეს არაფერს უშველის, გაფუჭდა და პასუხი უნდა აგონ იმ მოქმედებებზე, ვინც ეს გააკეთა. როგორ გამოასწორებენ ამ ვითარებას, თვითონ იფიქრონ. თვითონ ჩაიფიქრეს, განახორციელეს, დაანგრიეს და ახლა მოიფიქრონ, რას და როგორ აპირებენ. ეთერში შესაძლოა, ისევ გაჩნდეს საინფორმაციო გადაცემები, შეიძლება ისევ „კურიერი“ ერქვას, ფონად ისეთივე მუსიკა ედოს, თუმცა ეს არ იქნება „კურიერი“ და იქნება ფსევდო „რუსთავი 2“. საინფორმაციო ამ ხალხით ვერ დაბრუნდება. ვიღაცები შეიძლება მოძებნონ, ადამიანებს დაარქმევენ ჟურნალისტებს, დააჭერინებენ ხელში მიკროფონს და ოპერატორი იმოძრავებს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის „რუსთავი 2“, ლოგო არაფერს ნიშნავს. ლაპარაკია სარედაქციო პოლიტიკაზე და დამოუკიდებლობაზე ხელისუფლებისგან.

ამათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ვერ გააკეთეს ისე, როგორც მათ უნდოდათ. ეს ამბავი არ გამოუვიდათ, თუმც გამოუვიდათ ის, რომ პრაქტიკულად დაანგრიეს „რუსთავი 2“ და „ვულოცავ“ მათ ამ „ბრწყინვალე“ გამარჯვებას საკუთარ ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიაზე“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

“ინტერპრესნიუი”