“ბუნება სასტიკად გვიხდის სამაგიეროს… ძალას დაკარგავს ფული…”

“მსოფლიო იწვის.  პოლიტიკურად, ფიზიკურად.  ამაზონის ჯუნგლები, რომელსაც მსოფლიოს ფილტვებს ეძახიან, ცეცხლშია გახვეული.  უნიკალური ცხოველები იხოცებიან. ან გამორბიან და მერე იხოცებიან.

დახოცვით ყველა შემთხვევაში იხოცებიან. გაკვირვებული სახეებით უყურებენ უცნაურ, მოძრავ და ცხელ გამოსახულებას, რომელსაც რადიარდ კიპლინკმა წითელი ყვავილი უწოდა – ანუ, ცეცხლს.  ისლანდიაში ყველაზე დიდი მყინვარი მთლიანად დადნა. 
გრენლანდიამ მხოლოდ ივნისის თვეში 2 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა.
ციმბირის ტყეები დაიწვა.

ბუნება სასტიკად გვიხდის სამაგიეროს ჩვენივე დანაშაულის გამო და ჩვენ თუ არა, ჩვენს შვილიშვილებს ან ცეცხლში დაფერფლავს ან წყალში ჩაახრჩობს.  ძალას დაკარგავს ფული.  ბანკომატები კუპიურებს აღარ მოგაწვდიან.  ამ ქვეყნის ძლიერები ჩვენ გვერდით აღმოჩნდებიან თავის გადამრჩენელთა რიგებში, რადგანაც ჰოლივუდური სიუჟეტი სინამდვილეში არ გამეორდება – არავინ ისურვებს სასახლის ნანგრევებში ჩაყოლას.

და, სულ ბოლო მომენტში გაგვახსენდება, რის გამოც მოხდა ეს: იმის, რომ უფრო დიდძრავიანი მანქანა ვიყიდეთ ტრასებზე კომფორტული გასწრებისთვის; პრინტერებში ფურცლის გადატრიალება გვეზარებოდა და თითო გვერდზე ვბეჭდავდით.

კონსულტანტის შეკითხვაზე პარკი გვნებავდა თუ არა, თავდაჯერებით ვპასუხობდით – „კი”; პიკნიკზე წასულებს ბევრი რამ მიგვქონდა, უკან კი ცარიელები ვბრუნდებოდით; ვფიქრობდით, რომ ერთი პლასტმასის ბოთლის გადაგდებით არაფერს ვაშავებდით; დარწმუნებულები ვიყავით, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის მონდომებით სამყარო ვერ შეიცვლებოდა, ამიტომაც სხვებივით ვიქცეოდით – ვსვამდით დედამიწის სისხლს ხარბად და მოთხვრილი გვქონდა პირი.  კიდევ ბევრი რამ გაგვახსენდება და მივხვდებით, რომ სამყაროს ფეხსაცმელივით მოვექეცით – რაც უფრო გაცვდა, მით უფრო ნაკლებად მოვუფრთილდით.  ესაა და ეს და როგორც ირკვევა, ეს ყოფილა ყველაფერი”

დავით გორგილაძე – მწერალი