ნახევარმა საქართველომ იცის, რომ პრემიერი გამოცვლილია, ხელისუფლება კი მოსახლეობას დამალობანას ეთამაშება – ლევან კობერიძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე

– ლარის კურსის გაუფასურებას მერე ისევ სხვას ან მოსახლეობის სამართლიანმა პროტესტს და ოპოციციას გადააბრალებს ხელისუფლება, მათ მიერ შექმნილმა ნეგატიურმა მოლოდინმა გააფუჭა ლარიო… და ამ დროს კი

– ნახევარმა საქართველომ ასე იცის, რომ პრემიერ-მინისტრი გამოცვლილია ,ფაქტობრივად, ქვეყანაში და კულუარულად იმართება ახალი პრემიერის შერჩევის პროცესი – ესაა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა ? სწორედ ესეთი საქციელი ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს მოსახლეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც და ინვესტორებშიც, რაც ეკონომიკაში ნეგატიურ განწყობებს და, შესაბამისად, ლარის გაუფასურებას და აზარალებს თითოეულ მოქალაქეს ! !!

– მოგიწოდებთ, გამოდით და ღიად ისაუბრეთ პროცესზე და კანდიდატებზეც – ესეთი იქნებოდა მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ქცევა და თუ ესე არაა – ესეც დაბეჯითებით თქვით ! კუკუმალულობანას ნუ ეთამაშებით ქვეყანას და ადამიანებს ! — წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე. 

ლარის გაუფასურების თემა ბოლო დღეებში ისევ აქტუალური ხდება. რამდენიმე დღის განმავლობაში bloomberg-ზე საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდეცია ფიქსირდება. 

 თემაზე  ლევან კობერიძე  “კომერსანტთან“ ვრცლად საუბრობს:

— ბატონო ლევან, როგორც თქვენ აღნიშნავთ, ლარის გაუფასურება უშუალოდ ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ  მდგომარეობას უკავშირდება. თქვენი განცხადებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ სამთავრობო ცვლილებას, რაზეც მმართველი გული ამ დრომდე ღიად არ საუბრობს. რა არის მორიგი პრემიერის, მორიგი შეცვლის მთავარი მიზეზი?

— მთავარი მიზეზი 2020 არჩევნებისთვის პიარსვლაა. მოსახელოება ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებულია და  მმართველ გუნდს სჭირდება სათქმელი, რომ რაღაც ცვლილებებს ახორციელებენ. ეს არის  პრემიერ-მინისტრის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუმცა სხვა მიზეზებიც ბევრია. ქვეყანაში ბოლო პერიოდში მორღვეულია მთელი სისტემა, საგადასახადო წესრიგი არ გვაქვს და ძალიან ბევრი პრობლემებია წარმოქმნილი, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით.  გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენები პრემიერის პასუხისმგებლობაცაა — არამარტო შსს მინისტრი, არამედ  პრემიერიც იქ იყო, როდესაც ამ დარბევისა და მისი ფორმების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მთლიანობაში მოსახლეობის მდგომარეობა რეალურად გაუარესებულია და პასუხისმეგებლობა უნდა აიღოს ვიღაცამ, ამ შემთხვევაში ეს პრემიერ-მინისტრი იქნება. 

ფაქტია, ბოლო ორ კვირაზე მეტია, განსაკუთრებით ინტენსიურად საუბრობენ და უკვე დამკვიდრებულია აზრი, რომ პრემიერ-მინისტრი ფაქტობრივად შეცვლილია.

მთელი პრობლემა ის არის, რომ  ხელისუფლება ვერ ახერხებს,  რომ დაბეჯითებით უარყოს ეს მოსაზრება და თქვას, რომ ასე არ არის და არანაირ ცვლილებებს ადგილი არ ექნება.  ფაქტია, როცა  კითხვებს უსვამენ, ქართული ოცნების დეპუტატები კი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესაც, ამბობენ, რომ მსგავსი არაფერი სმენიათ.  ანუ თვითონაც კი არ იციან გუნდის შიგნით ეს საკითხი განიხილება თუ არა. არადა, არსებობს ინფორმაცია, რომ  პრაქტიკულად კულუარებში უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, უბრალოდ  ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ ვინ იქნება შემდეგი პრემიერ-მინისტრი. როცა ერთის მხრივ რაღაც ცვლილებებზე მოსახლეობას აქვს ჩამოყალიბებული მოლოდინი და მეორეს მხრივ არის გაურკვევლობა, ეს ქმნის ქვეყანაში არასტაბილურობის შეგრძნებას, რაც შესაბამისად გადაიზრდება ნეგატიურ მოლოდინებში და აისახება ეკონომიკაზეც.  ეს უქმნის ნეგატიურ განწყობას   ინვესტორებს და ბიზნეს წრეებსაც. გარკვეული სტაბილურობა, რაც არის დამოკიდებული მთავრობის და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობასთან, ქვეყანაში არ შეინიშნება. პირიქით,  არის გაურკვევლობა და ქაოსი.  ეს აისახება ლარის კურსზეც.

ხელისუფლებას უნდა დაამკვიდროს აზრის, რომ  საზოგადოების სამართლიანი პროტესტი, რაც გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმას მოჰყვა, თურმე ყოფილა ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი, მაგრამ ეს სიცრუეა. არასტაბილურობის განცდა არის სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაც იწვევს უარყოფით  განწყობებს. ფაქტია, ბოლო 1 თვის განმავლობაში ქვეყანა ცხოვრობს ამ რეჟიმში – ყველამ იცის,  რომ პრემიერი არის ფაქტობრივად მოხსნილი  და არ იციან ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი.

 მმართველი გუნდი, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში , მსგავს გადაწყვეტილებებს საკმაოდ მკაფიოდ უნდა იღებდეს,  ღიად და გამჭვირვალედ უნდა საუბრობდეს, განხილვებიც უნდა ჰქონდეს გუნდის შიგნით.  ამ დროს დეპუტატები ადასტურებენ , რომ მსგავსი განხილვები არ ყოფილა, გამოდის, რომ ერთი-ორი კაცი იღებს გადაწყვეტილებას, ისიც რაღაც კულუარებში. ეს განწყობები ეკონომიკასა და უშუალოდ ლარის კურსიზე  ნეგატიურად აისახება. ბევრს ჰგონია, რომ ეს არაა ერთმანეთთან კავშირში, მაგრამ სწორედ რომ ასეა.

— ფაქტია,  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ანუ ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება სწორედ დღევანდელი არასტაბილური შიდა პოლიტიკური გარემო განვიხილოთ, რაც ასევე იწვევს ლარის გაუფასურებას?

— არათუ შეიძლება, არამედ აუცილებლად უნდა განვიხილოთ ეს ფაქტორი და სწორედაც ესაა მნიშვნელოვანი.  ჩვენ პოლიტიკურად არასტაბილურობასთან კი არა ხელისუფლების არასტაბილურ მმართველობასთან გვაქვს საქმე. მათი მხრიდანაა სწორედ არათანმიმდევრული ქმედებები, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური, რაც შესაბამისად აისახება კიდევაც ინვესტიციებში, ეკონომიკის არამდგრადობაში, ნეგატიურ განწყობაზე და ამის გამოვლინებაა ლარის კურსი, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აზარალებს.

 საუბედუროდ ხელისუფლება მალავს იმას, რაც ისედაც ყველამ იცის. საქართველო ისედაც პატარა ქვეყანაა და არანაირი ინფორმაცია მსგავსი სამთავროვბო ცვლილებების შესახებ არ იმალება. შესაბამისად, ახლა გვაქვს მოცემულობა  — ყველამ იცის, რომ პრემიერი  შეცვლილია, ხელისუფლება ამას ჯიუტად უარყოფს ან ამბობს, რომ არ აქვთ ინფორმაცია. 

გავა დრო და დაინახავთ, რომ გამოიცვლება ფორმალურად უკვე პრემიერ-მინისტრი და რეალურად მართლა იქნება ცვლილებები ხელისუფლებაში. მოსახლეობა კი კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ რაც საზოგადოებაში ჭორად გამოჟონავს, ის რეალურად ხდება.

ამაზე კომუნიკაციას უნდა ახდენდეს პირველ რიგში მთავრობა. უნდა გამოდიოდეს და ამბობდეს, რა გადაწყვეტილებას იღებს და რატომ. ის უნდა იყოს ამ ინფორმაციის მთავარი პირველწყარო, მაგრამ ჩვენ გვაქვს პირიქით. მოსახლებამ ყველაფერი იცის, ხელისუფლება კი გაურკვევლობაში ამყოფებს. პოლიტიკური მსჯელობა უნდა იყოს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ პრემიერმა რაღაც კარგად გააკეთა ან არ გააკეთა. უნდა იცოდნენ, რომ ვინ არიან კანდიდატები და ვისზე მიდის მსჯელობა მმართველ გუნდში. ამის მაგივრად ვიღებთ დამალობანას თამაშსს და ესაა ყველაზე დიდი პრობლემა.
მარიამ მორგოშია
commersant.ge.