როუჰანი – ტრამპს: „არანაირი შეხვედრა არ იქნება, სანამ ირანის წინააღმდეგ დაწესებული უსამართლო სანქციები არ გაუქმდება“

ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, იგი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

„ირანი ყოველთვის მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არანაირი შეხვედრა არ იქნება, სანამ აშშ–ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული უკანონო და უსამართლო სანქციები არ გაუქმდება. თეირანს არასდროს უნდოდა ბირთვული იარაღი“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთში G7-ის ფარგლებში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ტრამპმა როუჰანისთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, რათა დასრულდეს „ბირთვული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული დაპირისპირება“.

ცნობისთვის: ირანს ბოლო პერიოდში ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა აშშ–სთან მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმება დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი,  სტრატეგიული ბომბდამშენები და დამატებით 1000 ჯარისკაცი განათავსა.
accent.com.