საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი არც კი განიხილება.
„ეს ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და ცალსახად ეს საკითხი არც კი განიხილება”,- განუცხადა, “პირველ არხს” ლაშა დარსალიამ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მიმდინარეობს მათი ინფორმირება, რათა გადაიდგას ვითარების დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯები.
ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ჩორჩანასთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე დილიდან იმყოფებიან.
ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან
ამ დროისთვის ამოწურულია ქართული პოსტის დღეს დილის ექვს საათამდე გაუქმების ულტიმატუმის ვადა, რომელიც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს წამოუყენა.
ცნობისთვის: 29 აგვისტოს ოსურმა მხარემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა ჩაშალა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განუცხდა.
„შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იყო დაფიქსირებული, რომ IPRM არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი, ნებისმიერი საკითხი შესაძლებელია, განხილული იყოს დიალოგის გზით. ჩვენი შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ ჩაშალეს შეხვედრა“, – განაცხადა ანთაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერ გართულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება.
„რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისი თქმით, ქართული პოლიციის საგუშაგო, რომლის აღებასაც ითხოვს ოსური მხარე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და ადგილზე დარჩება.
„პოსტი არის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ამას წყვეტს ქართული სახლემწიფო, სად განალაგენს პოლიციის პოსტებს. ყველა სხვა პრეტენზია და უსაფუძვლო ბრალდება არის მიუღებელი“, – დასძინა მან.
შექმნილ მძივე ვითარებაში ანთაძე გამოსავალს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით დიალოგში ხედავს.
ერგნეთში შემდეგი შეხვედრა 2 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი და ანთაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეხვედრა შედგება.
შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს, როგორც ოსური, ისე რუსული დელეგაციის წევრებმა და ევროპელმა დიპლომატებმა.
იხილეთ ასევე: ცხინვალი “ახალი შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეზე” საუბრობს
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 29 აგვისტოსთვის ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაკეთდა განცხადებები “საზღვრისპირა ზონაში ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედების” შესახებ, რომელმაც “რეგიონში სტაბილურობა შეიძლება, დაარღვიოს”.
28 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.
accent.com.