ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს რამაზ დევაძის შეწყალების თაობაზე. მდინარაძემ „პირველ არხს” განუცხდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დევაძის შეწყალება მისთვის მიუღებელი და გაუგებარია.
ამასთან დაკავშირებით „რეზონანსი”პრეზიდენტის პრესსპიკერს, ხატია მოისწრაფიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თავად პრეზიდენტი გააკეთებს განმარტებას:
„პრეზიდენტი იმყოფება ვიზიტით, ორ დღეში ჩამობრძანდება თბილისში და გააკეთებს განმარტებას,” – ამბობს ის.
ცნობისათვის, საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დროს მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.
პოლიციელის მკვლელობისთვის მჯავრდებულის შეწყალებაზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან” საუბრისას, საფრანგეთში განაცხადა, რომ პატიმრების შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
„რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა, არაიურისტმა ეს კარგად იცის. ეს გახდა უეცრად სალაპარაკო პრობლემა მაშინ, როდესაც აქ ამდენია სალაპარაკო და პოზიტივი, მაგრამ ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადებაა უფრო დეტალური გასაკეთებელი, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს თბილისში.
„მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება დღეს ევროპის შუაგულში, აქცენტის სხვა საკითხზე გადატანის მცდელობები არის მაჩვენებელი იმის, რომ ნაცვლად იმისა, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომლებიც არის მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში. დღეს მნიშვნელოვანია აქ რაც ხდება იმაზე ვისაუბროთ. ჩავალ თბილისში, არსად არ გავიქცევი და ვნახავთ რა არის პასუხი,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: გურიის მოამბე