პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, პოლიციელის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის რამაზ დევაძის ადვოკატმა, დავით ჯაფაიძემ და რამდენიმე საათის წინ, 2014 წლის დეკემბერში მომხდარი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ჯერ ვაცალე ნაცბანდას ტყუილები, ახლა კი ვიდეომასალას ვასაჯაროვებ.
ნაცმოძრაობამ და მათმა ჟურნალისტებმა იმდენი სიცრუე თქვეს რამაზ დევაძის საქმეზე, რომ წყობიდან გამომიყვანეს. ამ ბოროტ ჭორიკნებს არ ესმით, რომ იურისტი ვსაუბრობ ფაქტებით და მოხდა გაუფრთხილებლობით სიცოხლის მოსპობა.
აპელაციის სტადიაზე მე სამღვდელოებამ და საზოგადოებამ მომმართა თხოვნით გავცნობოდი ამ საქმეს და გამეკეთებინა მიუკერძოებელი დასკვნები. დამცველად კი საკუთარი სურვილით და ხარჯებით დავუდექი რამაზ დევაძეს, რადგან ვიდეომასალით გაოგნებული დავრჩი. მსოფლიოს ჩემპიონი ყველას გაწირული ჰყავდა. დამანაშავე უნდა დაისაჯოს მისი ჩანადენის მიხედვით, და არა ნაცხროვის ნარჩენების დაკვეთით, რომლებიც დღესაც მრავლად არიან პოლიცია – პროკურატურაში.
იხილეთ იდეომასალა და მისი სკრინშოტები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ მოხდა უბედური შემთხვევა, განიარაღების დროს რამაზ დევაძეს პისტოლეტი გაუვარდა. თარაში ეცემა იატაკიდან წამოდგომის მომენტში, რა დროსაც მას სახეში ტყვია მოხვდა.
ამავე კადრებით ასევე დასტურდება, რომ პროკურატურის სამი ცრუ მოწმიდან ორი მათგანი – მოლაზადე და ართმელაძე კლუბში საერთოდ არ იყვნენ, საბედისწერო გასროლის დროს, ხოლო მესამე გეჩბაია კი ზურგით იდგა და ვერ დაინახავდა.
ასევე ნახავთ, რომ რამაზ დევაძეს ხელი არ დაურტყამს თარაშისთვის და მას სულ სხვა პირები სცემენ ფეხებით, რომლებიც დღემდე არ დასჯილან. ინტერესი დევაძის მიმართ ჰქონდათ“, – წერს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
მოგვიანებით, ჯაფარიძემ ვიდეო, სოციალური ქსელიდან წაშალა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას ოპოზიციისა და დაღუპული პოლიციელის ოჯახის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
საქმე ეხება 2014 წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას. გამოძიების ინფორმაციით, რამაზ დევაძემ პოლიციელ თარაშ მუკბანიანს თავისივე იარაღიდან ესროლა. პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა, რამაზ დევაძე კი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს დააკავეს. მან მკვლელობისთვის მისჯილი 12 წლიდან მხოლოდ 4 წელი მოიხადა, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ კი პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
დაღუპული თარაშ მუკბანიანის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტისგან განმარტება მოითხოვეს, რის საფუძველზე შეიწყალა მან პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული. ოპოზიციამ ზურაბიშვილი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია და კითხვებს აჩენს.
სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
http://hotnews.ge