“აფეთქება არხანგელსკში მეზობელი სახელმწიფოებისთვის რა თქმა უნდა საფრთხეს წარმოადგენს, ეს ჩერნობილის ინციდენტის მიკროვარიანტია, ეს არ იყო მასშტაბური, მაგრამ რეალურად მაინც ბირთვულ აფეთქებაზეა საუბარი.
“შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, არქტიკას მოწამლავს თუ არა და შემდგომში სად წავა ეს რადიოაქტიური ნივთიერებებით მოწამლული ღრუბელი, ეს არავინ არ იცის”- ასე ეხმიანება “რეზონანსთან” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, 8 აგვისტოს რუსეთში არხანგელსკის ოლქში მომხდარ ინციდენტს.
8 აგვისტოს რუსეთში არხანგელსკის ოლქში სამხედრო ბაზაზე რაკეტის ძრავა გამოცდის დროს აფეთქდა. აფეთქებას სახელმწიფო კომპანია „როსატომის” 5 თანამშრომელი ემსხვერპლა და დაახლოებით 25 დაშავდა, ინციდენტის შემდგომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულ აფეთქებას რადიოაქტიური, ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება არ გამოუწვევია, თუმცა, რუსეთის ბირთვულმა სააგენტომ თქვა, რომ აფეთქებამ მიმდებარე ქალაქში რადიაციის ზრდა გამოიწვია, ამის შედეგად სამხედრო პოლიგონოს ახლომდებარე სოფლის ევაკუაციაც კი გამოცხადდა, თუმცა ევაკუაციის მიზეზად სხვა რამ დასახელდა.
„რამდენადაც ვიცი, აქ იყო წყალქვეშა ზებგერითი ტიპის სარაკეტო კომპლექსის ციკლონის გამოცდა, რომელსაც შეუძლია ბირთვული ქობინების გადაადგილება. არხანგელსკისა და მურვანსკის ოლქებს შორის არის სპეციალური პოლიგონი, ამ პოლიგონზე უნდა მომხდარიყო ამ სარაკეტო კომპლექსის გამოცდა და ამ გამოცდის მოსამზადებელ პერიოდში მოხდა ქიმიური რეაქცია და აფეთქდა.
„აფეთქდა ბირთვული რეაქტორის, დაიღუპა ხუთი გამომცდელი ინჟინერი, ჩემი ინფორმაციით, დაიჭრა დაახლოებით 25 ადამიანი, გარდაცვლილი ადამიანების დასვენება დახურულ სპეციალურ სარკოფაგებში მოხდა, ფაქტიურად გამოცხადდა რადიაციული ფონი იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ინციდენტი მოხდა. „ბურევესნიკის”გამოცდას შეეწირნენ აღნიშნული ინციდენტის დაზარალებულები.”ბურევესნიკი” – ეს არის წყალქვეშა უპილოტო მართვის სარაკეტო კომპლექსი, რომელიც მუშაობს ბირთვულ რეაქტორზე და ამ ბირთვული რეაქტორის აფეთქებამ გამოიწვია ეს ყველაფერი.”-ამბობს მაისაია.
ექსპერტისვე აზრით, ამ საკითხზე რუსეთი იმიტომ დუმს, რომ აღნიშნული გამოცდა იყო ზესაიდუმლო.
„ამაზე რუსეთი იმიტომ დუმს, რომ ეს იყო ზესაიდუმლო გამოცდა, რომელიც დაცული აქვთ გრიფით, ყოველთვის ცდილობენ, რომ რაც იქ ხდება ყველაფერზე მოახდინონ დისტანცირება.
“რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ თურმე ინციდენტის ადგილზე არავითარი რადიაცია არ არსებობს, მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოს ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ რაც მე ვიცი, ინციდენტის ადგილზე რადიაციული ფონი არის კრიტიკულზე საკმაოდ მაღალი და მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობის ევაკუაციაც კი არის განხორციელებული.
„აღნიშნული საგამოცდო რაკეტის სიჩქარე საკმაოდ მაღალია 3-4 მახია, რომლის დაჭერა საზენიტო და სარაკეტო კომპლექსის მეშვეობით ფაქტიურად შეუძლებელია.
„ბირთვული რეაქტორის აფეთქებამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია – რეაქტორი ცეზიუმზე მუშაობს, ცეზიუმი ბუნებრივია, ადამიანისთვის სახიფათოა. რადიაციის გამო სკანდინავიაში ერთი ამბავია ატეხილი, რამდენადაც ვიცი, ნატოს ხელმძღვამელმაც შეშფოთება გამოთქვა, ბრიტანეთმა და ამერიკამ რუსეთს დახმარება შესთავაზა, თუმცა, რუსებმა დახმარებაზე უარი უთხრეს, ამ ეტაპზე როგორია სიტუაცია, არ ვიცი, რადგან რუსული მხარე ამაზე დუმს.”- ამბობს მაისაია „რეზონანსთან”.
ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ინციდენტის დაზარალებულები სამხედრო ჰოსპიტლის მაგივრად საჯარო საავადმყოფოში გადაიყვანეს, არხანგელსკის რეგიონალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, დაზარალებულები სპეციალული დამცავი პლასტიკური ჩანთების გარეშე მიიღეს, ექიმები ეჭვობდნენ, რომ საქმე სერიოზულ რაღაცას ეხებოდა, თუმცა ისინი არავინ გააფრთხილა რადიაციისგან თავდაცვის შესახებ.
არხანგელსკის რეგიონალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, (რომლებმაც „მოსქოუ თაიმსს” ანონიმურობის დაცვა სთხოვეს) საავადმყოფოს მთელ პერსონალს, რომლებსაც დაზარალებულებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ, რუსეთის „ეფ-ეს-ბემ” გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს, საბოლოოდ საავადმყოფოს თანამშრომლებს მოსკოვში სამედიცინო შემოწმების გავლა შესთავაზეს, ამ შეთავაზებაზე საავადმყოფოს 60 ექიმი დასთანხმდა, ერთ-ერთ ექიმს კუნთოვან ქსოვოლში კი რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137 აღმოაჩნდა.
აფეთქების მომდევნო დღეებში რადიოაქტიური ნაწილაკების გლობალური ქსელის 4 სენსორი, რომლებიც აფეთქების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა, გამოირთო, ამის შესახებ ბირთვული გამოცდების აკრძალვის ორგანიზაციის (CTBTO) დირექტორი წერს.
მისი თქმით, 10 აგვისტოს “კომუნიკაციის პრობლემების” გამო კავშირი გაწყდა დუბნას და კიროვის მონიტორინგის სადგურებთან, ხოლო 13 აგვისტოს ბილიბინოს და ზალესოვოს საგდურებთან. ის არ გამორიცხავს, რომ სადგურების გათიშვა აფეთქებას უკავშირდებოდეს და რუსეთი ამგვარად ინფორმაციის დამალვას ცდილობდეს, თუმცა წერს, რომ ორგანიზაცია ინფორმაციას სხვა სადგურებიდან იღებს და ამუშავებს, ამიტომ რუსეთის მცდელობა უშედეგო იქნება.
სადგურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ზედამხედველობს. ისინი სენსორების გამორთვაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ნორვეგიის ინსტიტუტ NORSAR-ის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ რუსეთის სოფელ ნიონოქსის მახლობლად აგვისტოს დასაწყისში მოხდა არა ერთი, არამედ ორი აფეთქება. თუმცა პირველი აფეთქება, რომელმაც მთელი მსოფლიო პანიკაში ჩააგდო დღემდე ბურუსითაა მოცული.
Geotimes.ge.