კახა კუკავა: „მოვუწოდებ მმართველი პარტიის ლიდერს, აცადოს გიორგი გახარიას ერთი წელი, არაფორმალური ჩარევები არ იყოს“

მოვუწოდებ მმართველი პარტიის ლიდერს, აცადოს გიორგი გახარიას ერთი წელი, არაფორმალური ჩარევები არ იყოს, – განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.

 

„მინდა, მოვუწოდო მმართველი პარტიის ლიდერს, აცადოს გიორგი გახარიას ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვა. თუკი გამოუცხადეს ნდობა, ნიშნავს იმას, რომ გახარიას საქმეში არაფორმალური ჩარევები არ უნდა იყოს. გიორგი გახარიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მარტო ძალისმიერი მეთოდებით პროტესტთან გამკლავება არის შეუძლებელი, ის რომ დაგროვდა საზოგადოებაში პროტესტი და უკმაყოფილება, ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციების შედეგი. ეს არის ობიექტურად მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი. ჩვენ, ბუნებრივია, ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ მხარს არ ვუჭერთ.

 

მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ კურსი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, უარყოფითი იყო ქვეყნისთვის, ქვეყანა უკან დასწია. ამ მთავრობის მთავარი ისტორიული მისია არის, რომ 2020 წლის არჩევნებამდე ქვეყანა მიიყვანოს მშვიდად და გადააბაროს არჩევნებში გამარჯვებულ ძალას მშვიდად, რომ არ მოხდეს სისხლის ღვრა რუსთაველზე, არც ლარის დევალვაცია და არც სხვა ექსტრემალური მოვლენები, რისი დიდი სურვილიც აქვს ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში. ეს არის მთავრობის ამოცანა“, – განაცხადა კახა კუკავამ.
Guardian.ge.