საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედებული საბანკო რეგულაციებით და მიღებული შედეგებით კმაყოფილია.
გვენეტაძის მოსაზრებით, სწორედ ახალი რეგულაციების დამსახურებაა ის, რომ კომერციულმა ბანკებმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაზარდეს. გვენეტაძის განმარტებით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
„2019 წლის ივლისის მდგომარეობით საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა 13,7 %-ს შეადგენს. კორპორატიულ სექტორში გვაქვს 18%-იანი ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესში 19%-იანი ზრდა. ასევე ბიზნეს სესხებში 7,7%-იანი ზრდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია”, – აცხადებს გვენეტაძე.
მისივე განმარტებით, პოზიტივია ისიც, რომ შემცირდა დოლარიზაცია, მოიმატა იურიდიული პირების დაკრედიტებამ და ლარში აღებული იპოთეკური სესხების მოცულობამ.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის იანვრიდან ფიზიკურ პირებს სესხის აღება გაურთულდათ. ბიზნესის ერთი ნაწილის მოსაზრებით, ამან მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა.
kvira.ge
