ვისი დავალებით შეიწყალა პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა? – ხელისუფლების გარიგება კრიმინალურ დაჯგუფებასთან.
საქართველოს პრეზიდენტი და „ქართული ოცნება“ მორიგ სკანდალში ეხვევა. ბათუმში მოკლული 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის ოჯახი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების უშუალო დავალებით შეიწყალა.
2015 წელს 22 წლის პოლიციელის მკვლელობის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული სარფის საბაჟოდან გააპარეს და პოლიციამ ის მხოლოდ სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ დააკავა. მედია აქტიურად წერდა, რომ ბრალდებული ხოფაში „ლავას ოღლისთან“ უნდა ჩაეყვანათ.
თუმცა, როგორც სჩანს, ხელისუფლების მაღალჩინოსნები მიხვდნენ, რომ ბრალდებულის გაპარება დიდ სკანდალთან იქნებოდა დაკავშირებული და იძულებული გახდნენ, დევაძე დაეკავებინათ.
რამაზ დევაძის სახელმა გაიჟღერა მაშინაც, როცა მინდია გორაძე საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ დევაძე დახვდა ლავას ოღლის სარფში. გავრცელებული ინფორმაციით, დევაძე ეხმარებოდა ე.წ. კანონიერ ქურდს შს სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დალაგებაში. როგორც ცნობილია,რევაზ დევაძე, მინდია გორაძე და ალექსანდრე ჭიკაიძე წლების წინ მოჭიდავეების ერთ გუნდში იყვნენ. ითქვა ისიც, რომ მაშინ ჭიკაიძემ მინდია გორაძესთან საურთიერთობოთ მისი ნდობით აღჭურვილ პირად ჭიდაობის ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელი, გეგა გეგეშიძე გამოყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი ლავას ოღლი აქტიურად ეხმარებოდა „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში, აჭარის რეგიონში ხმების მოზიდვაში და ამ სქემის დალაგებას უშუალოდ მინისტრი გახარია აწარმოებდა. ჩვენი წყაროს ცნობით, არსებობდა ხელისუფლების და უშუალოდ შს მინისტრის მხრიდან ლავას ოღლის კრიმინალურ დაჯგუფებასთან გაცემული გარკვეული გარანტიები იმისა, რომ თურქეთში დაპატიმრებული მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირება მოხდებიდა, შემდეგ კი მას საპატიმროდან გაათავისუფლებდნენ, თუმცა თურქულმა მხარემ კრიმინალის გადმოცემაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, ჩვენი წყაროს ცნობით, ლავას ოღლის კრიმინალურმა და ჯგუფებამ რევაზ დევიძის, როგორც მათი დაჯგუფების ერთერთი წევრის, შეწყალება მოითხოვა და მიიღო კიდეც.
პოლიციელის მკვლელის ვადაზე ადრე შეწყალების შემდეგ, კითხვის მთავარი ადრესატი სკანდალური შეწყალების ავტორია, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ახსნა-განმარტებებს არ აკეთებს და ამბობს, რომ მსჯავრდებულების შეწყალება ქვეყნის პირველი პირის დისკრეციული უფლებაა.
“რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით”- უთხრა ჟურნალისტს პრეზიდენტმა.
მკვლელობა ბათუმში 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ “ლეგასში” მოხდა. ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.
2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
nevpost.ge.