შეწყალების აქტმა,წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს

შეწყალებაზე ჩემი გადაწყვეტილება თუ პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მათ ვპირდები, არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს პოლიციისადმი სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პრეზიდენტის თქმით, შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

„როგორც საზღვარგარეთ ვიზიტის დროს დავაანონსე, შეწყალების აქტის გამოცემის შედეგად შექმნილ ვითარებაზე კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთებდი.

შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება. თუმცა, ჩემთვის ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ჩემს მიერ გამოცემული შეწყალების აქტი, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა.