პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მოსმენები „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრით გრძელდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა დაიწყო. დღის მეორე ნახევარში კი, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან ოკუპაციის თემით დაინტერესება მოითხოვეს. ადა მარშანიას თქმით, სწორედ ამ საკითხზე უნდა იყოს ფოკუსირებული მთავრობა.
„აპირებთ თუ არა თქვენ, რომ მთავრობის სხდომები ქვეყნის გამთლიანების საკითხით დაიწყოთ. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხით. მნიშვნელობა არ აქვს კონრეტულ დღის წესრიგს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში მთავრობის სხდომა ქვეყნის გამთლიანების საკითხით უნდა იწყებოდეს“, – მიმართა მარშანიამ გახარიას.
მან საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატსაც მიმართა.
„მოჯადოებულ წრეში დავდივართ და თქვენ ამას ხედავთ. კარგია ჟენევის და კარასინის ფორმატებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი-რატომ ჩავიკეტეთ ამ ორ ფორმატში? ჩვენ გვჭირდება დიალოგი მოსკოვთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რაც კრემლის დახმარების გარეშე არ გამოვა, ეს არის მწარე რეალობა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მარშანიამ მთავარ შეცდომად კოაბიტაციის პოლიტიკის გაგრძელება დაასახელა და მოიწონა, გახარიას გუშინდელი განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასრულებს. თუმცა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ეს დაგვიანებული განცხადება იყო.
„აქ, პარლამენტში ყუთებია მოტანილი, სადაც ჩალაგებულია ნახევარი მილიონი მოქალაქის მოთხოვნა, რომ სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმი აღიარებული იყოს რეჟიმად და დაიწყოს სამართლებრივი დევნა იმ ადამიანების, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. ბატონო გიორგი, დასრულება ამ დანაშაულებრივი ძალის არ იწყება თუნდაც რეზოლუციის მიღებით პარლამენტში?! ერთი გუნდი არ ხართ?! მიმართეთ ჩვენს კოლეგებს, ჩვენ ვერ გავაგებინეთ მათ, რომ პირველ რიგში ეს უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
8 სექტემბერს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის მმართველ გუნდს 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.