გიორგი გახარია – ვიდრე მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა შესაძლებლობას, ჟენევის იქნება თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატია, სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი, ალბათ ნაადრევია

სანამ მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც დღეს არსებული ფორმატები – ჟენევის იქნება თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატია, სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი, ალბათ ჯერ ნაადრევია, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამსაპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე ადა მარშანიას განცხადებას, რომ „პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა“.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, პირველ რიგში, იმაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ დღეს არსებული ფორმატების შესაძლებლობები მაქსიმალურად ამოვწუროთ.

„ქალბატონ ადას გამოსვლაში, საუბარი იყო ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე. ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ფორმატები. რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ და სანამ მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც დღეს არსებული ფორმატები – ჟენევის იქნება თუ აბაშიძე- კარასინის ფორმატია, სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი, ალბათ ჯერ ნაადრევია. პირველ რიგში,უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ ამ ფორმატების შესაძლებლობა ამოვწუროთ მაქსიმალურად და გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად.

რაც შეეხება პირდაპირ კავშირებს ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან, რა თქმა უნდა, აქ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ ყველაფერი, რაც სახალხო დიპლომატიასთან არის დაკავშირებული. შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ იმისთვის, რომ მათი შედეგები კიდევ უფრო ხელჩასაჭიდი და ეფექტური იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეფექტურ კონტროლს ჩვენ ვერ ვახორციელებთ და უსაფრთხოების კონტექსტში, როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ ურთიერთობებზე, მჭიდრო კავშირებზე სხვადასხვა მიმართულებით, ესეც უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გახარიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, განაცხადა, რომ „პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის გარეშე, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა“.

მისივე განცხადებით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი კარგია, თუმცა, ქვეყანა სხვა ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის უნდა მოემზადოს.
უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამპარლამენტში განაცხადა.

აღნიშნულით, ის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი წევრის, ადა მარშანიას გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც გახარიამ განმარტა, ქვეყნის ძირითადი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა.

„მე ვფიქრობ, ეს ერთმნიშვნელოვნად არის საკითხი, რომელზეც არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ, საზოგადოებაც შეთანხმებულია და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ყველა მიმართულებით, საზოგადოებრივი ცხოვრების, მთავრობის, თუ პოლიტიკური პროცესების, ეს ყველაფერი უნდა იყოს განმსჭვალული ამ მიზნის მისაღწევად. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ფაქტი და თუ რჩება აღქმა, ან შეგრძნება, რომ ვმოქმედებთ, ან ვმუშაობთ, ყოველდღიურად ისე, რომ სადმე გვავიწყდება ეს პრობლემა, ამას გამოსწორება სჭირდება.

ყველაფერთან ერთად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის ჩვენი შიდა და გარე უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, შესაბამისი უწყებებიც გარდა მთავრობისა, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ვისაუბროთ ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე, როგორც სამოქალაქო, პოლიტიკური, თუნდაც, ეკონომიკური მიმართულებით, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი. უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა. სხვა ყველა რესურსი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა გახარიამ.
ipn.ge