დღეს რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებული გეგმის მიხედვით პოლიტპატიმრები გაცვალეს. დილის 00:09 საათზე მოსკოვის სპეციალური დანიშნულების „ლეფორტოვოს“ იზოლატორიდან ვნუკოვოს აეროპორტის მიმართულებით ორი სამგზავრო ავტობუსი გავიდა. რუსული მედიის ცნობით, ასევე კიევში, ბორისპოლის აეროპორტში მივიდა ავტობუსი, რომელშიც რუსი პატიმრები ისხდნენ.
09:30 ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოებით, რომელიც პრეზიდენტის ავიაპარკს ეკუთვნის. ხოლი 10:30 საათზე ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავი რუსეთიდან ჩაფრინდა. ლაინერებში ჩასვეს პატიმრები. თვითმფრინავები შესაბამისად რუსეთის და უკრაინის მიმართულებით გაფრინდნენ.
რუსული მედიის ცნობით, პატიმრების გაცვლა 35/35 სქემით მოხდება. რუსული მხარე გაათავისუფლებს 24 უკრაინელ მეზღვაურს, რომლებიც ქერჩის ყურეში დააკავეს, ასევე რეჟისორ ოლეგ სენცოვს, რომელსაც ტერორიზმში ედება ბრალი და 20 წელი მიუსაჯეს.
ადვოკატ მარკ ფეიგინის ინფორმაციით, პატიმრების გაცვლის სიაშია ასევე რომან სუშენკო, ევგრნი და არტურ პანოვები, ალექსანდრე კოლჩენკო, სტანისლავ კლიხი, ნიკოლაი კარპიუკი, ალექსეი სიზონოვიჩი, ვლადიმირ ბელუხი და ედემ ბეკიროვი.
უკრაინულმა მხარემ თავის მხრივ უნდა გაათავისუფლოს „რია ნოვოსტი უკრაინის“ (РИА Новости Украина) რედაქტორი კირილ ვიშინსკი და ვლადიმირ ცემახა. რომელიც მაილაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის საქმეში მოწმეა. ამ დროისთვის გათავისუფლებულთა ზუსტი სიის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
უკრაინული მედია 35 პატიმრის გადაცემის შესახებ წერს. უკრაინის ყოფილი ომბუდსმენის ნინა კარპეჩოვას განცხადებით, გაცვლის ჩარჩო პროცესის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11 ადამიანი შეიწყალა და მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი. ზელენსკიმ თავის მხრივ 16 ადამიანი შეიწყალა. თუმცა ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება არ მომხდარა.