ლაფანყურის მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს და ჰესისკენ მიმავალი გზის პიკეტირებას აპირებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა “ლოპოტა ჰესის” მშენებლობას აპროტესტებს.

დღეს მათ აქცია გამართეს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შეაჩეროს სოფლიდან 7 კილომეტრში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

აქციის მონაწილეების თქმით, მდინარეს არ გააჩნია წყლის რესურსი და მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. მათივე ვარაუდით, უნიკალური ჯიშის ხეებს გაკაფავენ, რაც ფლორას და ფაუნას უდიდეს საფრთხეს შეუქმნის.

ადგილობრივებს არც გარემოზე ზემოქმედების რისკების შესახებ აქვთ ინფორმაცია.

ისინი ხელმოწერებს აგროვებენ და ჰესისკენ მიმავალი გზის პიკეტირებას აპირებენ, რათა მშენებელ კომპანიას ტერიტორიაზე ტექნიკის მობილიზების საშუალება არ მისცენ.

აქციის მონაწილეებს შპს ,,ართანა- ლოპოტა პესის” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ შეხვედრიან.