ბათუმში ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, სადაც საქართველოს სხვადასხვა 100 (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) სკოლის მოსწავლე ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით საწყის ცოდნას დაეუფლება.
ბანაკის ორგანიზატორების განცხადებით, ეს მოსწავლეებს STEAM მიმართულებით კარიერის არჩევაში დაეხმარებათ.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, 7 დღის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ პროგრამირებაზე, მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე, გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში და ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს. მისივე თქმით, ბანაკში მონაწილეობა უფასოა, მონაწილეები შეირჩევიან STEAM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე. ბანაკში სრულად უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება, კვება, განთავსება და ბანაკის პროგრამული ნაწილი.