“გირჩის: ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პატრიარქის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამ უკანასკნელმა მარიხუანასთან დაკავშირებით გააკეთა.
“საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე ვთქვი – ამით მნიშვნელოვნად დავშორდით საბჭოთა კავშირსთქო.
რამდენიმემ მომწერა – ეგ რა შუაშიაო.
მთავარი განსხვავება ‘საბჭოთა კავშირსა’ და თავისუფალ საზოგადოებას შორის მდგომარეობს იმაში თუ როგორ უყურებს ეს ორი სისტემა ადამიანს.
თავისუფალი საზოგადოება ნიშნავს რომ სისტემა საკუთარ შემადგენელ კომპონენტებს უყურებს როგორც ადამიანებს – თავისუფალ არსებებს, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე.
‘საბჭოთა კავშირი’ ნიშნავდა სისტემას რომელიც ადამიანებს თვლიდა არა ადამიანებად, არამედ რაღაც არსებებად, რომელიც უნდა ემართათ ძლიერთა ამა ქვეყნისა, რადგან თუ ამ არსებებს მისცემდნენ თავისუფლებას, ისინი თავს დაიღუპავდნენ.
იმ დაშვებიდან რომ ადამიანები სინამდვილეში არ არიან ადამიანები, ანუ თავისუფალი არსებები, არამედ არიან სამართავი ხროვა – ერთი ნაბიჯია ადამიანების ხოცვამდე, სტატისტიკის გასაუმჯობესებლად.
ეს იყო საბჭოთა კავშირი.
ამიტომ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი – ამ გადაწყვეტილებით ითქვა რომ ადამიანი თავისუფალია აკეთოს რაც უნდა ის თუ სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს.
და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ასეთი ქმედებებისთვის ადამიანი დასაჯოს.
ანუ, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ ჩვენ სხვანაირი სახელმწიფო ვართო.
აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო.
ეს ადამიანი კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას.
ის ფიქრობს რო მან უნდა განგისაზღვროთ როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა არის ცუდი.
ის ფიქრობს რომ მან უნდა ‘დაგრთოთ ნება’ ქმედებისთვის, რომლითაც არავის აყენებთ ზიანს.
ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას.
ის სრულად განასახიერებს იმას რაც იყო საბჭოთა კავშირი”, – წერს ჯაფარიძე.