გიორგი გახარია ანაკლიის პროექტს მხარდაჭერას ჰპირდება

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო  ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის რრმაწყლოვანი პორტის პროექტი განხორციელდეს. მას არ გაუმახვილებია ყურადღება, როგორ აპირებს ამას, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროექტის განმახორციელებლებს ჰპირდებოდა და სადღეისოდაც ჰპირდება დახმარებას. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, ფრაქციის პორმატში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.       

„ჩვენი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური პოტენციალის ათვისების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ლოჯისტიკა. ამდენად, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საპორტო ინფრასტრუქტურასთან, არის პრიორიტეტული. შესაბამისად, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაშიც, არის პრიორიტეტული. ამ ყველაფერს სახელმწიფო თავისი ქმედებით ადასტურებს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ანაკლიის პორტი არის ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც მოხვდა საქართველოს კონსტიტუციაში.  შეუძლებელია, სახელმწიფომ სხვა უფრო მაღალი შეფასება მისცეს პროექტს, როგორც პროექტს და მის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. თუმცა, არ შეიძლება პროექტზე საკუთრების უფლება გაუჩნდეს ვიღაცას: ეს პროექტი არის ქვეყნის, სახელმწიფოსი და თითოეული მოქალაქის. თითოეული ლარი, რომელსაც სახელმწიფო ამ პროექტში ხარჯავს, და უკვე ასობით მილიონი აქვს ამ პროექტში დახარჯული, ეს თითოეული ჩვენი მოქალაქის შენატანია ამ პროექტის განხორციელებაში. სახელმწიფო ყველა იმ ნაბიჯით, რასაც ის აკეთებს, იძენს უფლებას, მოითხოვოს კერძო მესაკუთრეებისგან, პარტნიორებისგან თავიანთი ვალდებულებების შესაბამის ვადებში და ხარისხიანად შესრულება. ეს არის და ეს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ანაკლიის პროექტზე, როგორც ფაქტორზე ქვეყნის ეკონომიკის, თუნდაც, ქვეყნის უსაფრთხოების და ქვეყნის განვითარების ნაწილში, ხოლო მეორეს მხრივ, ანაკლიის პროექტზე, როგორც კომერციულ პროექტზე. ამ პროექტის კომერციული შემადგენელი არის კერძო ინვესტორების პასუხსიმგებლობის ზონა და მათ უნდა გვესაუბრონ ამაზე: რა ვადებში და რამდენად ეფექტურად შეძლებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ ყოველთვის ჰპირდებოდა და დღესაც დაჰპირდება მხარდაჭერას, გვერდში დგომას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი წარმატებულად განხორციელდეს.  
accent