ქარიშხალი „დორიანი“ ფოტო: Twitter

„დორიანი“ მეორე კატეგორიამდე გაძლიერდა და კანადის სანაპიროს უახლოვდება.

ატლანტის ოკეანეში მძვინვარე ქარიშხალი „დორიანი“, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში შესუსტდა, ისევ გაძლიერდა. აშშ-ის ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „დორიანი“ მეორე კატეგორიამდე გაძლიერდა და კანადის სანაპიროს უახლოვდება.

მათივე ინფორმაციით, ქარის მაქსიმალური სიჩქარე წამში 44,7 მეტრს აღწევს. ასეთ ქარს ხეების წაქცევა და ფანჯრებში შუშების ჩამსხვრევა შეუძლია.

ახლა ქარიშხალი კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში მდებარე ქალაქ ჰალიფაქსიდან 225 კილომეტრში იმყოფება და ჩრდილო-აღმოსავლეთით მიემართება. სავარაუდოდ, ის ახალი შოტლანდიის სანაპიროს რამდენიმე საათში მიაღწევს.

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, ათასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. წინასწარი მონაცემებით, ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ მიერ მიყენებული ზარალი $7 მილიარდს აღწევს.