Facebook-ის ყალბი პროფილების გამოყენებით თაღლითობისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელ „Facebook“-ის ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებული თანხა 1000-ზე მეტი ლარია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

imedinews