როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ საკუთარი პოზიცია გაამყარო?

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

„დღეს ავღანეთში ქვეყნის პრეზიდენტს და „თალიბანის“ ლიდერებს უნდა შევხვედროდი. თუმცა მას შემდეგ რაც ყალბი ბერკეტების შესაქმნელად მათ ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს, მე შეხვედრები გავაუქმე და მოლაპარაკებების პროცესი გავაუქმე.

როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ საკუთარი პოზიცია გაამყარო? მათ არ იცოდნენ, რომ ყველაფერს აფუჭებდნენ. თუ ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს ცეცხლს ვერ წყვეტ და 12 უდანაშაულო ადამიანს კლავ, სავარაუდოდ, არ ხარ უფლებამოსილი შინაარსობრივი შეთანხმების შესახებ სალაპარაკოდ. კიდევ რამდენიმე წელი უნდა იომონ?“, – წერს ტრამპი.

7 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა თალიბანთან პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიოს.

„თალიბანთან“ აშშ-ის შეთანხმების თანახმად, ვაშინგტონი ავღანეთიდან 5 400 სამხედროს გაყვანას გეგმავდა. ამის შესახებ 2 სექტემბერს შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა განაცხადა. შეთანხმება მოლაპარაკებების 9 რაუნდის შედეგი გახდა.

ხალილზადის ინტერვიუს ეთერში გასვლისას ქაბულში აფეთქება მოხდა, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. როგორც BBC წერს, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და „თალიბანს“ შორის შეთანხმებით ავღანეთში ყოველდღიური ძალადობა არ შეწყდება.

დღეისათვის ავღანეთში 14 000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს. კონტინგენტის სრულად გაყვანა რამდენიმე პირობაზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.