საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დეპუტატი ემზარ კვიციანი დაუპირისპირდა. პარლამენტის წევრი შენობიდან გამოვიდა, მას აქტივისტები გაეკიდნენ და „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს.
მან აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხჰყოფა მიაყენა. ის ინციდენტის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის შესწავლა და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
„მოხდა ინციდენტი. როგორც კი გავერკვევით, მივცემთ სამართლებრივ შეფასებას. პოლიცია დროულად ჩაერთო. მხარეები განრიდებული არიან. ყველაფერს დავაფიქსირებთ და სამართლებრივ შეფასებას მივცემთ. გაცნობებთ ყველაფერს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ინციდენტამდე პარლამენთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციაზე ორგანიზატორებმა ცხვრები მიიყვანეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მოძრაობის ორგანიზატორები და მხარდამჭერები დილიდანვე შეიკრიბნენ.
„სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და პლენარული სხდომის პარალელურად სკანდირებას გააგრძელებენ.
პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც კანონმდებლები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.