ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ უკრაინულ ტელეარხ 1+1-თან საუბარში რუსეთში კონცერტების შეწყვეტის შესახებ ისაუბრა.
ტელეწამყვანის კითხვაზე, რამდენად რთული აღმოჩნდა ეს გადაწყვეტილება, ქათამაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
„ეს არის ფაქიზი, ფრთხილი, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არა მხოლოდ ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში, არამედ ორ ქვეყანას, ხალხებს შორის ურთიერთობებში. ჩემი გადაწყვეტილების მიუხედავად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს რუსი მსმენელი“, – განაცხადა ქათამაძემ.
2019 წლის 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მუსიკალური სერვისებიდან ნინო ქათამაძის სიმღერები წაშალეს. ამას წინ ქართველი მომღერალის მიერ გავრცელებული წერილი უძღოდა, რომელშიც განაცხადა, რომ ის რუსეთში აღარ იმღერებს.