საქართველო აფიქსირებს მკაფიო მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება ადგილობრივ არჩევნებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ათეულ სუბიექტში, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში და ქალაქ სევასტოპოლში მიმდინარეობს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს 2019 წლის 8 სექტემბერს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ უკანონო „ადგილობრივ არჩევნებს“, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფას წარმოადგენს. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი უკრაინის განუყოფელი ნაწილია.

საქართველო კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაფიო მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.