„არცერთი თანამდებობა, არცერთი ხელისუფლება არ არის მუდმივი და ხელოვნური არ ვიქნები, თუ ვიტყოდი, რომ მთელი ჩვენი საქმიანობა მთავარ გამოწვევებზე მუშაობასთან ერთად, მათ შორის, უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ როცა დრო მოვა, შეგვცვალონ ჩვენზე უკეთესებმა და არა წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებულმა, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსებმა“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოკუპაციის გაპროტესტებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანამ ტერიტორიები და ადამიანები წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ჩართულობის გამო დაკარგა. მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაც შეახსენა, რომელსაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს.
„2012 წლის შემდეგ 220-ზე მეტი ძალიან სერიოზული, მხარდამჭერი დოკუმენტია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესრულებით, რომელიც ეხება მთავარ პრობლემას – ოკუპაციას, დეოკუპაციის საკითხებს და ეს არის „ქართული ოცნების“ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მიღებული შედეგი. დღეს აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად, ეს პრობლემა ჩვენ მოგვაწერონ. გარეთ არიან ახალგაზრდები. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიცრუის შედეგად, იქ არის ბევრი ახალგაზრდა, რომელსაც ჯერა იმისა, რასაც ამბობს და რასაც აკეთებს. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ, მაგალითად, კარგად წაიკითხონ რეზოლუციის ეს პუნქტები“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით არცერთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა