„ყველა ფორმატი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნა არის მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა იყოს რას შეიძლება პრიორიტეტული და ამ მიმართულებით ჩვენი ქმედებები იქნება შეუქცევადი და ამ ნაბიჯებს ჩვენ მომავალშიც აქტიურად გადავდგამთ.”-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები აქვს და პარადოქსულია, რომ ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეიყვანისთვის სწორედ ამ მიმართულებას იყენებენ:
„პარადოქსულია, რომ ის მიმართულება სადაც ჩვენ გვაქვს ყველაზე ხელშესახები შედეგები, არის გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში და აცხოვრონ სიყალბეში, წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კურსში გვაქვს პრობლემები. მე ფაქტებით ვისაუბრე ჩვენს საკომიტეტო მოსმენაზე, ამის შესახებ იყო საუბარი ფრაქციებთან შეხვედრაზე, ასევე დღევანდელ შემაჯამებელ გამოსვლაში იმ ძირითად პრიორიტეტებზე საუბრისას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაასახელა.
საქართველო ყველა უმაღლეს ტრიბუნას იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და უკანონო ქმედებებს აქვს სათანადო შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, თუნდაც ის, რომ ჩვენ როგორც არასდროს, გაცხადებული გვაქვს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ის, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, ის, რომ დღეს ვართ ასოცირებული წევრი და გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი უნდა, გვაქვს საგზაო რუკა, მივდივართ ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისკენ, ნატოს, როგორს ყველაზე მოწინავე ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის – ყველაფერი ეს მიანიშნებს წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე, და მართლაც პარადოქსია, რომ ჩვენი ოპონენტები ამას ისევე როგორც სხვა თემებს, იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში.”- განაცხადა მინისტრმა.