ლადო სადღობელაშვილი_ ნაციონალები დამთავრდებიან მხოლოდ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ დასრულდება.

გახარიამ შეიძლება ივანიშვილი ჩამოაგდოს“

რატომ დანიშნა აშშ-მ ელჩი მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერად წარადგინეს, რას ფიქრობენ მასზე ვაშინგტონში, როგორ იმუშავებს გუნდის გარეშე, ვინ და რატომ დაუნიშნა მას ივანიშვილმა მაკონტროლებლად, რა საფრთხეები ემუქრება „ოცნების“ ლიდერს, რატომ არის საყურადღებო სანდრა რულოვსის განცხადება, რატომ არ დაამთავრებს „ქართული ოცნება“ ნაციონალურ მოძრაობას, დადგა თუ არა საქართველო რუსულ რელსებზე? -ამის შესახებ „თაიმერს“ სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

_ ლადო, თქვენ არაერთხელ გითქვამთ ჩვენთან საუბარში, რომ გახარია ნაციონალებისთვის ერთგვარი საფრთხობელა იყო. პრემიერობის კანდიდატად წარდგენისას, მან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში უთხრა, რომ ის მათ დაამთავრებდა. ნაციონალების დასამთავრებლად მოვიდა პრემიერად?
_ არა მგონია ნაციონალური მოძრაობის დამთავრება იყოს „ქართული ოცნების“ და გიორგი გახარიას მიზანი. ის პრემიერის პოსტზე სულ სხვა მისიის შესასრულებლად დაინიშნა.
უკვე აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ნაციონალური მოძრაობის დამთავრება არ აწყობს. ასე რომ იყოს, გიგა ბოკერიას პარტია არ იქნებოდა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია. ყოფილი ხელისუფლების გაქრობა თუ ვინმეს არ აწყობს, ეს მმართველი პარტიაა.
_ ეგ რომ სდომოდათ, 2012 წელს ხალხმა დაამთავრა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ კოჰაბიტაციას მიაწვა.
_ მეც მანდ ვარ _ არ აწყობს „ოცნებას“ ნაცების გაქრობა. ეს ორი ძალა ჰაერივით სჭირდება ერთმანეთს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები _ ნაციონალები დამთავრდებიან მხოლოდ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ დასრულდება.
დაახლოებით ისევე მოხდება, როგორც მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების შემთხვევაში. ეს ორი პარტია ერთი შეხედვით ერთმანეთს მტრობდა, მაგრამ როცა საჭირო გახდა ერთმანეთს დაუდგნენ გვერდით. „ოცნება“ და ნაცებიც ასე არიან. და როგორც მოქკავშირის გაქრობამ გააქრო „აღორძინება“, ასევე გააქრობს „ოცნების“ გაქრობა ნაციონალებს.
მართალია გახარიამ თავი, როგორც ნაცებთან მებრძოლმა ისე გამოიჩინა, მაგრამ ის ნაცებს ვერ დაამთავრებს. გამორიცხული არაა, რომ ის თავად დაამთავრონ.
_ თქვენი აზრით, ნაცები დაამთავრებენ გახარიას?
_ არა, „ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. რამე სასწაული თუ არ მოხდა, ერთ წელზე მეტი გახარია პრემიერად ვერ გაქაჩავს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას საკუთარი გუნდიც კი არ ჰყავს. ახლა აკოწიწებს გარემოცვას.
_ გუნდი როგორ არ ჰყავს, ახალგაზრდა და ხანშიშესული ნაშების ნაწილი გახარიაზე ეცემა.
_ ეგენი ადრე სხვებზე ეცემოდნენ. მაგათ იმედად ყოფნა გახარიას არ გამოადგება. არაა ბიძინა ივანიშვილი ის ტიპი, რომ ახალი პრემიერი გააძლიეროს და თავის ნებაზე მიუშვას. ეჭვი მაქვს ეგაც ვანო მერაბიშვილის ბედს გაიზიარებს. არის სხვა ვარიანტიც.
_ სხვა ვარიანტზე მოგვიანებით ვისაუბროთ და ვანო მერაბიშვილის ბედში რას გულისხმობთ, ციხეში წავა?
_ ციხეში არა მგონია წავიდეს, მაგრამ აუცილებლად დაასუსტებენ. ვანო მერაბიშვილი ძალიან ძლიერი შს მინისტრი იყო. პრემიერად გადაყვანის შემდეგ, ის დასუსტდა. ასევე მოხდება გახარიას შემთხვევაშიც.
ივანიშვილს ასეთი სტილი აქვს, ადამიანებს აძლიერებს, ასუქებს და მერე თავიდან იშორებს. ასე იყო ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში _ ადამიანს ჯერ სრული ძალაუფლება ჩააბარა, მერე გაუშვა.
იგივე გაუკეთა რესპუბლიკელებს, პარლამენტსა და მთავრობაში წამყვანი პოსტები ჩააბარა და მერე ყველა ერთად მოიშორა.
გახარიამაც შეიძლება მათი ბედი გაიზიაროს, ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ პრემიერი ამერიკასთან არ ასოცირდება. მას ვაშინგტონი უბრალოდ არ ცნობს.
_ რატომ გგონიათ რომ არ ცნობს?
_ სადმე გინახიათ რომ გახარია ამერიკელებს ხვდებოდა? მე მსგავსი არაფერი მსმენია.
_ ბოლო ოთხ თვეში ის ორჯერ იყო ამერიკაში ჩასული.
_ მერე ვის შეხვდა? არანაირი ინფორმაცია არ დაიდო. რომელიმე წონიან ფიგურას რომ შეხვედროდა თეთრი სახლიდან, „ოცნება“ ამას გააპიარებდა. აშკარაა რომ ის ამერიკისთვის მიუღებელია და ამას ვაშინგტონის ბოლო გადაწყვეტილებაც მოწმობს.
კარგა ხანია საქართველოში აშშ-ს ელჩი არ ჰყავდა. აქ მხოლოდ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იჯდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ გახარია იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი, აშშ-მ ეგრევე დანიშნა ელჩი.
ვაშინგტონმა ჩათვალა, რომ უკვე საჭიროა საქართველოზე კონტროლი, რათა ის საბოლოოდ არ დაადგეს რუსულ გზას.
_ გახარიას გაპრემიერება რუსულ ორბიტაზე გადასვლას ნიშნავს?
_ დაახლოებით. ის რუსეთის კაცია. არც ვაშინგტონს მოსწონს გახარია და არც გახარიას მოსწონს ვაშინგტონი. ამერიკისგან განსხვავებით, მან ძალიან კარგი კავშირები დაამყარა საფრანგეთთან და გერმანიასთან.
_ გამოდის რომ ამ კაცს ევროპა ჰყვარებია.
_ ტიპი პროევროპელია, მაგრამ დღეს პროევროპელობა აპრიორი პრორუსულობას ნიშნავს.
_ რატომ ნიშნავს პრორუსულობას?
_ იმიტომ რომ ევროპა ისევ რუსულ გაზზეა დამოკიდებული. გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები პირდაპირ პუტინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ.
მთავრობაში განხორციელებული რამდენიმე ცვლილება მაფიქრებინებს, რომ ივანიშვილი აიძულეს გახარია პრემიერად წარედგინა.
_ ვინ აიძულა?
_ მოსკოვმა. ეს ეჭვები მიხეილ სააკაშვილის ცოლის განცხადებამაც გამიმძაფრა. სანდრა რულოვსმა თქვა, რომ რუსეთს ივანიშვილი აღარ სჭირდება და ის შეიძლება მოიშორონ.
არა მგონია რომ ეს მხოლოდ ხმაურიანი განცხადება იყოს, სანდრა რულოვსმა აშკარად რაღაც იცის და ამ საფრთხეს ივანიშვილიც გრძნობს. ის გახარიას კი ნიშნავს პრემიერად, მაგრამ მას ბოლომდე არ ენდობა.
_ რატომ არ ენდობა, რისი ეშინია?
_ ეშინია გახარიამ რუსეთის დავალება არ შეასრულოს.
_ თქვენი აზრით, გახარია ივანიშვილს ჩამოაგდებს?
_ გახარია აშკარად ცივსისხლიანი ადამიანია, მაგრამ თავისი ძალებით ამას ვერ გააკეთებს. მოსკოვს კი „ოცნების“ ლიდერის მოშორება არ გაუჭირდება. კრემლმა ივანიშვილი შეიძლება გახარიას ხელით ჩამოაგდოს.
ივანიშვილი ბოლომდე არავის აღარ ენდობა. გახარიას მიმართ შიში აქვს. მოსალოდნელი გართულებები რომ აიცილოს თავიდან, ამიტომ გაუშვა ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვაში, ვახტანგ გომელაური კი შსს-ში.
ძალოვანი სტრუქტურები თავის ერთგულ ხალხს ჩააბარა. რაღაც გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს, ოცნების“ ლიდერს მათი დახმარების იმედი აქვს.
მე არ ვიცი რას უზამს ივანიშვილს მოსკოვი, მაგრამ დიდი ეჭვები მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნდა. ძალიან მინდა, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდი იყოს, მაგრამ გახარიას გაპრემიერება ამ ეჭვებს კიდევ უფრო მიძლიერებს.
ამასთან არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას გაპრემიერება და ღარიბაშვილის მთავრობაში მობრუნება „ოცნების“ წევრების გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი იყოს. ერთიც და მეორეც ნაცებთან ბრძოლასთან ასოცირდებიან.
ამათ წინ წამოწევის ფონზე, მნიშვნელოვნად დაკნინდა კალაძე. რომელმაც თავის დროზე ნაცებთან დაალაგა. ივანიშვილმა მას მკაცრად უთხრა, რომ პარტიის საქმეებში აღარ ჩაერიოს და დედაქალაქის მერიით დაკავდეს მხოლოდ.
ყველაფერი რამდენიმე თვეში უფრო ნათელი გახდება. რამდენიმე თვეში გავიგებთ, თუ რატომ გახდა გიორგი გახარია პრემიერი.
timer.