ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებულ გირაოს – 40 000 ლარს გადაიხდის. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
„მოკლედ, მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ.
მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.