ახლა სკოლა დაიწყება და ბავშვების სკოლაში გადაყვანა შეუძლებელი გახდება

რუსთავში, სპორტის ქუჩის მცხოვრებლები შიდაკვარტალური ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის შეკეთების სამუშაოები შეჩერებულია და არსებული ინფრასტრუქტურა მათ დისკომფორტს უქმნის. მოსახლეობის ინფორმაციით, მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკული, წვიმიან ამინდში ხდება.

“ახლა სკოლა დაიწყება და ბავშვების სკოლაში გადაყვანა შეუძლებელი გახდება. ვინც ფეხით ვმოძრაობთ გვიწევს ბახილებით და ცელოფნებით ფეხებაკრული სიარული. ელემენტარულად გაასწორონ მაინც. ორი დღე გადაბმულად წვიმა და აქ ვეღარ გაივლი”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბრალდებებს რუსთავის მერიაში უპასუხეს.

“ხელშეკრულება შეჩერდა 21 ივნისს, იმიტომ რომ კომპანია ვერ ასრულებდა ვადებში სამუშაოებს. ამის შემდეგ მოხდა თუ არა ინვენტარიზაცია და დოკუმენტების დაზუსტება 26 ივლისს გამოცხადდა ახალი ტენდერი, სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიამ წარმოადგინა ყველაზე დაბალი ფასი, მაგრამ დოკუმენტაცია ქონდათ არასრულყოფილად წარმოდგენილი და არ გაუფორმდა ხელშეკრულება. ამის შემდეგ, 16 აგვისტოს, ისევ გამოცხადდა ახალი ტენდერი, ხვალ იწურება ვადა და წარმოვადგენთ ახალ კომპანიას, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს”- განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.

RUSTAVI